18-20 ოქტომბერს, თბილისში, „ნიუ ჰოსპიტალსის“, „საქართველოს სისხლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის (GBMTA)“, „ევროპის ჰემატოლოგიის ასოციაციის“ (EHA) და „სომხეთის ჰემატოლოგიის ასოციაციის“ (AHA) ორგანიზებით ჰემატოლოგიის საერთაშორისო კონგრესი, EHA-GBMTA-AHA Hematology Tutorial გაიმართა.
სამდღიან საერთაშორისო კონგრესს სასწავლო ფორმატი ჰქონდა. კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა ჰემატოლოგებმა და ექსპერტებმა ჰემატოლოგიის დარგში არსებულ გამოწვევებსა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე ისაუბრეს. ღონისძიება, პრეზენტაციებთან ერთად, ინტერაქციულ ლექციებსა და რეალური პაციენტების გამორჩეული და ინოვაციური მკურნალობის მეთოდების განხილვას მოიცავდა.
კონგრესი „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, „საქართველოს სისხლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის პრეზიდენტმა“, თამარ კვაჭაძემ გახსნა.
„საქართველოში საერთაშორისო სასწავლო კონგრესი „ევროპის ჰემატოლოგიის ასოციაციის“ ეგიდით პირველად ჩატარდა. მისი მასპინძელი გახლავთ „საქართველოს სისხლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაცია (GBMTA)“ სომეხ კოლეგებთან ერთად. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის თბილისში ონკო-ჰემატოლოგიისა და ტრანსპლანტოლოგიის დარგის წამყვანი სპეციალისტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. EHA-GBMTA-AHA Hematology Tutorial პირველი საერთაშორისო კონგრესია, რომელიც აკრედიტებულია ჰემატოლოგიის აკრედიტაციის ევროპული საბჭოს, CME-ის მიერ. „საქართველოს სისხლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაცია“ „ევროპის ჰემატოლოგიის ასოციაციის“ წევრია. საქართველო ჯერ ევროკავშირის წევრი ქვეყანა არაა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ევროპის ჰემატოლოგთა ასოციაციამ“ ჩვენი ქვეყანა მიიღო, როგორც თანაბარი წევრი. ევროპიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა ჩაატარეს ლექციები, ქართველმა და სომეხმა ონკო-ჰემატოლოგებმა კი საკუთარი გამოცდილების შესახებ გაუზიარეს ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას. მინდა გითხრათ, რომ მონაწილეებს შორის ქართველ და სომეხ ექიმებთან ერთად იყვნენ ჩამოსული სტუმრები ინგლისიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.“, - განაცხადა თამარ კვაჭაძემ.
სამდღიანი საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა ჰემატოლოგიის ახალი ასპექტების და ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკური და სამკურნალო მეთოდების შესახებ დამსწრე აუდიტორიას საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება გაუზიარეს. სპიკერებს შორის გახლდათ მოწვეული სპეციალისტი იტალიიდან, ჯანლუკა გაიდანო, რომელმაც მონაწილეებს ონკო-ჰემატოლოგიის დარგში არსებული თანამდეროვე მიდგომები გაუზიარა.
„მოხარული ვარ, რომ ქართველ კოლეგებთან ერთად ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მივიღე მონაწილეობა. მონაწილეებს ჩემი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარე. ძირითადად ვისაუბრეთ დარგში არსებულ სიახლეებზე, რათა უკეთ დავეხმაროთ ლიმფომითა და ლეიკემიით დაავადებულ პაციენტებს. ჩვენ ბევრს ვსწავლობთ ერთმანეთისგან, რაც, რა თქმა უნდა, სფეროს განვითარებაზე აისახება,“ - განაცხადა ჯანლუკა გაიდანომ.
EHA-GBMTA-AHA Hematology Tutorial-მა ჰემატოლოგები, ბიოსამედიცინო მეცნიერები, ექთნები და ლაბორატორიის სპეციალისტები გააერთიანა და შესაძლებლობა მისცა, საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით გაეღრმავებინათ ცოდნა და გამოცდილება დროული დიაგნოსტიკისა და ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების მართვის შესახებ.
ჰემატოლოგიის საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა ,,ნიუ ჰოსპიტალსის’’ ორგანიზებითა და სპონსორობით, ,,ეგის ფარმაცევტიკალსის’’ საქართველოს წარმომადგენლობის, ფარმაცევტული კომპანია ,,ზანდრას’’ საქართველოს წარმომადგენლობისა და ,,როშ ჯორჯიას’’ სპონსორობით.
R