"ფოლადის ფრთები“ ყველაზე რეალისტური ფანტაზიაა“ - გაიცანით ელენე კუპრაშვილი, რომელიც კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024“ ხალხის რჩეული გახდა

"ფოლადის ფრთები“ ყველაზე რეალისტური ფანტაზიაა“ - გაიცანით ელენე კუპრაშვილი, რომელიც კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024“ ხალხის რჩეული გახდა

„ბავშვობაში ვინმეს რომ ეთქვა, რომანს დაწერ და წიგნად გამოიცემაო, გულიანად გამეცინებოდა და ალბათ არც დავიჯერებდი“ - გვიყვება ელენე კუპრაშვილი, რომელიც კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024“ გამარჯვებულია და მისი წიგნი ახლახან გამოიცა. ელენე 35 წლისაა, დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში. ამჟამად არის სადაზღვევო კომპანია „არდის“ ხარისხის მართვის ოფისის უფროსი მენეჯერი და კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი. ცხოვრობს თბილისში, მეუღლესა და ორ შვილთან ერთად. წერა კი მხოლოდ რამდენიმე წლის წინ დაიწყო.

საკუთარი თავისა და რომანის შესახებ ელენე კუპრაშვილი თავად გვესაუბრება.

ელენე, მოგვიყევით თქვენ შესახებ

მყავს მეუღლე და ორი შვილი. ყველაზე დიდ მიღწევად სწორედ ჩემს მოსიყვარულე ოჯახს მივიჩნევ, რომელიც აქტიურად მიდგას მხარში ყველა წამოწყებაში. ოცნებებით დიდად თავს არ ვიქცევ. მეტად აქტიურად გეგმებს ვაწყობ ხოლმე და იმ ნაბიჯების ვიზუალიზაციას ვაკეთებ, რამაც საწადელამდე უნდა მიმიყვანოს.

წერა საკმაოდ დიდ ასაკში დაიწყეთ. რამ გადაგაწყვეტინათ ამ ნაბიჯის გადადგმა?

არასდროს მქონია გეგმა რაიმე დამეწერა. ისე მივუყვებოდი ჩემს თავშესაქცევ ცხოვრებას, რომ იშვიათად გამჩენია სურვილი ჩემი დარდი თუ სიხარული ქაღალდზე აღმეწერა. მჯეროდა, რომ შემოქმედებითობა არ იყო საჩემო რამ. მაგრამ ერთხელაც, ჩემთვისაც მოულოდნელად მესტუმრა მუზა და ყველასთვის შეუმჩნევლად „ფოლადის ფრთებიც“ დაიბადა.

ბავშვობაში ფიქრობდით თუ არა, რომ ოდესმე რომანს დაწერდით?

ბავშვობაში რომ ვინმეს ეთქვა რომანს დაწერ და წიგნად გამოიცემაო, გულიანად გამეცინებოდა და ალბათ არც დავიჯერებდი.

რას გრძნობთ როდესაც წერთ? რატომაა ეს პროცესი თქვენთვის საინტერესო?

ნაწარმოებზე მუშაობის პროცესმა ლამის დამოკიდებულების ფორმა მიიღო. გონება წერას მოითხოვდა. ან ვწერდი, ან ყოველ თავისუფალ მომენტში ვფიქრობდი მომდევნო ნაწილზე. გარდა იმისა, რომ უშუალოდ პროცესში იშლებოდა ისტორიის მომდევნო ეპიზოდები, რაც თავისთავად უზომოდ საინტერესოა, ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ წერაც ბედნიერების ერთ-ერთი სახე ყოფილა.

მოგვიყევით რომანის შესახებ... რატომ მითოლოგია? რა იყო ის მთავარი სათქმელი, რისი თქმაც მკითხველისთვის გსურდათ?

„ფოლადის ფრთებს“ ყველაზე რეალისტურ ფანტაზიას ვუწოდებ ხოლმე. ჩემი მიზანი არ ყოფილა ნაწარმოებში ისტორიის შელამაზება, პირიქით. მოურიდებლად, დეტალურად და დაუფარავად აღვწერ მათ ყოველდღიურობას, ამ ერის გენიალური და ნაწილობრივ შემზარავი ჩვეულებებით, ადათ-წესებით და ტრადიციებით. ნაწარმოები დაწერილია იმ დაშვებით, რომ მათი რწმენები, მათ შორის, მითოლოგიური ღმერთები სინამდვილეა. სანამ ქედმაღალი, ცინიკოსი ღმერთები სეირობენ მთავარი პერსონაჟების ტრაგედიით, ბედისწერა ადამიანობის არსის გამოცდას აწყობს. ბევრი რამ გადაგხდება და გადაივლის, მათ შორის, განსაცდელიც. საქმე ისაა, როგორ ადამიანებად დავრჩებით. სწორედ ეს გასდევს ნაწარმოებს ერთ-ერთ მთავარ ხაზად.

რატომ გადაწყვიტეთ კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“ მონაწილეობა? როგორი მოლოდინი გქონდათ?

კონკურსში მონაწილეობაც ექსპრომტად მიღებული გადაწყვეტილება იყო და ვფიქრობ, რეგისტრაციაც ყველაზე ბოლომ გავიარე. პალიტრა L-ის კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ ქართულ რეალობაში ალბათ ერთადერთი და ამავდროულად, არაჩვეულებრივი გზამკვლევი აღმოჩნდა ისეთი დამწყები ავტორისთვის, როგორიც მე ვარ. წარმოდგენაც არ მქონდა როგორ ხდება გამომცემლებთან ურთიერთობა, როგორ იბეჭდება წიგნი და ა.შ. ამისთვის, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გამომცემლობა „პალიტრა L-ს“. მქონდა მოლოდინი, რომ მივიღებდი კვალიფიციურ და ობიექტურ შეფასებებს ჩემს ნაწარმოებზე. ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ მკითხველის რჩეული გავხდებოდი, რადგან კონკურსის თაობაზე ინფორმაციის გაზიარება იყო ის პირველი სიგნალი, რითაც ჩემმა მეგობრებმა, ახლობლებმა და ნათესავებმა შეიტყვეს, რომ მე წიგნი დავწერე. ალბათ, ამ მოულოდნელობის ეფექტსაც უნდა ვუმადლოდე ჩემს გამარჯვებას. აქვე ვისარგებლებ საშუალებით და მადლობას გადავუხდი იმ ათასობით გულშემატკივარს, რომლებიც ასე ერთგულად მედგნენ გვერდში მთელი კონკურსის მანძილზე და დაუღლელად იბრძოდნენ ამ წარმატებისთვის ჩემ გვერდით და ჩემ ნაცვლად. კონკურსში გამარჯვებისა და მენტორთან ერთად წიგნზე მუშაობის დროს, მქონდა საკმაოდ მკაცრი მიდგომის მოლოდინი, რაც არ გამართლდა. პირიქით, ჩემი მენტორი სვეტა კვარაცხელია არის ფანტასტიკური ადამიანი და მისი საქმის პროფესიონალი. მასთან მუშაობის ყოველ ნაბიჯზე იკითხებოდა ინტერესი და ზრუნვა ჩემს, როგორც ავტორის, განვითარებაზე.

რომანი საკონკურსოდ დაწერეთ თუ დაწერილი გქონდა? რა გახდა მისი დაწერის ინსპირაცია?

„ფოლადის ფრთები“ კონკურსისგან დამოუკიდებლად ჯერ კიდევ განაცხადის შეტანამდე დაიწერა. რაც შეეხება ინსპირაციას, მიყვარს ისტორიული მოვლენების მოძიება. როცა რაღაც განსაკუთრებულად დამაინტერესებს, ვცდილობ, რაც შეიძლება სიღრმისეულად შევისწავლო. ფოენიციური ისტორია და პუნიკური ომებიც ერთ-ერთი მოულოდნელი და ფრიად ჩამთრევი აღმოჩენა იყო. სამწუხაროდ, ისტორიამ ბევრი რამ ვერ შემოგვინახა კართაგენზე, ამიტომაც გამიჩნდა სურვილი სწორედ ამ სიცარიელეებში ჩამესვა ჩემი ფანტაზიის ნაწილი, რომელიც ისტორიულ მოვლენათა ხაზს არ დაარღვევდა.

რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში კონკურსში გამარჯვებამ?

ნაწარმოების დაწერა, რაღაც წილად სულიერი ექსჰიბიციონიზმია. ამიტომაც, ალბათ ჩემთვის ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც ჩემი პიროვნების უფრო სიღრმისეული ხედვა მისცა.

სამომავლოდ აპირებთ თუ არა წერის გაგრძელებას?

წერის გაგრძელება ამ გადმოსახედიდან გარდაუვალ პროცესად მესახება. ამ მომენტისთვის ორი სიუჟეტი მაფიქრებს და დიდი ალბათობით, მალე დავიწყებ ერთ-ერთისთვის ხორცის შესხმას. შეკითხვა იმაში მდგომარეობს, წერას განვაგრძობ ფართო საზოგადოებისთვის, თუ მხოლოდ ჩემთვის. ყველაფერი კი იმაზეა დამოკიდებული, მკითხველი როგორ მიიღებს და შეაფასებს ჩემს დებიუტს „ფოლადის ფრთებს“.

R