ავტორი:

"ბედნიერი ვარ, რომ მიუხედავად ჩემი ასაკისა, ბავშვები კვლავ ჩემთან მოჰყავთ, ისევ მანდობენ" - "ნაკადულების" 55-წლიანი ისტორია და ქორეოგრაფი, რომელიც თიანეთის სახედ იქცა

"ბედნიერი ვარ, რომ მიუხედავად ჩემი ასაკისა, ბავშვები კვლავ ჩემთან მოჰყავთ, ისევ მანდობენ" - "ნაკადულების" 55-წლიანი ისტორია და ქორეოგრაფი, რომელიც თიანეთის სახედ იქცა

ბევრჯერ მითქვამს, რომ თიანეთი და ფშავი ბავშვობიდან გამორჩეულად შევიყვარე, მირზა გელოვანისა და ხვარამზეს ლექსებით, მოგვიანებით კი - პირადადაც გავიცანი. დღეს იქაურობა და მისი ხალხი ჩემთვის ძალიან მშობლიურია. ამისთვის კი უპირველესად ჩემს დიდი ხნის მეგობარს, ქეთევან შარმიაშვილს ვემადლიერები, ოდესღაც სიმღერამ და მისმა სიმღერის ანსამბლმა - "სიონის ზარებმა“ რომ შემახვედრა, პირველ ადამიანს, ვინც ფშავი, თიანეთელები და სიონი გამაცნო. იქიდან მოყოლებული, ამ კუთხის დიდი გულშემატკივარი ვარ.

12 ოქტომბერს თიანეთის კულტურის სახლში დიდი ზეიმი ჰქონდათ - ქორეოგრაფიულ ანსამბლ "ნაკადულებს“ 55 წელი შეუსრულდა. ეს ანსამბლი წლების წინ გავიცანი, მის დამაარსებელსაც კარგად ვიცნობდი, მთის ხალხისთვის დამახასიათებელი სიტყვაძუნწობით გამორჩეულ მამაკაცს, შესანიშნავ ქორეოგრაფ სპარტაკ გუშარაშვილის, რომელსაც ხშირად შევხვედრივარ თიანეთის კულტურის სახლში. სამწუხაროდ, ბატონი სპარტაკი გარდაიცვალა, "ნაკადულებს“ კი ამჟამად მისი უსათნოესი მეუღლე - ქალბატონი ნანა მენთეშაშვილი და რძალი - ნანა ხარანაული ხელმძღვანელობენ.

55 წელიწადი ჩვენი პატარა ქვეყნის ანსამბლისთვის ცოტა ნამდვილად არ არის, მით უფრო, რომ შევიტყვე, საქართველოს რეგიონებში ამ ასაკის ქორეოგრაფიული ანსამბლი არც არსად გვხვდება. ამიტომაც დავინტერესდი, როგორ გაიარა "ნაკადულებისთვის“ ამ 55-მა წელმა და რა კვალი დატოვა ხელმძღვანელების, ანსამბლის თაობების და თიანეთის ცხოვრებაში. - კვალი როგორ არ დატოვაო, - მომიგო ქალბატონმა ნანა მენთეშაშვილმა და თიანეთურ დღესასწაულზეც მიამბო:

- თუნდაც ახლა, იუბილეზე, ძველი თაობის მოცეკვავეები მოვიდნენ და ჩვენს დღესასწაულში მიიღეს მონაწილეობა, ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ 1967 წელს დადიოდა ანსამბლში, 1975 და 80-იან წლებში დადიოდნენ ჩვენთან. ბევრიც ვერ მოვიდა, რადგან ანსამბლის სხვადასხვა თაობის წევრებიდან უმრავლესობა დღეს ემიგრანტია, ზოგიერთი საქართველოშია, მაგრამ სამსახურის გამო ვერ მოახერხა ჩამოსვლა. თუმცა ერთი გოგონა, სოფო პატარაშვილი, იუბილეს ამბავი რომ გაიგო, მაგალითად, ამერიკიდან ჩამოვიდა. ძალიან გულიანი გოგონაა, ცეკვა "ქართულის“ სოლისტი იყო. საიუბილეო კონცერტზე ანსამბლის ყოფილმა წევრმა და დღეს უკვე ჩვენმა კოლეგამ ოლეგ ხარანაულმა სცენაზე "ქართული“ რომ იცეკვა, რომ იტყვიან, დარბაზი "დაინგრა“.

ჩვენ ძალიან ნიჭიერი მოცეკვავეები გვყავდნენ, მაგალითად, ნინო აქიმიშვილი. მასზე სპარტაკი იტყოდა ხოლმე, "ქართულის“ ასეთი მოცეკვავე არ გვყოლიაო, მართლაც "სულით მოცეკვავე“ იყო. კონცერტის მიმდინარეობისას კვიპროსიდან ჩაგვერთო ერთ დროს ანსამბლის წევრი, "ყაზბეგურის“ შეუდარებელი მოცეკვავე დათო ბიჩინაშვილი, მოგვილოცა, მოგვესიყვარულა და მის გამოჩენას დიდი ემოციაც მოჰყვა.

  • "ნაკადულების“ ცხოვრების 55-წლიანი ამბავი

- რა თქმა უნდა, ეს წლები ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. თავიდან ძალიან მძიმე პირობებში ვმუშაობდით, დოლიც კი არ გვქონდა და სპარტაკი სკამზე უკრავდა; მუსიკოსები არ გვყავდა და რომელიმე ფესტივალზე ან კონცერტზე რომ უნდა გავსულიყავით, სადაც კონცერტი იმართებოდა, წინასწარ უნდა მოგვეძებნა მუსიკოსები, ერთი რეპეტიცია მაინც რომ გაგვევლო. მიუხედავად ამისა, ყოველთვის წარმატებით გამოვდიოდით და არასდროს შევრცხვენილვართ.

სპარტაკი თავის საქმისადმი უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდა. თუ ცეკვა არ მოეწონებოდა, სცენაზე არაფრით გაიტანდა. ახლა რომ ვუყურებ, ძალიან ვეწინააღმდეგები, 2-3 თვეში რომ დააყენებენ ხოლმე მოცეკვავეებს სცენაზე.

ასე გაიარა ანსამბლის 55-მა წელმა, ურთიერთშეთანხმებით, თუმცა ხანდახან ვკამათობდით კიდეც - კოლეგებისთვის ეს უცხო არ არის. ცეკვის დადგმის დროსაც კი გვიკამათია, ცეკვის და მოცეკვავეების შერჩევისასაც, თუმცა უპირატესობა მაინც სპარტაკის მხარეს იყო ხოლმე. ანსამბლში ჩვენი სამი შვილიც გვყავდა, მაგრამ, გეფიცებით, არცერთს სოლო არ უცეკვია. სპარტაკი ასეთი იყო - არასდროს გადაუხვევდა თავის სიმართლეს და ობიექტურობას. ოჯახის წევრობით არასდროს არავინ შეურჩევია.

გულწრფელად გეუბნებით, ჩავარდნა არასდროს გვქონია. ჩვენი სავიზიტო ბარათი იყო ჩვენივე კუთხის ცეკვა "ფშაური“. სახალხო დღესასწაულებზე, იხინჭობა იქნებოდა თუ კიდევ სხვა, სპარტაკი ასაკოვანი მოცეკვავეების ილეთებს აკვირდებოდა, იმახსოვრებდა და შინ დაბრუნებული, თავისებურად დაამუშავებდა ხოლმე. მაგალითად, ეს ცეკვა თუნგებით პირველმა სპარტაკმა დადგა. სწორედ მისი დამუშავებული ილეთებით ვართ წარმატებულები. მოგვიანებით სპარტაკი იტყოდა ხოლმე, 50 წელია, ეს ცეკვა სცენიდან არ "ჩამოსულაო“. სადაც კი გამოვდიოდით, საკუთარ კუთხეს ყველგან ამ ცეკვით წარმოვადგენდით. მაშინ ფესტივალებზე მეც ვცეკვავდი, ახალგაზრდა ვიყავი და... მახსოვს, მერე ჩემს მასწავლებელს - ავთანდილ ქავთარაძეს ვეკითხებოდი, ძალიან განვსხვავდებოდი ჩემი გოგონებისგან-მეთქი? და ისიც მამშვიდებდა, არა, შვილო, რას ამბობო?! სხვათა შორის, სპარტაკის საცეკვაო ილეთები ბევრმა გადაიღო თავის დადგმაში.

  • სპარტაკის გარეშე

- სპარტაკი 2021 წლის ივნისში გარდაიცვალა, გული მტკივა, ჩვენს 55 წლის იუბილეს რომ ვერ მოესწრო. დღემდე ძალიან მიძნელდება მის გარეშე ცხოვრება. ძალიან საინტერესოდ ვიცხოვრეთ და დღესაც ისეთივე შემართება და მიზანი მაქვს, ვიცი, მეორე დღეს ბავშვებთან უნდა წავიდე და ეს დიდ სიხარულს მანიჭებს. ეს რომ არ იყოს, სპარტაკის გარეშე, ალბათ, გული გამისკდებოდა...

გასულ ნოემბერსა თუ დეკემბერში მე და ჩემი რძალი, ქორეოგრაფი ნანა ხარანაული საქართველოს ფოლკლორის ცენტრში გამოგვიძახეს, სხვადასხვა კუთხიდანაც ჩამოეყვანათ ქორეოგრაფები, პროფესორი უჩა დვალიშვილი გვესწრებოდა და იქ ჩავატარეთ ფშაური ცეკვის მასტერკლასი, რამაც ძალიან წარმატებით ჩაიარა. საზღვარგარეთაც გვქონია გასტროლები. ბულგარეთის ერთ კურიოზულ ამბავს გავიხსენებ: ჩვენს გოგონებს "სამაია“ უნდა ეცეკვათ. ამ ცეკვისთვის სპარტაკს გამორჩეულად კარგი გოგონები ჰყავდა შერჩეული - ლამაზები და კდემამოსილები. სამი გოგონა უკვე სცენაზე იდგა, მუსიკოსებმა "სამაიას“ ნაცვლად, შეცდომით, "ოსურის“ მელოდიის დაკვრა რომ დაიწყეს, არადა, ვერც გააჩერებდი. სპარტაკი კინაღამ გადაირია და სადღაც გადაიკარგა. წარმოიდგინეთ, ისე იცეკვეს ჩვენმა გოგონებმა ამ ოსურ მუსიკაზე, ჩვენს მეტს არავის არაფერი გაუგია. მერე სპარტაკი სულ გულში იხუტებდა სამივე გოგონას, - თქვენ გენაცვალეთო. ახლახან, ჩვენს საიუბილეო ღონისძიებაზე ეს კურიოზი თიანეთის კულტურის სახლის პედაგოგმა, მომღერალმა, დირიჟორმა, და ანსამბლ "სიონის ზარების“ ხელმძღვანელმა ქეთევან შარმიაშვილმაც გაიხსენა.

კიდევ ერთ ამბავს გეტყვით: 1976 წელი იყო, ტრანსპორტი და საწვავი ჭირდა. ჩვენი რაიონის მკვიდრმა და ანსამბლ "ხერთვისის“ ხელმძღვანელმა, აწ გარდაცვლილმა ჯემალ სამხარაულმა გვითხრა, 10 წლის იუბილე გვაქვს, ქალბატონი ნინო რამიშვილიც გვესწრება და თქვენც ჩამოდითო. ძალიან კარგი თაობა და ჯგუფი გვყავდა და, რა თქმა უნდა, ჩვენი კუთხის ცეკვა უნდა წაგვეღო. წასვლაზე რომ მიდგა საქმე, ტრანსპორტს ვეღარ ვშოულობდით, ჩანთებით გამზადებულები, ყველანი კულტურის სახლთან ვიდექით. ამ დროს გამოიარა მძღოლმა გოდერძიმ, სოფლის პატარა ავტობუსით. დავუძახე და ავუხსენი ჩვენი ამბავი, ბენზინს ჩაგისხამთ, ოღონდ წაგვიყვანე-თქო. სპარტაკი მეგობართან ერთად უკვე წასულიყო. ბავშვებმა ფორმები ავტობუსშივე ჩაიცვეს, მაგრამ ადგილზე რომ მივედით, ძალიან დაგვიანებულები ვიყავით და ორგანიზატორებმა გამოსვლაზე უარი გვითხრეს, მაგრამ დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ დავიყოლიეთ. არადა, რეპეტიციაც კი ვერ მოვასწარით. კულისში მდგომ სპარტაკს ნერვიულობისაგან სანთლის ფერი ედო. ისე იცეკვეს ჩვენმა ბავშვებმა, რომ ყველა აღფრთოვანებული დარჩა. ჩვენც ბედნიერები ვიყავით.

  • ანსამბლის ყველაზე წარმატებული გამოსვლა

- მახსოვს, იმჟამინდელ თბილისის პიონერთა სასახლეში საკონცერტოდ ჯგუფებს არჩევდნენ და ჟიურიში ბატონი ილიკო სუხიშვილი იჯდა. ჩვენმა ანსამბლმა "ფშაური“ შეასრულა და სუხიშვილმა მაშინვე ხუთიანები დაგვიწერა. რა თქმა უნდა, დასკვნით ღონისძიებაზეც გავედით, თანაც დიდი წარმატებით - 14 ოქროს მედალი გადმოგვცეს: 12 ბავშვებს, ერთი მე და სპარტაკს და ერთიც - ჩვენს კულტურის სამსახურს.

კომპოზიტორი იაკობ ბობოხიძე რომ შემოგვიერთდა, თავის ქალიშვილ მაიასთან ერთად, ჩვენმა ანსამბლმა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სტატუსი მიიღო. საზღვარგარეთაც გვქონდა გასტროლი, "სანიმუშო სახალხო ანსამბლის“ წოდებაც მოგვანიჭეს და ღირსების მედალიც მივიღეთ. კიდევ გამახსენდა, ოპერისა და ბალეტის თეატრში ტარდებოდა ფესტივალი და სპარტაკმა და იაკობ ბობოხიძემ გადაწყვიტეს, ამჯერად სცენაზე სხვა ცეკვები გაეტანათ. იმხანად კულტურის მინისტრი ოთარ თაქთაქიშვილი იყო. სპარტაკმა ორი ცეკვა გააკეთა: ერთი "სამაიას“ სტილში და მეორე - ქალ-ვაჟთა მთიულური. ღონისძიება რომ დამთავრდა, ბობოხიძე მოვიდა სპარტაკთან და უთხრა, თაქთაქიშვილმა მოიკითხა, ცეკვა "ფშაური“ რატომ არ აქვთო? წარმოიდგინეთ, მინისტრმა ის ორი ცეკვა არაფრად ჩააგდო და მაინცდამაინც "ფშაური“ მოიკითხა. ისევ გავიმეორებ, რომ ასე შემორჩა "ნაკადულებს“ სავიზიტო ბარათად "ფშაური“.

  • სად წაუვიდა წუთისოფელი? - საღამო, რომელიც არავის დაავიწყდება

- ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ. მთაში იტყვიან ხოლმე, სად წაუვიდა წუთისოფელიო? არაფერი მნიშვნელოვანი და დიდებული არ გვაქვს, მაგრამ ყოველი ფესტივალის დამთავრების შემდეგ, შინისკენ რომ მოვდიოდით, ყველაფერი მატერიალური უკან რჩებოდა და მხოლოდ უდიდეს ბედნიერებას ვგრძნობდი.

ამ საიუბილეო კონცერტმა, გარდა იმისა, რომ საკმაოდ ასაკოვანი თარიღის - 55-წლიანი იუბილეს აღმნიშვნელი იყო, მაყურებელს ძალიან დაამახსოვრდებოდა თავი.

იმ საღამოს ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე კახაბერ მარკოიშვილიც ესწრებოდა. მანამდე ყველა რაიონში გაუკითხავს ქორეოგრაფიული ანსამბლების ასაკი და განაცხადა კიდეც, რომ ერთი 50 წლის ანსამბლი ყოფილა გურიაში, მაგრამ თქვენი "ნაკადულებია“ ყველაზე ასაკოვანი - 55 წელს რომ ითვლისო.

ეს საღამო ბევრი რამით დაგვრჩა სამახსოვროდ - ანსამბლის ძველი თაობის მოცეკვავეები მოვიდნენ. მაგალითად, მოვიდა ჩემი მოსწავლე, რომლის გარდაცვლილი მამაც ჩვენი მოსწავლე იყო; მოვიდა ივერ ბაღიაშვილი, ჩვენი ანსამბლის პირველი ლაურეატი, მისი ქალიშვილიც მოვიდა - ნაზობროლა ბაღიაშვილი და იცეკვა, მოვიდა ნაზიბროლას შვილი თინათინი და მისი პირველკლასელი შვილი, რომელიც ახლა მოიყვანეს ჩვენს სტუდიაში - წარმოგიდგენიათ, ოჯახის 4 თაობის "ნაკადულელები“ შეიკრიბნენ?! სხვა ოჯახებიდანაც გვეწვივნენ, რომელთა პაპები ან პაპიდები ჩვენთან ცეკვავდნენ, დღეს ისინი გარდაცვლილები არიან, ხოლო მათი შთამომავალი საიუბილეო კონცერტზე ცეკვავდა. მართლაც ძალიან ემოციური ღონისძიება გამოგვივიდა. ბედნიერი ვიყავი, რომ სპარტაკი გაიხსენეს, ჩვენი ურთიერთობები არ დავიწყნიათ, ბედნიერი ვარ, რომ მიუხედავად ჩემი ასაკისა, თავისი ბავშვები კვლავ ჩემთან მოჰყავთ, ისევ მანდობენ - ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

- სამაგიეროდ, რძალი - ნანა ხარანაული გყავთ ახალგაზრდა და ძალიან ენერგიული...

- სწორედ მასზე მინდოდა მეთქვა: ნანა მართლაც ძალიან კარგი მყავს, ძალიან ყოჩაღი და მისი დიდი იმედი მაქვს.

წარმოგიდგენია, მეც კი მაცეკვეს სცენაზე - რამდენიმე სიტყვის სათქმელად ავედი, ამ დროს თანამშრომელი გამოვიდა, ხელიდან ფურცელი გამომართვა და უცებ "ოთხი დოლის“ ხმაც ჩამესმა. მივხვდი, რასაც ნიშნავდა. უცებ ჩემი ყოფილი მოსწავლე ოლეგ ხარანაული წამოვიდა ცეკვით და პატარა ბავშვივით კულისებში ხომ არ გავიქცეოდი? ჰოდა, სცენაზე წავიცეკვე კიდეც!

ამაზე მნიშვნელოვანი, სასიხარულო და საამაყო რა უნდა იყოს, რომ სპარტაკის დაწყებული საქმე გრძელდება, საოჯახო თაობების კავშირი არ ირღვევა და კვალი არ იკარგება. რომ არა სპარტაკი, დღეს "ნაკადულები“ და მე, ასეთი წარმატებული არ ვიქნებოდით. სწორედ სპარტაკი იყო ჩემი დიდი მასწავლებელი.

მისი ხსოვნა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, მისი საქმის სიცოცხლეს ნიშნავს - აბა, სხვა რა უნდა ყოფილიყო, კონცერტის შემდეგ მაყურებელი რომ მოდიოდა, მეფერებოდა და ამბობდა, დარბაზში ვტიროდითო?!

იხილეთ ასევე:

ავტორი: ირმა ხარშილაძე