"არასდროს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია პოლიტიკოსისთვის, მაგრამ ამ გარეწართან[გიორგი გახარია], ამასთან რომ დგანან, ამის გვერდით, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტია "გახარია საქართველოსთვის“ წევრებზე საუბრისას განაცხადა.
"ისევ დავუბრუნდები ამ ჩემს მოუშუშებელ ჭრილობას - აი, გახარიას პარტიის წევრები. არასდროს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია პოლიტიკოსისთვის, მაგრამ ამ გარეწართან, ამასთან რომ დგანან, ამის გვერდით, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ. რა თქმა უნდა, შავით თეთრზე დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას აკეთებდა, რისთვის აკეთებდა, "ნაციონალური მოძრაობის“ მოყვანას როგორ ეხმარებოდა და ეხმარება დღესაც და რა კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ საქართველო მეორე დღესვე ომში უნდა ჩართოს, სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული, რა თქმა უნდა, ამათ მოუწევთ პასუხისგება და მკაცრი პასუხისგება, მასაც და მისი პარტიის წევრებსაც. უფრო მეტი გაღიზიანება მათზე მაქვს, ისინი "ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ, უმრავლესობა და ჩვენი მანდატით შემოვიდნენ პარლამენტში.
დღეს რომ თავს იდებილებენ და იმეორებენ "ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ერთი-ერთზე და უარესზეც გადადიან ზოგჯერ, რა თქმა უნდა ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა