ავტორი:

"ვუთხარი, ვლადიმერ, თუ უკრაინაში შეიჭრები, ისე ძლიერად დაგარტყამ, ვერც დაიჯერებ, მაგ გუმბათებს მოგაძრობ" - რას ჰყვება დონალდ ტრამპი პუტინთან საუბარზე და რას პასუხობენ კრემლში

"ვუთხარი, ვლადიმერ, თუ უკრაინაში შეიჭრები, ისე ძლიერად დაგარტყამ, ვერც დაიჯერებ, მაგ გუმბათებს მოგაძრობ" - რას ჰყვება დონალდ ტრამპი პუტინთან საუბარზე და რას პასუხობენ კრემლში

"თუ უკრაინაში შეიჭრები, მე ისე ძლიერად დაგარტყამ, ვერც კი დაიჯერებ. პირდაპირ მოსკოვის ცენტრს დავარტყამ", - აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის თქმით, სწორედ ასე მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ერთ-ერთი საუბრის დროს. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა Wall Street Journal-თან განაცხადა.

"ვლადიმერ პუტინმა იცის, როგორი გიჟი ვარ, ვუთხარი მას, ვლადიმერ, ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს". ის სხვანაირი პერსონაჟია, სხვებისგან ბევრად განსხვავებული. კარგად ვიცნობ.

  • ვუთხარი, ვლადიმერ, თუ უკრაინაში შეიჭრები, მე ისე ძლიერად დაგარტყამ, ვერც კი დაიჯერებ. პირდაპირ მოსკოვის ცენტრს დავარტყამ. ვუთხარი: ჩვენ მეგობრები ვართ და არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ სხვა გზა არ დამრჩება, ისე მაგრად დაგარტყამ, რომ ამ გუმბათებს თავიდან მოგხსნი. როგორც იცით, ის გუმბათების ქვეშ ცხოვრობს", - ამბობს დონალდ ტრამპი Wall Street Journal-თან და როგორც ჩანს, გულისხმობს კრემლს.

როგორც აშშ-ის ექსპრეზიდენტი ამბობს, პუტინის პასუხი ასეთი იყო - "არავითარ შემთხვევაში".

  • ტრამპის ამ განცხადებას კრემლში დიმიტრი პესკოვმა უპასუხა. მისი თქმით, კრემლში ამჯობინებენ, რომ არ გაასაჯაროონ უმაღლეს დონეზე გამართული საუბრის შინაარსი.

"ჩვენ მაინც გვირჩევნია პასუხისმგებლობიანი პოზიცია გვქონდეს და არ გავასაჯაროოთ უმაღლეს დონეზე გამართული საუბრის შინაარსი. სამწუხაროდ, ზოგიერთი ლიდერი არ იცავს ინფორმაციის "ჰიგიენას". კარგით, ეს მათ სინდისზეა", - ასე უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტების მიერ აღნიშნულ თემაზე დასმულ კითხვას.