სწორი ნაწლავის ირგვლივ არსებული ქსოვილის მწვავე დაავადება პარაპროქტიტი პაციენტებს მოუგვარებელ პრობლემად ეჩვენებათ. ამასთან, დაგვიანებული დიაგნოსტიკის გამო მკურნალობა ხშირად მხოლოდ ქირურგიული მეთოდებით არის შესაძლებელი, მაშინ, როცა პარაპროქტიტის დროულად აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლებელია, სრულად აღმოიფხვრას ის.
უფრო დეტალურად, რა დაავადებაა პარაპროქტიტი და როდის უნდა მივმართოთ ექიმს, „ნიუ-ჰოსპიტალსის“ ზოგადი ქირურგი, პროქტოლოგი ლევან გულუა საუბრობს:
რა არის პარაპროქტიტი და რა ფორმებით ვლინდება ის?
პარაპროქტიტი არის სწორი ნაწლავის ირგვლივ არსებული ცხიმოვან-შემაერთებელი ქსოვილის ჩირქოვან-ანთებითი პროცესი. დაავადება პირველ რიგში ვლინდება ტკივილითა და დისკომფორტით სიარულისა და ჯდომის დროს. მისი გამწვავებისა და გაუარესების შემთხვევაში პაციენტს აღენიშნება ცხელება, პერიოდულად შესაძლებელია ჩირქოვანი გამონადენი სწორი ნაწლავიდან ან მის გვერდით არსებული ქსოვილებიდან, რაც დაავადების სიმწვავეზე მიანიშნებს.
დასაწყისში პარაპროქტიტი ვლინდება დისკომფორტითა და უსიამოვნო შეგრძნებით, რაც შემდეგ უკვე ძალიან ძლიერ მფეთქავ ტკივილში გადაიზრდება. ამას მოსდევს ცხელება, შემცივნება და დისკომფორტი.
ვინ არიან პარაპროქტიტის განვითარების რისკ-ჯგუფში?
პარაპროქტიტის რისკ-ჯგუფს ასაკობრივი განწყობა არ ახასიათებს. რისკ-ჯგუფში არიან ადამიანები, რომლებსაც სწორ ნაწლავთან დაკავშირებით ისეთი ქრონიკული პრობლემები აქვთ, როგორიც არის ქრონიკული ნახეთქი, გადატანილი ანთებითი დაავადებები და ფისტულები. შედარებით მაღალ რიკს-ჯგუფს წარმოადგენენ იმუნოკომპრომეტირებული პაციენტები, რომლებსაც იმუნოდეფიციტი ან ქრონიკული დაავადებები აქვთ, ასევე ისინი, ვინც უჩივიან ყაბზობა-შეკრულობას, რაც იწვევს მექანიკურ ტრავმას.
რა განსხვავებაა ფისტულებსა და ნაპრალებს შორის?
სწორი ნაწლავის ნახეთქი არის ლორწოვანისა ანოდერმის დაზიანება სწორი ნაწლავის დისტალურ მესამედში იქ, სადაც დეფეკაციის დროს სწორ ნაწლავზე მექანიკური ტრავმა ვითარდება.
ნაპრალის წარმოქმნა ყოველთვის მექანიკური დაზიანების შედეგია, რაც შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. პრობლემა ძირითადად გავრცელებულია ახალგაზრდებში, მოზარდობის პერიოდში, როდესაც არასწორი კვება იწვევს ყაბზობას და გართულებულ დეფეკაციას. ნაპრალის განვითარების ძალიან დიდი რისკია ასევე ხანგრძლივი დეფეკაციის შემთხვევაშიც.
რაც შეეხება ფისტულას, ეს არის ხვრელ-მილი სწორ ნაწლავსა და მის ირგვლივ არსებულ კანს შორის. ფისტულა შეიძლება იყოს ანალური არხიდან რამდენიმე სანტიმეტრში, ასევე, ძალიან შორს საზარდულისა და დუნდულას მიდამოში. ეს დამოკიდებულია ანთების პროცესზე ან ძველი ჩარევის მასშტაბებზე.
ნაპრალს ახასიათებს ქავილისა და პერიოდული წვის შეგრძნება ყოველი დეფეკაციის შემდგომ და მუდმივი დისკომფორტი სწორი ნაწლავის არეში. რაც შეეხება ფისტულას, თუ ის არ არის ანთებადი, არანაირი ჩივილით არ ხასიათდება, გარდა მცირე ზომის მოცულობითი წარმონაქმნისა. აღსანიშნავია, რომ გამწვავების შემთხვევაში, ფისტულას ახასიათებს გამონადენი ან ჩირქოვანი პროცესისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა.
რომელი მათგანი უფრო საყურადღებოა შემდგომი გართულების თვალსაზრისით და საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას?
ყურადღებას ორივე საჭიროებს, თუმცა პარაპროქტიტის განვითარების რისკი აქვს სწორი ნაწლავის ფისტულებს, ამიტომ აუცილებლად უნდა მოსცილდეს ქირურგიული გზით, რადგან მათი მკურნალობის კონსერვატიული მეთოდი არ არსებობს.
თანამედროვე მეთოდები უკვე შესაძლებლობას იძლევა, ფისტულების მოცილების პროცედურა როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვის უფრო მარტივი გახდეს. კერძოდ, ტრადიციული ქირურგიული ჩარევის გარდა შესაძლებელია სწორი ნაწლავის ფისტულების ლაზერული კოაგულაცია Filac მეთოდით, რაც ჩვენს კლინიკაშიც, „ნიუ ჰოსპიტალსშიც“ ძალიან აქტიურად კეთდება. იგი საკმაოდ ეფექტურ და მცირეინვაზიურ ქირურგიულ ჩარევად მიიჩნევა, რაც პაციენტის რეაბილიტაციის დროს მნიშვნელოვნად ამცირებს. შესაძლებელია, პროცედურა ადგილობრივი ანესთეზიითაც გაკეთდეს, თუ საქმე არ გვაქვს ფისტულების ძალიან ღრმა დაზიანებასთან.
რა დიაგნოსტიკური საშუალებები არსებობს პარაპროქტიტის გამოსავლენად?
თავდაპირველად, დიაგნოსტიკა მოიცავს პროქტოლოგის ან ქირურგის კონსულტაციას. ფისტულების შემთხვევაში შეიძლება გაკეთდეს კონტრასტირებადი კვლევები - რენტგენოლოგიური და მაგნიტორეზონანსული, რათა შემავალი და გამავალი ხვრელების ადგილმდებარეობა დადგინდეს.
ქრონიკული ანალური ნაპრალების ან მწვავე ნაპრალის შემთხვევაში, დიაგნოსტიკა მოიცავს კონსულტაციასა და ნაწლავის ვიზუალურ დათვალიერებას, რადგან დაზიანებები უკვე თვალით ხილულ არეშია.
ნაპრალის გამწვავების შემთხვევაში ვლინდება ძალიან ძლიერი ტკივილები და სამწუხაროდ, საქმე იქამდე მიდის, რომ პაციენტებს უკვე დეფეკაციის შიში აქვთ. აქედან გამომდინარე, რაც უფრო ადრე აღმოვაჩენთ დაავადებას, უფრო მარტივია მისი კონსერვატიული მართვა.
თუ ნაპრალი არის დაახლოებით 6-დან 8 კვირამდე, მწვავე ფორმად მიიჩნევა და ხშირად ექვემდებარება კონსერვატიულ მკურნალობას. მნიშვნელოვანია, ამ დროს პაციენტმა შეცვალოს ცხოვრების წესი და შესაბამისად, მოაწესრიგოს დეფეკაცია. პროცესის ზედმიწევნით მიყოლისა და სწორი მკურნალობის შემთხვევაში, შეიძლება რეციდივი საერთოდ აღარ დადგეს. როცა დაავადება უკვე ქრონიკულ ფორმაშია გადასული, სამწუხაროდ, მხოლოდ ოპერაციული ჩარევით ხდება მკურნალობა.
ფისტულების ნაადრევი დიაგნოსტიკის შემთხვევაშიც შესაძლებელია მარტივად, დიდი და მასიური ჩარევის გარეშე მოხდეს მისი ლიკვიდაცია, რათა შემდგომი გამწვავება და ჩირქოვანი პროცესები ავირიდოთ თავიდან.
რამდენად ხშირად ახასიათებს ნაპრალს რეციდივი?
ნაპრალების რეციდივი ხდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არ ითვალისწინებს გაცემულ რეკომენდაციებს ანუ გრძელდება ნაწლავის მექანიკური ტრავმა. ხოლო თუ რეკომენდაციებს ასრულებს, 2-3-კვირიანი კონსერვატიული მკურნალობის შემდეგ ალაგდება ნაპრალები, აღარ გაეხსნება ნაწიბურები და პაციენტს დისკომფორტი მოეხსნება.
როგორია პოსტოპერაციული პერიოდი და როდის უბრუნდება პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს?
მცირე ინვაზიური ჩარევების შემთხვევაში რეაბილიტაციის პროცესი შედარებით მარტივია და დაახლოებით 10-14 დღეს მოიცავს, გააჩნია პროცედურის მასშტაბს. ხოლო ტრადიციული ქირურგიული მეთოდების დროს ჭრილობის მასშტაბის, მოცულობისა და ფისტულის მდებარეობიდან გამომდინარე შეიძლება რეაბილიტაციის პროცესი სამიდან ექვს კვირამდე ან რამდენიმე თვე გაგრძელდეს, რათა ჭრილობები მეორადი შეხორცებით დაიხუროს.
რა ზოგად რეკომენდაციებს მისცემთ პაციენტებს რეციდივის თავიდან ასაცილებლად?
რეაბილიტაციის შემდეგ პაციენტის რეკომენდაცია არის სწორი კვება, სწორი ვარჯიშები და აქტივობა და სწორ ნაწლავზე მექანიკური ზეწოლის შემცირება.
შესაძლებელია ისეთი ფიზიკური აქტივობით დაკავება, როგორიც არის სირბილი, ძუნძული და ცურვა, თუმცა ძალიან ზრდის რეციდივის რისკებს მძიმე წონების აწევა, ჩაჯდომები და სხვა, რადგან მუცლის ღრუში წნევის მომატებას იწვევს.
რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, რეციდივის თავიდან აცილება შესაძლებელია.
R