ავტორი:

83 წლის ასაკში გარდაიცვალა ფეთჰულა გიულენი - რევოლუციონერი მქადაგებლის ისტორია, რომელსაც თურქეთში 1 900-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა

83 წლის ასაკში გარდაიცვალა ფეთჰულა გიულენი - რევოლუციონერი მქადაგებლის ისტორია, რომელსაც თურქეთში 1 900-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა

თურქი მუსლიმი მქადაგებელი, ფეთჰულა გიულენი, რომელსაც ოფიციალური ანკარა 2016 წლის გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყოფილი იმამი და პოლიტიკური მოღვაწე გახლდათ გიულენის მოძრაობის დამფუძნებელი და საკუთარი უმსხვილესი ორგანიზაცია "საერთო ღირებულებების ალიანსის“ მთავარი მამოძრავებელი ფიგურა.

Reuters-ის ინფორმაციით, გიულენთან დაკავშირებული ვებგვერდის, Herkul-ის ცნობით, გიულენი კვირას, საღამოს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გიულენი აქტიურად იყო ჩართული თურქეთის სახელმწიფოს მომავალთან და თანამედროვე სამყაროში ისლამის როლთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ დებატში. ინგლისურენოვან მედიაში იგი აღწერილია იმამად, "რომელიც მხარს უჭერს შემწყნარებლურ ისლამს, რომელიც ხაზს უსვამს ალტრუიზმს, გულმოდგინედ მუშაობასა და განათლებას“.

2013 წლამდე გიულენი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოკავშირე იყო. მათი ალიანსი გახმაურებული კორუფციული სკანდალების შედეგად დაინგრა. გიულენმა ერდოღანი კორუფციული საქმეების მართვაში დაადანაშაულა.

მას რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთში 2016 წლის გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებდა, რომლის დროსაც 250 ადამიანი დაიღუპა. გიულენი ამ ბრალდებას უარყოფდა. ის თურქეთს ტერორისტად ჰყავდა შერაცხილი და აშშ-ს მის ექსტრადიციას დაჟინებით სთხოვდა.

  • მას სამშობლოში 1 900-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა

როგორც თურქული სახელმწიფო სააგენტო "ანადოლუ" 2016 წელს იტყობინებოდა, თურქეთის პროვინცია უშაკის პროკურატურა აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლისთვის 2 მუხლით სამუდამო პატიმრობას, 1 900-წლიანი პატიმრობის მისჯას და 2 მილიონ 210 ათასი დღით იძულების წესით მუშაობას მოითხოვდა..

პროკურატურა მოითხოვდა ის დამნაშავედ ეცნოთ "კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობის", "მთავრობის ძალადობრივი გზით ჩამოგდების მცდელობის", "რელიგიური გრძნობების ექსპლუატაციის გზით თაღლითობისა" და "ტერორიზმის დაფინანსების" მუხლებით.

წლების განმავლობაში საქართველოში ფუნქციონირებდა ფეთულაჰ გიულენის დაარსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელი, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა.