ავტორი:

“გამარჯვების ფიცი“ საქართველოსთვის და სახელმწიფო ჰიმნი პაატა ბურჭულაძესთან ერთად - ბოლო სიახლეები მარშიდან, რომელსაც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი შეუერთდა (ვიდეო)

“გამარჯვების ფიცი“ საქართველოსთვის და სახელმწიფო ჰიმნი პაატა ბურჭულაძესთან ერთად - ბოლო სიახლეები მარშიდან, რომელსაც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი შეუერთდა (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მარშს - “საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, ცოტა ხნის წინ შეუერთდა. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი მარშის მონაწილეებს სპეციალურად მოწყობილი სცენიდან სიტყვით მიმართავს.

  • შეკრებილებს მიმართა საოპერო მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ. მისი თქმით, საქართველოს თავისუფლებასა და ევროპასთან დაახლოებას ექვსი დღე აშორებს.

“კარზე მოგვადგა თავისუფლება და ევროპა - ექვსი დღე გვაშორებს თავისუფლებასა და ევროპასთან დაახლოებას. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი გამოვედით. ამით “ქართულ ოცნებას“ გავუადვილებთ, აღიაროს, რომ არჩევნები წაგებული აქვს. მე არ ვიცი, რომელი იქნება ვაჟკაცი, ვინც გამოვა და იტყვის - დიახ, ჩვენ არჩევნები წავაგეთ და ძალაუფლება ქართველ ხალხს გადაეცემა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს რაც შეიძლება მალე, 27 ოქტომბერს მოხდება. 27-ში ჩვენ დიდი გამარჯვების დღე გვაქვს. მე დღეს პატივი მაქვს, აქ საქართველოს ჰიმნი შევასრულო“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი შეასრულეს.

"ჰიმნი შეგვესრულებინოს ყოველთვის გამარჯვებისთვის და გამარჯვების შემდეგ“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ, რომელმაც ჰიმნი აქცია-კონცერტზე შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად შეასრულა.

  • რატი ამაღლობელმა აქციაზე მყოფ მოქალაქეებთან ერთად “გამარჯვების ფიცი“ გააჟღერა.

“ოქტომბერი არის ყველაზე ფერადი და მრავალფეროვანი. ახლა, ჩვენი ტყეები სხვადასხვა ფერით არის აჭრელებული! ბუნებაში დათრგუნულია ნაცრისფერი და ერთფეროვანი,

ოქტომბერში აყენებს ქართველი კაცი ღვინოს, ოქტომბერი არის მრავალფეროვნების თვე, ღვინობის თვე, ოქტომბერში ჩვენი მრავალხმიანობა, ჩვენი მრავალეროვანი კულტურა უნდა შევიდეს პოლიტიკაში, ჩვენი პოლიტიკა მრავალხმიანი უნდა გახდეს. ჩვენმა პოლიფონიამ უნდა შეაღწიოს მმართველობის სისტემაში!

როდესაც შევიკრიბეთ 11 მაისს ევროპის მოედანზე, მაშინ ერთად დავდეთ გამარჯვების ფიცი. მინდა ეს ფიცი გავიმეოროთ:

  • დგება საქართველო! ფეხზე საქართველო! მთელი საქართველო! ისმის საქართველო! შენი ხმა საქართველო, ბნელი რომ გავათენოთ, ღამე რომ გავათენოთ, ერთხმად გავამღეროთ, მე ვარ საქართველო, შენ ხარ საქართველო, ჩვენ ვართ საქართველო. კვლავ გამარჯვებული, მკლავგამარჯვებული, გულგამარჯვებული, სულ გამარჯვებული, გამარჯვებული საქართველო. საქართველო! საქართველო!

საქართველო გაიმარჯვებს. მრავალფეროვანი საქართველო გაიმარჯვებს“, - აღნიშნა რატი ამაღლობელმა.

ცნობისთვის, მარშის “საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციიდან თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შეუერთდნენ.

იხილეთ ასევე: