ავტორი:

სკანდალი Victoria’s Secret-ის გარშემო: პირველი ტრანსგენდერი მოდელი ჩვენებაზე, კრიტიკა და პასუხი - "საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ მისი ადგილი შოუში არ იყო"

სკანდალი Victoria’s Secret-ის გარშემო: პირველი ტრანსგენდერი მოდელი ჩვენებაზე, კრიტიკა და პასუხი - "საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ მისი ადგილი შოუში არ იყო"

Victorias secret-ის 2024 წლის შოუს მონაწილეებს შორის ბრაზილიელი ტრანსგენდერი მოდელი, ვალენტინა სამპაიო იყო. აღსანიშნავია, რომ ვალენტინა პირველი ტრანსგენდერი ქალია, რომელმაც Victorias secret-ის პოდიუმზე გაიარა. თუმცა, რა თქმა უნდა, ვალენტინას გამოჩენას კრიტიკაც მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ტრანსგენდერის ადგილი შოუში არ იყო:

"ჩემი ოცნება ახდა. ბევრი მეუბნებოდა, რომ ამ მიზნის განხორციელებას ვერასდროს შევძლებდი" - განუცხადა სამპაიომ TMZ-ს - "ეს არის ერთობლივი წინგადადგმული ნაბიჯი საზოგადოების უფლებების აღსანიშნავად - ჩვენ აქ ვართ. ჩვენ ყოველთვის აქ ვიყავით. და ჩვენ ყოველთვის აქ ვიქნებით.

ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება. ინკლუზიურობა გადამწყვეტია იმ სამყაროსთვის, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ. დიდი პატივია მომავალი თაობის შთაგონება ვიყო. მადლობას ვუხდი Victoria's Secret-ს ჩემი დიდი ხნის ოცნების ასრულებისთვის."

2017 წელს ვალენტინამ საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო, როდესაც პირველი ტრანსგენდერი მოდელი გახდა, რომელმაც ფრანგული Vogue-ის გარეკანი დაამშვენა, 2019 წელს ქალის თეთრეულის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდ Victoria’s Secret-თან ითანამშრომლა, შემდეგ კი Sports Illustrated Swimsuit Issue-ის გვერდები დაამშვენა.

2018 წელს, ბრენდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერი მოდელების ადგილი Victoria's Secret-ში არ იყო, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა, მაგრამ როგორც ჩანს, მათი ხედვები შეიცვალა. წლევანდელ ჩვენებაში ვალენტინასთან ერთად მონაწილეობას კიდევ ერთი ტრანსგენდერი მოდელი, ალექს კონსანიც იღებდა.

  • ვინ არის ვალენტინა სამპაიო?

ვალენტინა სამპაიო ბრაზილიაში დაიბადა. 8 წლის ასაკში აღმოაჩინა, რომ ტრანსგენდერი იყო, თუმცა საკუთარ თავს 12 წლის ასაკამდე ვალენტინას არ უწოდებდა. სამოდელო საქმიანობა 16 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც შემთხვევით მაკიაჟის არტისტმა აღმოაჩინა და სან პაულოს სამოდელო სააგენტოსთან დააკავშირა.

"მე ბრაზილიის ჩრდილოეთ ნაწილში გავიზარდე, მეთევზეების სოფელში. ჩვენი ქვეყანა მართლაც ძალიან ლამაზია, თუმცა ტრანსგენდერი ადამიანებისადმი მეტად უმოწყალოა, მათი მკვლელობისა და ძალადობრივ დანაშაულთა მაჩვენებლებით კი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი.

მე მჯერა, რომ უკეთესი ადამიანები შექმნიან უკეთეს სამყაროს თითოეული ჩვენგანისთვის, მე კი ყველა იმ ადამიანის გვერდით ვიდგები, რომლებიც ჩემ მსგავსად ცრურწმენების გამო იტანჯებიან და სტანდარტზე მორგება მხოლოდ ამის გამო არ შეუძლიათ“, - ამბობდა ვალენტინა.

წყარო