ავტორი:

"D ვიტამინის მიღება დანამატის სახით ტოქსიკოზის ხშირი მიზეზია" - ზაზა თელია გავრცელებულ მითს ამსხვრევს: რა რაოდენით გვჭირდება რეალურად "მზის ვიტამინი"?

"D ვიტამინის მიღება დანამატის სახით ტოქსიკოზის ხშირი მიზეზია" - ზაზა თელია გავრცელებულ მითს ამსხვრევს: რა რაოდენით გვჭირდება რეალურად "მზის ვიტამინი"?

D ვიტამინი, რომელიც ცნობილია როგორც "მზის ვიტამინი", მნიშვნელოვან როლი თამაშობს ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. იგი ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის შეწოვას, რაც აუცილებელია ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობისათვის.

თუმცა, თანამედროვე ცხოვრების წესის გამო, ბევრი ადამიანი ვერ იღებს საჭირო რაოდენობის D ვიტამინს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის ძვლების სისუსტე და იმუნური სისტემის დაქვეითება.

  • ზაზა თელია - ექიმი, დერმატო-ვენეროლოგი სოციალურ ქსელში აღნიშნულ თემაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ახალი გაიდლაინებით, თუ ადამიანი ჯანმრთელია რუტინულად D ვიტამინის კონტროლი საჭირო აღარ არის.

ზაზა თელია:

- D ვიტამინი - "უღრანი ტყის ბოლოს სინათლემ გამოანათა". ახალი გაიდლაინი (August, 2024) რომელიც უგულებელყოფს ტერმინებს - "D ვიტამინის უკმარისობა", "D ვიტამინის დეფიციტი." ლაბორატორიები ვალდებული არიან ეს ტერმინები ანალიზის პასუხებში აღარ გამოიყენონ.

ჯანმრთელ ადამიანებში ხშირი პრაქტიკა - D ვიტამინის ანალიზის რუტინული კონტროლი - არ არის რეკომენდებული!! ჯანმრთელ ადამიანებში D ვიტამინის მაჩვენებელი არ არის რეკომენდებული იყოს აუცილებლად >30ნგ/მლ

სამეცნიერო მტკიცებულებათა სწრაფი მიმოხილვა

ჩვენამდე მოაღწია რენდომიზირებულმა კვლევებმა.....

1. რამდენიმე ობსერვაციული კვლევა ირწმუნებოდა, რომ D ვიტამინის ნაკლებობა ასოცირებულია კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მომატებულ რისკთან.

და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 26 000 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ.

დასკვნა: D ვიტამინის დანამატის სახით მიღებამ ვერ აჩვენა უფრო დაბალი რისკი კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკისა პლაცებოსთან შედარებით.

2. ობსერვაციული კვლევები ირწმუნებოდნენ დაბალი D ვიტამინის მაჩვენებლის დროს დიაბეტის განვითარების რისკზე.

და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 2423 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ.

დასკვნა: D ვიტამინი დანამატის სახით მიღება არ ამცირებს ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკ პლაცებოსთან შედარებით.

3. ობსერვაციული კვლევები ირწმუნებოდნენ დაბალი D ვიტამინის კავშირს ვარდნასთან ხნიერ ადამიანებში.

და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ

დასკვნა: D ვიტამინის მიღება არ ამცირებს ტრავმულ ვარდნის შემთხვევებს ხნიერ ადამიანებში.

4. "მართლა სუპერმენია D ვიტამინი?"

ანუ შეუძლია მას სიცოცხლის გადარჩენა?

და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 36 282 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ.

დასკვნა: დანამატის მიღება - კალციუმი + D ვიტამინი არ ამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში პლაცებოსთან შედარებით.

5. D ვიტამინი და COVID-19

რამდენიმე კვლევა მიუთითებდა COVID-19-ით ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში დაბალი D ვიტამინის მაჩვენებელზე.

და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 443 734 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ.

დასკვნა: D ვიტამინის მიღებას დანამატის სახით არ გააჩნია დამცველობით ფუნქცია COVID-19-გან, ხოლო მთავარი მაჩვენებელი გახლდათ ის რომ ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და დაავადების რთული მიმდინარეობა პირიქით უფრო დაბალი გახლდათ იმ პაციენტებში რომლებსაც ჰქონდათ D ვიტამინის ნაკლებობის გენეტიკური წინასწარგანწყობა.

შეჯამება: D ვიტამინი დანამატის სახით არ უნდა იქნას მიღებული პროფილაქტიკის მიზნით COVID-19 საწინააღმდეგოდ, ამით შესაძლებელია მივიღოთ ზიანი, არათუ სარგებელი.

  • D ვიტამინით გამოწვეული ტოქსიკურობა და ჰიპერკალცემია

ბოლო წლებია ძალზედ პოპულარული გახდა D ვიტამინის დანამატის სახით მიღება. ფაქტობრივად ყველას უნიშნავენ და ამ პრობლემას არამარტო საქართველოში შევხვდებით.

დანამატის სახით D ვიტამინის მიღება არის ორგანიზმში ტოქსიკოზის (მოწამვლა) ხშირი მიზეზი:

ტოქსიკოზი ვითარდება როდესაც ადამიანი მოიხმარს დიდი რაოდენობით D ვიტამინს როგორც წესი დანამატის სახით.

D ვიტამინით გამოწვეული ტოქსიკურობის სიმპტომებია - გულისრევა, ღებინება, სისუსტე და ძვლების ტკივილი.

ტოქსიკურობა როგორც წესი ვითარდება მაშინ როდესაც ადამიანი მოიხმარს D ვიტამინს მაღალი დოზით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თუმცა ტოქსიკურობა შესაძლებელია განვითარდეს დაბალი დოზების შემთხვევაშიც.

D ვიტამინი არის ელემენტი რომელიც ეხმარება ორგანიზმს შეითვისოს და კონტროლირება გაუწიოს Ca (კალციუმი) სისხლში. ამიტომ როდესაც ადამიანს აქვს დიდი რაოდენობით ცირკულაციური D ვიტამინი, ამან შესაძლებელია განაპირობოს სისხლში კალციუმის საშიში დონის მიღება რასაც ჰიპერკალცემია ეწოდება.

სიმპტომები და დიაგნოზი

D ვიტამინით გამოწვეული სიმპტომები პირდაპირ დაკავშირებულია კალციუმის მომატებულ რაოდენობასთან სისხლში.

ეს სიმპტომებია - გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, გახშირებული შარდვა, სისუსტე და ძვლის ტკივილი.

დროთა განმავლობაში კალციუმის დამატებითმა, მომატებულმა რაოდენობამ შესაძლებელია განაპირობოს არტერიებში და რბილ ქსოვილებში კალციუმის ჩალაგება, დეპოს სახით, იმის მაგივრად რომ ეს მოხდეს ძვლებში (რადგან ფიზიოლოგიურად ვეღარ ხდება ჭარბი რაოდენობით კალციუმის ჩალაგება ძვლებში - მარაგი უკვე შევსებულია).

საბოლოო ჯამში ზემოთ აღნიშნულმა შესაძლებელია განაპირობოს თირკმელებში ქვების გაჩენა და გულის დაზიანება. ეს შესაძლებელია განვითარდეს ნელა, წლების განმავლობაში, ხოლო ტოქსიკურობის სიმპტომები მოკლე პერიოდში.

ჩატარებული მეტა-ანალიზითა და სისტემური მიმოხილვით ვერ იქნა ნანახი D ვიტამინის დანამატის სახით მიღების სარგებელი.

ხოლო იმ კვლევებმა რომლებმაც ეს ეფექტი გამოავლინეს, აღინიშნებოდა მაღალი ტენდენციურობა, მაღალი შეფასების სისტემური შეცდომა (high risk of bias), ხშირად ინტერესთა კონფლიქტი და რაც მთავარია - კვლევების ჰეტეროგენურობა.

დღიური რეკომენდირებული ნორმები

სამწუხაროდ ხშირად თვით-მკურნალობის საფუძველზე, მაგრამ ასევე ხშირად ექიმის დანიშნულებით ხდება არასწორი დოზირება - D ვიტამინის ზედოზირება.

ჩვენი ორგანიზმი D ვიტამინს იღებს ორი გზით - ულტრაიისფერი სხივებით (მზის სხივები) და კონკრეტული საკვების მიღებით.

არ არის რეკომენდებული მზეზე ყოფნა იმისათვის, რომ მოხდეს D ვიტამინის გამომუშავება. ამისათვის სრულიად საკმარისია - მაგალითად 15-20 წუთით დღეში მხოლოდ სახეზე მზის სხივების მოქმედება.

NIH-ის რეკომენდაციით უმეტეს ზრდასრულ ადამიანს სჭირდება დღეში 600 ერთეული (IU) D ვიტამინი.

70 წელს გადაცილებულ მოსახლეობას - 800 ერთეული (IU).

D ვიტამინის დანამატების ბუმი

2006-დან 2014 წლამდე ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც მოიხმარდნენ 4000 ერთეულ (IUs) D ვიტამინს დღიურად გაიზარდა 0.5%-დან 3%-მდე. ეს მაჩვენებლები 2014 წლის შემდეგ კიდევ უფრო იზრდება.

ასევე ამ კვლევის მიხედვით იგივე პერიოდში ადამიანების რაოდენობა რომლებიც დღიურად მოიხმარდნენ 1000 ერთეულს (IUs) - გაიზარდა 1%-დან 18%-მდე.

აქედან გამომდინარე D ვიტამინით გამოწვეული ტოქსიკურობის რისკები დროთა განმავლობაში იზრდება და შესაძლოა საგანგაშოც გახდეს.

2 წლამდე ასაკში, ორსულებში რეკომენდებულია D ვიტამინის მიღება პროფილაქტიკის მიზნით.