ავტორი:

"საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ფაქტობრივად, გაწევრიანების პროცესის შეჩერებას იწვევს" - მაკრონის განცხადება და ევროსაბჭოს დასკვნა, სხდომის შემდეგ

"საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ფაქტობრივად, გაწევრიანების პროცესის შეჩერებას იწვევს" - მაკრონის განცხადება და ევროსაბჭოს დასკვნა, სხდომის შემდეგ

საქართველოში არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოვხატეთ - მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ფაქტობრივად, იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

  • მისი თქმით, ქართველ ხალხს თავისი არჩევანის გამოხატვა რამდენიმე დღეში მოუწევს.

"რაც შეეხება საერთაშორისო საკითხებს, ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მოლდოვას ამ მნიშვნელოვან საარჩევნო კონტექსტში, როდესაც ის რუსეთის მიერ განხორციელებული ჰიბრიდული ქმედებების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.

ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება საქართველოში არსებული ვითარების გამო, მაშინ, როდესაც მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ფაქტობრივად, იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, ქართველ ხალხს თავისი არჩევანის გამოხატვა რამდენიმე დღეში მოუწევს“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა, რომლის განცხადების თარგმანსაც „პირველი არხი“ ავრცელებს.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა ასევე დასკვნა, სადაც წერია, რომ ევროპული საბჭო იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების კურსის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული.

დოკუმენტში ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ "ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს".ევროპული საბჭო "მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ევროსაბჭო გააგრძელებს სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს".

დოკუმენტის თანახმად, ევროპული საბჭო მოელის, რომ "მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის შეუფერხებელი წვდომით".

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა ევროპული საბჭოს და ემანუელ მაკრონის კრიტიკულ განცხადებებს.

მისი თქმით, ეს განცხადებები არის დროებითი, ამ განცხადებებს მიზანი აქვს, რომ გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე.

"აქაც ნულოვანია რესურსია - როგორც კი დასრულდება არჩევნები და უკრაინაში ომი, ეს განცხადებები შეიცვლება და გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან.... რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები წარიმართება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, რაც ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნითაც დადასტურდა. პასუხისმგებელი ვართ იგივე სულისკვეთებით სარჩევნო პროცესების მართვაზე. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. იმედი გვაქვს, რაღაც დოზით მაინც, ოპოზიციაც იგივე სულისკვეთებით იმოქმედებს. არ იქნება პროვოკაციები, არ იქნება ისეთი პროცესები, როგორიცაა მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალების განადგურება, ბილბორდების განადგურება; “არა ომს” წარწერების წაშლა. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს როგორც ეს იყო დღემდე, ასე უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე”,- განაცხადა კობახიძემ.