ავტორი:

სასჯელი ჭურჭლის სხვა ქვეყანაში წაღებისა და "ფეისბუქ" პოსტის გამო - რუსეთში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის 72 წლის ცოლს შინაპატიმრობა მიუსაჯეს: წყვილის შოკისმომგვრელი ისტორია

სასჯელი ჭურჭლის სხვა ქვეყანაში წაღებისა და "ფეისბუქ" პოსტის გამო - რუსეთში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის 72 წლის ცოლს შინაპატიმრობა მიუსაჯეს: წყვილის შოკისმომგვრელი ისტორია

მოსკოვის სასამართლომ პოლიტიკოს ლეონიდ გოზმანის ცოლს, 72 წლის მარინა ეგოროვას, შინაპატიმრობა შეუფარდა.

ინფორმაცია BBC -თვის მოსკოვის საქალაქო სასამართლოს საქმის მონაცემებიდან გახდა ცნობილი. მარინა ეგოროვას ადვოკატმა გამოცემას ინფორმაცია დაუდასტურა.

მანამდე პროპაგანდისტულმა ტელეარხმა RT-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მეუღლეს შინაპატიმრობა შეეფარდა.

  • RT-ის ცნობით, ეგოროვას წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიება “ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შემადგენლობაში კულტურული ფასეულობების კონტრაბანდის“ საქმეზე შეეფარდა.

ტელეარხი, წყაროებზე დაყრდნობით, ირწმუნებოდა, რომ პოლიტიკოსის ცოლი, სავარაუდოდ, ცდილობდა ანტიკვარიატი და სხვა ძვირფასი ნივთები რუსეთიდან იტალიაში გატანას, სადაც ახლა გოზმანი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ მმართველობამ ოპოზიციონერი მამაკაცი "უცხო ქვეყნის აგენტების“ რეესტრში გაატარა.

როგორც ეგოროვას ადვოკატმა მიხაილ ბირიუკოვმა BBC-ს განუცხადა, “საგამოძიებო კომიტეტმა ეგოროვას წინააღმდეგ კონტრაბანდის საქმე 2024 წლის 27 სექტემბერს გახსნა. ის 3 ოქტომბერს დააკავეს“.

მოსკოვში მდებარე ბინის და აგარაკის გაჩხრეკის შემდეგ, მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ ლეონიდ გოზმანის ცოლი შინაპატიმრობაში გაგზავნა. “კონტრაბანდის შესახებ“ მუხლის მიხედვით, მარინა ეგოროვას 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც ცნობილია, ქალი თავის დანაშაულს აღიარებს.

დადგენილებაში ნათქვამია, რომ გასულ ზაფხულს რუსეთ-ესტონეთის საზღვარზე მერსედესის მანქანის მძღოლი დააკავეს, რომელსაც გოზმანისა და ეგოროვას ოჯახის ნივთები გადაჰქონდა. ამოღებულია 1 მილიონ რუბლზე მეტი ღირებულების ათობით ნივთი. თუმცა, მსჯავრდადებულის ადვოკატის თქმით, მაშინ მძღოლს არა “კულტურული ფასეულობები“, არამედ “სამზარეულოს ჭურჭელი“ ჩამოართვეს.

მიხაილ ბირიუკოვის თქმით, მძღოლმა გოზმანის ოჯახის ნივთები მიჰქონდა არა იტალიაში, როგორც პროპაგანდისტული არხი RT ამტკიცებდა, არამედ ბერლინში.

  • აღნიშნულის შესახებ კომენტარი გააკეთა ლეონიდ გოზმანმა.

მან დაადასტურა, რომ მეუღლე 3 სექტემბერს დააკავეს და ახლა შინაპატიმრობაშია. მისივე თქმით, მის ბრალია, რომ ცოლს სთხოვა ისეთი ნივთების წაღება, რომლებსაც “კულტურის სამინისტროს ექსპერტიზა არ გაუვლია“.

“ამ ნივთებს არც კულტურული და არც სერიოზული მატერიალური ღირებულება აქვს. ჩვენ არ გვიყიდია ეს ნივთები, ისინი რამდენიმე ათეული წელია ოჯახში გვქონდა და გაყიდვას არ ვაპირებდით. ჩვენი ქალიშვილისთვის უნდა მიგვეცა,“ - ამბობს პოლიტიკოსი.

ამასთან, როგორც ლეონიდ გოზმანმა აღნიშნა, მის მეუღლეს არანაირი პრეტენზია არ აქვს გამოძიების და ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლების მიმართ.

“ყველაფერი კანონის შესაბამისად და მაქსიმალურად სწორად კეთდება“, - აღნიშნა მან.

  • თავად გოზმანმა რუსეთი 2022 წლის სექტემბერში დატოვა, მას შემდეგ რაც, Facebook-სა და LiveJournal-ზე გამოქვეყნული პოსტების გამო, ზედიზედ ორჯერ, 15 საათით დააკავეს.

2022 წლის თებერვალში, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, გოზმანი საზღვარგარეთ იმყოფებოდა. თუმცა, იმავე წლის შემოდგომაზე დაბრუნდა რუსეთში და განაცხადა, რომ აპირებდა ქვეყანაში დარჩენას. ის მალევე დააკავეს რუსეთის ხელისუფლებისთვის ისრაელის მოქალაქეობის ქონის შეუტყობინებლობის გამო.

შემდეგ ორჯერ გააგზავნეს ადმინისტრაციული პატიმრობაში. ჯერ პოსტისთვის, სადაც მან ჰიტლერი სტალინს შეადარა, შემდეგ - LiveJournal-ში გამოქვეყნებული პოზიციისთვის, სადაც პოლიტიკოსმა რუსული უწყებები (СМЕРШ, НКВД, СС) გესტაპოს შეადარა.

მიმდინარე წლის ივლისში მოსკოვის სასამართლომ რუსული არმიის შესახებ “ფეიქების“ გავრცელების საქმეზე, ლეონიდ გოზმანს ზოგადი რეჟიმის კოლონიაში რვა წელიწადნახევარი დაუსწრებლად მიუსაჯა.