ავტორი:

"მე არაფერი მაშინებს" - რას ამბობს ცესკოს თავმჯდომარე მისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნაზე?

"მე არაფერი მაშინებს" - რას ამბობს ცესკოს თავმჯდომარე მისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნაზე?

"ბოლო წლებია, ცესკო-ს თავმჯდომარეს ჰყავს დაცვა, აქ რაიმე უჩვეულო ან ექსკლუზიური შემთხვევა არ მომხდარა", - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მხრიდან მისთვის დაცვის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

  • კალანდარიშვილმა გადაცემაში, ასევე განმარტა, რატომ დასჭირდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობას რკინის დროებითი ჯებირებით შემოსაზღვრა.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, რკინის ღობე პრევენციის მიზნით აღმართეს, რათა არჩევნების შემდგომ თანამშრომლების უსაფრთხოება დაცული იყოს.

“ბოლო წლებია, ცესკო-ს თავმჯდომარეს ჰყავს დაცვა, როგორც ჩემს წინამორბედს, ასევე, მე, პირადად. ეს პროცესი აქტიურ ფაზაში შედის განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის აქტი ემსახურებოდა იმას, რომ საარჩევნო პერიოდში განახლდა დაცვის ყოლის შემთხვევა. აქ რაიმე უჩვეულო ან ექსკლუზიური შემთხვევა არ მომხდარა.

მე არაფერი მაშინებს, გარდა დეზინფორმაციისა და მიზანმიმართული კამპანიისა. ჩვენ არა ერთი შემთხვევა გვინახავს არჩევნების პირობებში, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია გამხდარა მსხვერპლი.

რაც შეეხება ცესკო-ს შენობასთან რკინის ღობის აღმართვას, ის პრევენციის მიზნით აღიმართა, რადგან ჩვენ გვახსოვს წინა წლების პრაქტიკები, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადებას მოჰყვა. ეს გავაკეთეთ თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით. ჩვენ კარგად გვახსოვს და ეს მედია საშუალებებითაც გადაიცემოდა, როდესაც ის ღობე, რომელიც საპარკინგე სივრცეს შემოსაზღვრავდა, როგორ დააზიანეს. კარგად გვახსოვს ის მოწოდებები, რომლებიც კეთდებოდა ადმინისტრაციის თანამშრომლებთან მიმართებაში და რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა მათ უსაფრთხოებას”, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

  • დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის დანიშვნა არჩევნებთან დაკავშირებულმა წინაპირობებმა გამოიწვია.

"2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის პერიოდში შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, სახელმწიფო დაცვა დაენიშნოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა,“- ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.

დოკუმენტი 10 ოქტომბრით თარიღდება.

ცნობისთვის, “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, მთავრობის გადაწყვეტილებით პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს ან გაუგრძელდეს თანამდებობის პირს და მისი ოჯახის წევრებს აღნიშნული პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი არ არის და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.