ახალი ავტორი თანამედროვე ლიტერატურაში, რომელიც აღმოჩენების გაკეთებაში დაგეხმარებათ - ნინო ჟვანიას „მეკომოკონები ანუ ძუიჰიცუ“

ახალი ავტორი თანამედროვე ლიტერატურაში, რომელიც აღმოჩენების გაკეთებაში დაგეხმარებათ - ნინო ჟვანიას „მეკომოკონები ანუ ძუიჰიცუ“

„პალიტრა L-ის“ ტრადიციული ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ დასრულდა. 2024 წლის გამარჯვებულები გახდნენ ნინო ჟვანია, ნათია საგინაშვილი და ელენე კუპრაშვილი, რომელთა წიგნების გაცნობის საშუალება უკვე აქვთ მკითხველთა ფართო წრეებს.

საინტერესოა, ვინ არიან ახალი ავტორები, რა საკითხებზე წერენ ისინი და რატომ უნდა გავეცნოთ მათ ნამუშევრებს?

ამ სტატიაში გაგაცნობთ ერთ-ერთ გამარჯვებულს, ნინო ჟვანიას, რომლის ლიტერატურული დებიუტი სწორედ „პალიტრა L-ის“ კონკურსით შედგა.

ნინო ჟვანია პიანისტი, მუსიკათმცოდნე და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორია. ამასთან, არის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, სწავლობდა როგორც ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ისე დიუსელდორფის რ. შუმანის სახელობის ჰოხშულეში. ევროპაში ყოფნისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო თანამედროვე მუსიკას, რაც გამოიხატა ორლეანის XX საუკუნის საფორტეპიანო მუსიკის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებით და მრავალ ფესტივალში მონაწილეობით. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2005 წელს, მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია კარლჰაინც შტოკჰაუზენის შემოქმედებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ნინო ჟვანიას კარიერა ყოველთვის მუსიკას უკავშირდებოდა, მას ყოველთვის აინტერესებდა მწერლობა და პერიოდულად ქმნიდა კიდეც მოთხრობებსა და ჩანაწერებს. წლების განმავლობაში დაუგროვდა მოგზაურობის გამოცდილება, რომელსაც სწორედ პატარა ჩანახატების სახით გადმოსცემდა. საბოლოოდ გადაწყვიტა, ისინი ერთ წიგნად შეეკრიბა და გამოეცა, რისი შთაგონებაც იაპონელი მწერლის სეი სიონაგონისგან მიიღო.

უფრო დეტალურად, როგორ შეიქმნა ნინო ჟვანიას ჩანაწერები „მეკომოკონები ანუ ძუიჰიცუ“,

ამის შესახებ თავად ავტორი გვიამბობს:

-საინტერესოა, რატომ გადაწყვიტეთ კონკურსში მონაწილეობა? როგორ დაიწერა თქვენი საკონკურსო ნამუშევარი? გქონდათ თუ არა აქამდე წერის გამოცდილება?

ჩემი წიგნი „მეკომოკონები, ანუ ძუიჰიცუ“ ბოლო 6 წლის განმავლობაში ნაგროვები ჩანაწერებია, რომლებიც ჩემივე „ფეისბუქ“ პოსტებით არის შთაგონებული. ჩანაწერებში ძირითადად ვწერ შთაბეჭდილებებზე, რომლებიც მებადება მოგზაურობისას, ხელოვნების რაიმე ნიმუშის გაცნობისას, მუსიკის მოსმენისას, საინტერესო უცნობ თუ ნაცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას და ა.შ.

წერა ყოველთვის მიყვარდა. პირველი მოთხრობები 18 წლის ასაკში დავწერე. ერთ-ერთი მათგანი 1994 წელს „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდა კიდეც. მიუხედავად ამისა, არასოდეს მიფიქრია, ჩემი გატაცება პროფესიად მექცია, რადგან იმავე 1994 წელს უკვე კონსერვატორიაში ვსწავლობდი, საფორტეპიანო განყოფილებაზე.

წერისადმი სიყვარული არსად გამქრალა და გადავწყვიტე, მუსიკაზე მეწერა. მიუხედავად იმისა, რომ შემსრულებლები ნაკლებად მიმართავენ მუსიკათმცოდნეობის ჟანრს, ჯერ სტატიები ვწერე, შემდეგ კი დისერტაციაც დავიცავი, როგორც მუსიკისმცოდნემ. დღეს 2 სამეცნიერო მონოგრაფიის ავტორი/თანაავტორი ვარ. ვმუშაობდი მუსიკალური ჟურნალისტიკის სფეროშიც, ვწერდი გადაცემების სცენარებს. გარდა ამისა, დაარსების დღიდან „წინანდლის ფესტივალის“ პროგრამული ჩანიშვნების ავტორიც ვარ.

და აი, სულ რამდენიმე წლის წინ, ინდოეთში გავემგზავრე. იქ მოზღვავებული შთაბეჭდილებები გულში ვერ დავიტიე და წერა დავიწყე. ინდოეთს სხვა ქვეყნები მოჰყვა... ზოგადად, ძალიან მომწონს გავრცობილი პოსტების „ფეისბუქზე“ და ჩემი აუდიტორიაც ინტერესდება ხოლმე. ჩემი პოსტები მეგობრებს მოსწონთ... არაერთმა მირჩია, მიღებული შთაბეჭდილებები შემეკრიბა და გამომეცა. რჩევები გავითვალისწინე და წლების განმავლობაში ნაგროვები შთაბეჭდილებები ერთ წიგნად ავკინძე. სხვათა შორის, ვიდრე „პალიტრა L-ის“ კონკურსში გავიმარჯვებდი, არაერთ გამომცემლობას მივმართე, მაგრამ ყველასგან უარი მივიღე, სხვადასხვა სახის დასაბუთებით. საბოლოოდ კი, საშუალება მომეცა, ჩემი ჩანაწერები წიგნად მექცია.

-რა მოლოდინი გქონდათ კონკურსისგან? ელოდით თუ არა ამხელა ინტერესსა და გამარჯვებას? რას ნიშნავდა თქვენს ცხოვრებაში ეს აღიარება?

სიმართლე გითხრათ, ამდენი უარის შემდეგ არ ველოდი გამარჯვებას. ჩემმა მეგობარმა, სანდრო სუბელიანმა ლამის ძალით შემატანინა განაცხადი კონკურსზე, რომლის შესახებაც თავადვე მიამბო. მახსოვს, ბოლო დღეს გადავაგზავნე წიგნიც და საჭირო დოკუმენტაციაც და აი, საოცრება მოხდა. ჯერ მეორე ტურში გადავედი მკითხველთა ხმებით, შემდეგ კი ჟიურის რჩეული გავხდი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟიურის წევრებს არ ვიცნობდი. რუსუდან რუხაძე უკვე გამარჯვების შემდეგ, ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე სრულიად შემთხვევით გავიცანი. ოთარ ჯირკვალიშვილსა და ნანა ტრაპაიძეს პირადად დღემდე არ შევხვედრილვარ.

ხშირად აღვნიშნავ, რომ საქართველო, ცოტა არ იყოს, ნეპოტიზმისკენ მიდრეკილი კულტურის ქვეყანაა, და მე, პირადად, სულ თითებზე შემიძლია ჩამოვთვალო ის შემთხვევები, როდესაც სრულიად უცნობი ადამიანებისგან მიმიღია ასეთი აღიარება, ამიტომ არ დავიღლები ჟიურის წევრებისა და გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ქებით. ამ აღიარებამ, ერთი მხრივ, რწმენა შემმატა და მეორე მხრივ, მომცა იმის იმედი, რომ საქართველოშიც შეიძლება რაიმე მნიშვნელოვანის მიღწევა ნეპოტიზმის გარეშე. ეს ბევრ რამედ ღირს, დარწმუნებული ვარ, არა მარტო ჩემთვის, არამედ 2024 წლის კონკურსის კიდევ ორი გამარჯვებულისთვის - ელენე კუპრაშვილისა და ნათია საგინაშვილისთვის. ორივე არაჩვეულებრივი მწერალია. თან ძალიან მიხარია, რომ ორივე ქალია.

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო „პალიტრა“ L-ის მთელს სარედაქციო ჯგუფს, განსაკუთრებით კი მაია ალუდაურს, სვეტა კვარაცხელიასა და ჩემს მენტორ-რედაქტორს გიორგი კეკელიძეს, რომელმაც წიგნისთვის საოცრად შთამაგონებელი წინასიტყვაობა დაწერა.

-უფრო დეტალურად რის შესახებ მოგვითხრობს ერთ წიგნად შეკრული წერილები? რა მთავარი სათქმელის გადმოცემა გსურდათ მათში?

ჩანაწერების აკინძვა რომ დავიწყე, ორი ძირითადი პრობლემის წინაშე დავდექი: არ ვიცოდი, რა უნდა დამერქმია იმ ჩანახატების, თავისებური წერილების ნაკრებისთვის, რომლებიც სრულიად განსხვავებულ თემებს მოიცავს... დაწყებული ხელოვნებითა და დამთავრებული ოჯახითა და სიყვარულით. სწორედ ამ დროს, მამაჩემის დამსახურებით, მომაგონდა ერთი უნიკალური მეგრული სიტყვა - „მეკომოკონები“. მეკომოკონები ისეთი წვრილმანებია, რომლებიც, ერთი შეხედვით, უმნიშვნელოა, და თან საოცრად საჭირო; მეორე პრობლემა უკავშირდებოდა პრინციპს, რომლის საფუძველზე უნდა ამეკინძა ჩანაწერები. „ფეისბუქის“ „სქროლვისას“ გადავაწყდი ბორის აკუნინის პოსტს სეი სიონაგონის შესახებ. ეს იაპონელი მწერალი ქალი მე-10 საუკუნეში იაპონიის საიმპერატორო კარზე დედოფალ სადაკოს სეფექალად მსახურობდა. მას, ისევე როგორც არაერთ იაპონელ არისტოკრატს, ჩვევად ჰქონდა, ე.წ. „სასთუმლის ჩანაწერების“ წერა. ასე მოიხსენიებდნენ იაპონელები ნაკრებს ჩანიშვნებისა, რომელთა საშუალებით ქალებს და კაცებს დაბინდებისას, საძინებელ ოთახში შესვლის შემდეგ, საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილებს, თავში შემოხეტიალებული აზრები ქაღალდზე გადაჰქონდათ და შემდეგ მათ ხის სასთუმლის უჯრებში ინახავდნენ. უბრალოდ, სეის უმაღლესი ხარისხის ნააზრევთა ნაკრებმა შეისისხლხორცა ეს სახელწოდება და უკვე თერთმეტი საუკუნეა, ჩვენ ვტკბებით მისი „სასთუმლის წიგნით“. სხვათა შორის, წიგნი ქართულად არაჩვეულებრივად თარგმნა ჯუმბერ თითმერიამ, რომელმაც სათაურად სხვა ვერსია აირჩია - „მარტოობის ჟამს ჩანაწერები“.

სეი სიონაგანის მიერ ჩანაწერების ერთ წიგნად აკინძვას ახალი ჟანრის - ძუიჰიცუს დაბადებაც მოჰყვა. ყალამს მოყოლილი, ყალმის კვალდაკვალ - დაახლოებით ასე ითარგმნება ეს სიტყვა. ძუიჰიცუ შედგება პირადი ხასიათის, ერთმანეთთან ნაკლებად დაკავშირებული ესეებისგან, თუ ქაღალდზე დაფიქსირებული ფრაგმენტული იდეებისგან, რომლებშიც ავტორის უშუალო გარემოცვა აირეკლება. ესეები ერთმანეთს ენაცვლება ასოციაციების პრინციპით. როგორც წავიკითხე, ძუიჰიცუს ყველაზე დამახასიათებელი ნიშან-თვისება ავტორის მედიტაციებია მატერიალური სამყაროს სწრაფმავლობაზე.

სწორედ სეი სიონაგონის გაცნობისას მივხვდი, რა პრინციპით უნდა დამელაგებინა და გამეერთიანებინა ჩემი „ყალმის კვალდაკვალ“ დაბადებული და კომპიუტერსა თუ მობილურ ტელეფონზე აკრეფილი ტექსტები - ჩემი პოსტები, რომლებიც „სასთუმლის ჩანაწერებიც“თანამედროვე ვერსიას, უფრო სწორედ, ამ იდეის ინტერპრეტაციას წარმოადგენს. ჩემი მეკომოკონები იმ წვრილმანებს ეხება, რომლებიც მნიშვნელოვან მოვლენათა სწრაფმავლობაში ხშირად შეუმჩნეველი რჩება. არადა ჩვენში ილექება და ჩვენს არსს განსაზღვრავს.

ყოველივე ამან განაპირობა როგორც წიგნის სათაური, ისე მისი განსაკუთრებული მახასიათებლები. აქ ხშირად ვხვდებით ჩემი შთაგონების წყაროს ჩემ მიერვე გადაღებულ ფოტოებს, რომელთა საშუალებით მკითხველს ჩემს შთაბეჭდილებებს ვიზუალური სახითაც ვაწვდი. ფოტოების არც თუ სახარბიელო ხარისხიდან გამომდინარე, ისინი მობილურის სპეციალური აპლიკაციების გამოყენებით ნახატებად ვაქციე.

-როგორ ფიქრობთ, როგორ შეხვდება მკითხველი თქვენს ნამუშევარს? რა მოლოდინები გაქვთ მათგან?

იცით, სულ ახლახან მქონდა წიგნის პრეზენტაცია კონსერვატორიის მცირე დარბაზში, რომელიც გადატენილი იყო და ორასზე მეტი ადამიანი სულგანაბული ისმენდა ჩემ მიერვე წაკითხულ რამდენიმე მეკომოკონს. ბევრმა მითხრა, რომ ზოგიერთი მათგანის მოსმენისას იტირა. ისე, დარბაზში სიცილიც მოჰყვა არაერთი პოსტის წაკითხვას. პრეზენტაციაზე მოტანილი ყველა წიგნი გაიყიდა და სამწუხაროდ, სტუმრების არ შეხვდა იგი. იმედი მაქვს, ისინიც გაეცნობიან ჩემს წიგნს და მოხარული ვიქნები, თუ სხვებსაც ურჩევენ მის წაკითხვას.

R