კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
ტრაგედიას უამრავი ადამიანი ეხმიანება და ელენეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მათ შორისაა სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი.
"მძიმე ამბები გვიბიძგებს ხოლმე დაფიქრებისკენ.
ჯერ იყო და ტელევიზიაში, მამის კისერზე შემოსკუპებული გავიცანი და რადგან მე უფრო მაღალი ვიყავი და უფრო მარდადაც დავრბოდი, ჩემს კისერზე ბევრი დრო გაატარა. მერე დავკარგე, წლები გავიდა და უკვე 19 წლის ელენე შემხვდა გირჩის ოფისში, ჯაფარამ მედიასთან ურთიერთობა ჩამაბარაო. ისე ჩავბურჯგნე, კინაღამ დავახრჩვე ბავშვი.
ამასობაში მამა ამერიკაში წავიდა, მე კი დედასთან ერთად აღმოვჩნდი ბრძოლის წინა ხაზზე და ამჯერად ნინოსთან ვიყოფდი ელენეს სიყვარულს!
ბოლო 7 წელი კი დღე არ გასულა მის გარეშე. ყველა აქციაზე, ყველა მნიშვნელოვან ამბავზე, ყველგან იყო, ყველგან იყო და თან როგორ ანათებდა?
არასდროს, არავის დაუსწრია დაბადების დღის მოლოცვა. არასდროს დაზარებია წამით მოვარდნა, ჩახუტება და მერე ისევ დიდი გოგოს საქმეებზე წასვლა.რომ მეგონა მე ვიყავი გამონაკლისი, თურმე ძალიან ვცდებოდი. ყველას ეგრე შეაყვარა თურმე თავი.
10 დღის წინ დაბადების დღე ჰქონდა, თვეებით ადრე დამპატიჟა, მერე პერიოდულად მახსენებდა და რომ დარწმუნდა უბრალოდ საქართველოში არ ვიყავი, ჯანდაბას, ამჯერად უკრაინის ხათრით გაპატიებ აქ რომ არ ხარო.
დაქროდა ევროპის ქალაქებში, ფოტოებს მიგზავნიდა, დამცინოდა ბებერი ხარ, აწი მე ვიგრიალებო…
დღეს ყველანი ჭირისუფლები ვართ, ყველა ვიღებთ სამძიმარს და თუკი რამ მოტივაცია გვაკლდა, ახლა ელენეს სახელითაც მოგვიწევს მისი მთავარი სურვილის ასრულება!
შევხვდებით ძია"- წერს გიგა მაქარაშვილი.