ავტორი:

"ვაუქმებთ დღევანდელ ღონისძიებას.... დავკარგეთ ჩვენი თანაგუნდელი, ელენე, ვლოცულობთ ანას გადარჩენისთვის" - გვარამიას განცხადება

"ვაუქმებთ დღევანდელ ღონისძიებას.... დავკარგეთ ჩვენი თანაგუნდელი, ელენე, ვლოცულობთ ანას გადარჩენისთვის" - გვარამიას განცხადება

კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

  • ერთ-ერთ ავტომანქანაში კოალიციის შტაბის წევრი ელენე მეგრელიშვილი იმყოფებოდა. ელენე ადგილზე გარდაიცვალა.

"კოალიცია ცვლილებისთვის" აღნიშნულის გამო ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებას აუქმებს. ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

"პარტიისთვის ჩვენი კოალიციისთვის უმძიმესი დღეა. დავკარგეთ ჩვენი თანაგუნდელი, ელენე მეგრელიშვილი, რომელიც პირველივე დღეიდან ჩვენთან ერთად იყო და მასთან ერთად მანქანაში მყოფი ანა ქართლელიშვილი ახლა იბრძვის გადარჩენისთვის. ჩვენ დღეს გვინდა სამძიმარი გამოუცხადოთ, ელენეს ოჯახს, მეგობრებს, ვლოცულობთ ანას გადარჩენისთვის. ასეთი მძიმე დღეები ჩვენ ჯერ არ გვქონია და იმედია, არც არასოდეს გვექნება. ჩვენ სამწუხაროდ, ჩვენი თავი არ გვეკუთვნის. ჩვენი ბრძოლა ეკუთვნის სამშობლოს, ქართველ ხალხს. ეს არის ელენეს და ანას ბრძოლა. ჩვენ უფლება არ გვაქვს ჩავიმუხლოთ, გავჩერდეთ, წავიქცეთ. ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ, ბრძოლას, ელენეს სახელით და ველოდებით ანას. დღეს ღონისძიება გვქონდა დაგეგმილი ბათუმში, მინდა ბოდიში მოვუხადო ბათუმელებს, ღონისძიებას ვაუქმებთ, რადგან უბრალოდ შეუძლებელია, რომ რაიმე სხვაზე ვიფიქროთ," - აღნიშნა გვარამიამ.

ცნობისთვის, დაშავებულ ანა ქართლელიშვილს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გუშინ ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა - მას დაზიანებები ღვიძლისა და თავის არეში ჰქონდა. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. წუხელ მისი თბილისის საავადმყოფოში გადმოყვანა იგეგმებოდა, თუმცა მედიკოსებმა ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცეს. დღეს გოგონას მეორე ოპერაცია ჩაუტარდა.

წაიკითხეთ ასევე: