3 ახალი ქართველი ავტორი, რომელთა წიგნებიც არ უნდა გამოგრჩეთ

3 ახალი ქართველი ავტორი, რომელთა წიგნებიც არ უნდა გამოგრჩეთ

ლიტერატურული კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024“-ის გამარჯვებული ავტორების წიგნები უკვე ხელმისაწვდომია „ბიბლუსის“ ქსელში. წელს, კონკურსს, რომელსაც გამომცემლობა „პალიტრა L” ყოველწლიურად ატარებს, სამი გამარჯვებული ჰყავს: ნინო ჟვანია, ნათია საგინაშვილი და ელენე კუპრაშვილი.

ახალი ავტორების წიგნების წარდგენა 10 ოქტომბერს, ვაკის მედიათეკაში გაიმართა.

მათთვის, ვინც თვალს ადევნებს თანამედროვე ქართულ ლიტერატურას და ახალი ავტორები აინტერესებთ, საინტერესო აღმოჩენა იქნება ელენე კუპრაშვილის - „ფოლადის ფრთები“; ნათია საგინაშვილის - „ფრთხილად! ცირკში მკვლელია!“ და ნინო ჟვანიას - „მეკომოკონები ანუ ძუიჰიცუ“.

რა უნდა იცოდეთ ახალ ავტორებსა და მათ წიგნებზე:

ელენე კუპრაშვილი, 34 წლის, დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში. ამჟამად არის სადაზღვევო კომპანია „არდის“ ხარისხის მართვის ოფისის უფროსი მენეჯერი და კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი. ცხოვრობს თბილისში, მეუღლესა და ორ შვილთან ერთად. წერა ელენემ მხოლოდ ბოლო ორი-სამი წლის წინ დაიწყო. შემდეგ კი გადაწყვიტა თავი ფართო აუდიტორიისთვის გაეცნო და ბედი ლიტერატურულ კონკურსში - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024“ ეცადა.

წიგნის შესახებ: ეს ეპიკური ისტორია ომისა და მითოლოგიის ეპოქაში მიმდინარეობს, სადაც ორი უდიდესი ცივილიზაცია — კართაგენი და რომი — გადამწყვეტი ბრძოლის წინ დგას. მთავარი გმირი, პერისტერი, ღარიბი ბებიაქალის შვილია, რომელიც უმამოდ იზრდება კართაგენში. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც დედას ცნობილი გენერალი ჰამილკარ ბარკა იწვევს, მისი ცოლის გადასარჩენად. სწორედ აქ შეხვდება პერისტერი გენერლის ტყუპ ვაჟებს, ანიჰალს და ჰარტაგოს, და მათი ბედი ერთმანეთში იხლართება.

სიუჟეტი გაჯერებულია მითოლოგიით, სადაც ღმერთები ქედმაღლობით ადევნებენ თვალს ადამიანთა ცხოვრებას, და ადამიანები, ხშირად სასტიკი რიტუალებით, ცდილობენ მათი წყალობის მოპოვებას. გმირებს არაერთი გამოწვევა ელით: ბრძოლები, შეთქმულებები და სამღვდელოების ზეწოლა. მთავარი კითხვა ისაა, თუ როგორ წარიმართება წინასწარმეტყველება და მოახერხებენ თუ არა გმირები მისგან თავის დაღწევას, როცა ერთ მხარეს ადამიანები, ხოლო მეორე მხარეს ღმერთები დგანან.

ნათია საგინაშვილი, 22 წლის, ცხოვრობს თბილისში. ბავშვობაში მისი ოცნება სცენარისტობა და საკუთარი სცენარის მიხედვით ფილმის გადაღება იყო. 14 წლის ასაკში თავისი სცენარის მიხედვით წიგნის დაწერაც სცადა, მაგრამ მალევე შეწყვიტა მცდელობა.

მას შემდეგ, მისი პროფესიული ოცნებები და გატაცებები ბევრჯერ შეიცვალა, თუმცა ლიტერატურისადმი სიყვარული არასდროს განელებია. მიუხედავად იმისა, რომ დეტექტიური ჟანრი არასოდეს ხიბლავდა, მისი პირველი დასრულებული რომანი სწორედ დეტექტივია - "ფრთხილად! ცირკში მკვლელია!".

წიგნის შესახებ: თბილისის ცირკი იმაზე მეტი საიდუმლოებითაა მოცული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. 9 ოქტომბრის ღამეს ცირკში ჯამბაზს კლავენ. მკვლელობის გამოძიებას თეიმურაზი და მისი სტაჟიორი, ტატო, იწყებენ. ტატოს თავის კარიერაში დებიუტი აქვს. თეიმურაზი კი დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობის დატოვებას აპირებს და წასვლამდე უკანასკნელი საქმის აღებას თანხმდება.

უდანაშაულო ჯამბაზის მოკვლის მიზეზის გარკვევას მოხუცი დეტექტივი და ახალგაზრდა სტაჟიორი ფართომასშტაბიან დანაშაულთან მიჰყავს. გამოძიების მსვლელობა სახიფათო თავგადასავლის სახეს იღებს, რაც მკვლელობათა ახალი სერიითა და მოულოდნელი აღმოჩენებით სრულდება.

ნინო ჟვანია, 48 წლის, პიანისტი, მუსიკისმცოდნე და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასა და დიუსელდორფის რ. შუმანის სახელობის ჰოხშულეში სწავლობდა. ევროპაში ყოფნისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო თანამედროვე მუსიკას, რაც გამოიხატა ორლეანის XX საუკუნის საფორტეპიანო მუსიკის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებით და მრავალ ფესტივალში მონაწილეობით. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2005 წელს, მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია კარლჰაინც შტოკჰაუზენის შემოქმედებაზე.

ნინო ჟვანია მუშაობს როგორც მუსიკალურ ჟურნალისტიკაში, ისე მუსიკის სწავლების სფეროში, ჩაატარა მასტერკლასები და ლექციები სხვადასხვა ქვეყნებში. მისი დისკოგრაფია მოიცავს ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებების ჩანაწერებს, ხოლო მისი კვლევები და სახელმძღვანელოები მრავალ ენაზეა გამოქვეყნებული. ნინო ჟვანია ასევე ლიტერატურული ნამუშევრების ავტორია, და მისი პირველი მოთხრობა 18 წლის ასაკში გამოიცა, თუმცა მუსიკოლოგიური საქმიანობა გახდა მისი ძირითადი ფოკუსი. "მეკომოკონები" მისი პირველი ლიტერატურული ნამუშევარია თითქმის ოცდაათწლიანი პაუზის შემდეგ.

წიგნის შესახებ: წერილების წერა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი საქმიანობაა, მაინც განსაკუთრებული სიამოვნებაა. სეი სიონაგონის მსგავსი იაპონელი მწერლის მიერ დაწერილი ჩანაწერები გვასწავლიან, როგორ შეიძლება ჩვენი გრძნობების გამოხატვა წერილებში. ნინომ აღმოაჩინა სეი სიონაგონი და მისი „სასთუმლის ჩანაწერები“, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა მისი ინტერესი წერების მიმართ. საკუთარი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მიზნით, ნინომ გადაწყვიტა, რომ საკუთარი ჩანაწერები წიგნად ექცია.

„სხვათა შორის, ბევრად ადრე, ვიდრე სეი სიონაგონი შემოვიდოდა ჩემს ცხოვრებაში, ჩემმა გონებამ, მოშვებულ მდგომარეობაში ხეტიალისას ერთი არაჩვეულებრივი მეგრული სიტყვა ამომიგდო - მეკომოკონი... ყოველივე წვრილმანი, რაც ერთი შეხედვით უმნიშვნელოა, და თან საოცრად საჭირო... კონცენტრირების უნარი რომ დავუბრუნე ჩემს გონებას, მაშინ გადავწყვიტე, ჩემი „ყალმის კვალდაკვალ“ დაბადებული და კომპიუტერსა თუ მობილურ ტელეფონზე აკრეფილი ტექსტების ნაკრებისთვის მეკომოკონები დამერქმია... მეკომოკონები... ჩემი მეკომოკონები იმ წვრილმანებს ეხება, რომლებიც მნიშვნელოვან მოვლენათა სწრაფმავლობაში ხშირად შეუმჩნეველი რჩება... არადა ჩვენში ილექება და ჩვენს არსს განსაზღვრავს...“ - ამბობს ავტორი.

R