ავტორი:

ნახევარი საუკუნის შემდეგ ხალდეში ქორწილი ისევ შედგა - გაიცანით წყვილი, რომელმაც თითქმის დაცლილ სოფელში დიდი დღესასწაული მოაწყო

ნახევარი საუკუნის შემდეგ ხალდეში ქორწილი ისევ შედგა - გაიცანით წყვილი, რომელმაც თითქმის დაცლილ სოფელში დიდი დღესასწაული მოაწყო

"სოფელ ხალდეში ოთხი გვარი ცხოვრობდა: გასვიანები, ჩეგიანები, ჩოფლიანები, ჯოხაძეები და აი, ამ ოთხმა გვარმა სვანეთს თეთრი ქუდი დაადგა!.. ხალდეს მოსახლეობა კაჟის თოფებით დაუპირისპირდა ქვემეხებით შეიარაღებულ მეფის რუსეთის ჯარს... ხალდელებს სასამართლოზე დიდი ქართველი მგოსანი აკაკი წერეთელი იცავდა. მან ყველაფერი გააკეთა, მეფის რუსეთის თვითნებობა და ძალმომრეობა რომ ემხილა, მაგრამ რას გახდებოდა?! ყველას ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. სამწუხაროდ, გადასახლებიდან მხოლოდ ორი კაცი დაბრუნდა, დანარჩენები, 26 კაცი, ციმბირის მიწაში ჩაწვნენ... ხალდელების მაგალითი ამაგრებდა იმ სვანებს, რომელთაც სამჯერ დაამარცხეს მეთერთმეტე წითელი არმიის ნაწილები სვანეთში. 1925 წლამდე სვანეთი ვერ გაასაბჭოვეს! " - ამბობს საზოგადო მოღვაწე, პოეტი, პუბლიცისტი ერეკლე საღლიანი... რამდენჯერმე ნანგრევებად ქცეული სოფელი კვლავ ცოცხლდება... ხალდეში ნახევარი საუკუნის შემდეგ - ჯემო გასვიანის და ელენე კოკაურის ქორწილი შედგა ...

ჯემო გასვიანი თავად გვიამბოს მისი უმშვენიერესი მეუღლის გაცნობის და საუკუნის ქორწილის შესახებ...

- ჩემი და ელენეს გაცნობა შემთხვევით მოხდა, ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო. არ აღვწერ თუ რა გარემოსა და ვითარებაში, თუმცა იმ წამიდან მოყოლებული როცა პირველად დავინახე, განცდა მქონდა, რომ მასთან ბედისწერამ დამაკავშირა. მე გადავდგი პირველი ნაბიჯი მის გასაცნობად და შემდეგ ეს ურთიერთობა ეტაპობრივად, სწორი და გააზრებული ნაბიჯებით განვითარდა... მის დასახასიათებლად შეიძლება ეპითეტები არ მეყოს, იმდენად საოცარი ადამიანია. მისი ნატიფი სილამაზე იყო ის, რამაც თავდაპირველად თვალი მომჭრა, მაგრამ გულწრფელად მაშინ შემიყვარდა, როდესაც გავიცანი. მასში ყველა ის თვისება აღმოვაჩინე, რასაც ადამიანში ყველაზე მეტად ვაფასებ. არ ვუტრირებ, როდესაც ვამბობ რომ მისი სახის დანახვისთანავე შესამჩნევია თუ როგორი ადამიანია, რადგან ზუსტად იგივეს ამბობენ სხვებიც, როდესაც პირველად ნახავენ. ერთმანეთის შეყვარება ორივესთვის მარტივი ამოცანა აღმოჩნდა, ერთმანეთს იმდენად კარგად ვუგებთ. მე ახლა საკუთარი მხრიდან ვსაუბრობ და აღვწერ ამ განცდებს, თუმცა შეგიძლიათ მიიჩნიოთ, რომ ყველაფერი სარკისებურად იდენტური იყო მისი მხრიდანაც...

- ხალდეში დაბრუნება რას ნიშნავდა თქვენთვის?

- დიახ, ხალდეში დაბრუნება ყველა ხალდელის სანუკვარი ოცნებაა, მათ შორის ჩემთვისაც. ბავშვობიდან მომყვება სიამაყის გრძნობა, ჩემი სოფლის გმირობიდან გამომდინარე სხვანაირად ვერც იქნებოდა... თუმცა ადრე ვერასოდეს წარმომედგინა იქ დაბრუნება თუ შესაძლებელი იქნებოდა. პირველი ადამიანი ვინც ამის სურვილი გამიღვივა, ჩემი ბიძაშვილი - ვასკა გასვიანი იყო. ჩვენი ოჯახებიდან პირველმა მან მოახერხა რომ ასულიყო, იქაურობა ენახა და მერე თითოეულ ჩვენგანს ჩააწვეთა გულში ამის მოტივაცია. მე და ვასკა ხშირად ვსაუბრობდით ხალდეზე, გვინდოდა რამე პატარა კოტეჯი მაინც გვქონოდა ხალდეში რომ დარჩენა შეგვძლებოდა... დღეს სამწუხაროდ ვასკა გვერდით აღარ გვყავს, ჩვენ კი ჩავთვალეთ, რომ მისი სულის გასახარებლად ყველაზე კარგი რასაც შევძლებდით, ხალდეში სახლის აშენება იქნებოდა. საბედნიეროდ, ღვთის წყალობით ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც ჩავიფიქრეთ და ახლა უკვე იმის პრეცედენტიც გვაქვს, რომ ხალდეში ქორწილი ნახევარი საუკუნის შემდეგ ისევ შედგა.…

- როგორ მიიღეთ ხალდეში ქორწილის გადახდის გადაწყვეტილება?

- ისე დაემთხვა, რომ ზედიზედ სამი წელიწადი ხალდეში შევხვდი ჩემს დაბადების დღეს, ასე მომიწია საქმეებიდან გამომდინარე. შარშან ამის გაანალიზებისას იდეამ მომხიბლა, რომ პატარა ტრადიციად მექცია ჩემი იუბილეს აღნიშვნა ხალდეში და მეგობრები მოვიწვიე. იმაზე საუბარს აღარ განვავრცობ თუ რა შთაბეჭდილებების ქვეშ მოექცნენ ჩემი მეგობრები იქაური გარემოთი.… ყველაფერი უზომოდ ლამაზი იყო. ატმოსფერო, რომელიც იქ იყო, თითქოს სიცოცხლეს აღვიძებდა ყველა ჩვენგანში. ალბათ სწორედ ეს დადებითი ემოციები და მუხტი იყო ის, რამაც, შთამაგონა თუ რამდენად შესაძლებელი იყო იქ ჯვრის დაწერა...

შარშან იმ დროს სწორედ ის პერიოდი იყო, როდესაც შესაძლოა ითქვას, რომ სიყვარულის გრძნობით ვიწვოდი. მაშინ მე და ელენე არ ვიყავით ჯერ იმ ეტაპამდე მისული, ამაზე რომ გვესაუბრა, მაგრამ იქიდან დაბრუნებულმა მაშინვე ყველას ვაუწყე, რომ შემდეგ წელს მე ხალდეში ჯვარს დავიწერდი. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემთვის დიდად არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ რამდენად მოხერხდებოდა იქ ამის ლამაზად აღნიშვნა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის განცდა, რაც შინაგანად ამისკენ მიბიძგებდა. მინდოდა ჩვენი ქორწინება გარკვეული სიმბოლოს მატარებელი ყოფილიყო ჩვენთვის და ეს არ ყოფილა ეგოისტური ზრახვა... პირველად როცა ეს სურვილი ელენეს გავუზიარე, მისი გაბრწყინებული თვალები დავინახე, ვიგრძენი, რომ მისთვისაც ისეთივე მნიშვნელობის იყო ეს ყველაფერი, როგორც ჩემთვის. საბედნიეროდ ყველაფერი გამოვიდა ისე და იმაზე ლამაზად, ვიდრე ვიოცნებებდით. ყველაფრის გარეშე ლამაზია იქაურობა, მაგრამ ჩემმა ბიძაშვილებმა - ლიტამ და ლალიმ მოახერხეს ის გარემო ზღაპრულად ექციათ. საბოლოო ჯამში მართლაც ენით აღუწერელი ატმოსფერო შეიქმნა.

- ბევრი სირთულე გადალახეთ?

- თავიდან საკმაოდ ავანტიურულად მოჩანდა ეს იდეა, რადგან პრაქტიკაში ამის განხორციელება ძალიან რთული იყო. ზოგიერთმა სკეპტიკურადაც განიხილა, მაგრამ ჩემი ოჯახი ბოლომდე გვერდში მედგა. ასევე მამიდაჩემი, ბიძაჩემი, ბიცოლა, ჩემი ბიძაშვილები და უმაგრესი სიძეები... ყველამ მიიღო მონაწილეობა ამ დღის შექმნაში. არ მინდა ვინმე გამომრჩეს. ყველას მადლობა ვუხდი, ვინც დახმარება გამიწია. იქ მცხოვრები ჩემი ნათესავები და არამხოლოდ, ნებისმიერი ადამიანი ვინც კი ეს ამბავი გაიგო, თავისი წილი დახმარება შემომთავაზა. ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის ეს გვერდში დგომა სრულიად უცხო ადამიანებისგანაც... იმაზე მეტი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ყველაფერს, ვიდრე თავდაპირველად თავად მიმაჩნდა. მადლიერი უნდა ვიყო თითოეული მათგანის, მაგრამ თითქოს აქეთ გამოხატავდა ყველა მადლიერებას. ეს ძალიან დიდ სიყვარულს ნიშნავს. სვანეთში ყველა მცხოვრებს აერთიანებს ხალდეს სიყვარული, ამის თქმა ამაყად შემიძლია!

ლალი გასვიანი:

- ხალდეში ძალიან პატარა ტაძარია, წირვა ლოცვა არ აღევლინება, მაგრამ მეზობელ სოფლიდან, კალადან გვესტუმრა მამა კვირიკე და წყვილს ჯვარი დასწერა ხალდეს მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში...

- როგორ შეძელით ასეთი ულამაზესი ქორწილი გაგემართათ იქ, სადაც მისასვლელი გზაც კი ურთულესია...

- ისევ და ისევ ოჯახის წევრების და მეგობრების დახმარებით, პროფესიონალების ჩარევის გარეშე შევძელით ამ საოცარი საღამოს მოწყობა. ბიძა და მამა უკვე რამდენიმე წელია ყოველ ზაფხულს და შემოდგომას ხალდეში არიან, თითქმის სულ იქ ცხოვრობენ და კარგად იციან, რა სად უნდა ვეძიოთ... გავერთიანდით და საქმე გადავინაწილეთ... პრიორიტეტი იყო მაქსიმალურად აგვეთვისებინა გარე სივრცე. ამინდმაც ისე გაგვიმართლა, თითქოს ჩვენთვის გამოიდარა. გადაბმული წვიმების შემდეგ, საოცრად მზიანი და უჩვეულოდ თბილი დღე იყო...

ჩემი და პროფესიით დიზაინერია, გარემოს მოწყობა მას დაევალა, ასისტენტად მე დავუდექი. თბილისში შევიძინეთ ყველა საჭირო ნივთი დეკორაციების მოსაწყობად, ინსპირაციად შემოდგომა გამოვიყენეთ... სიმართლე გითხრათ, ხალდეს პეიზაჟებს დიდი ჩარევა არც დასჭირდა ისედაც ულამაზესია იქაურობა... კერძების მომზადება ოჯახის უფროს ქალებს, ბიცოლას და დედას დაევალათ, ეს საქმე მათ შეუდარებლად გამოსდით. ჩემი და ჩემი დის მეუღლეე მწვადს წვავდნენ...

მეზობლები და მეგობრები, რომლებიც ქორწილის წინა დღეს სვანეთში ამოვიდნენ, ძალიან დაგვეხმარნენ. ფოტო-ვიდეო გადაღებაც თავად მოვახერხეთ, ბიძაშვილი (სიძის ძმა, რომელიც "ხალდეს აჯანყების" მოთავის გურმაჩ გასვიანის მოსახელეა) და მისი მეგობარი გოგონა ამ სფეროში მოღვაწეობენ და ულამაზესი კადრები გადაიღეს.. იმდენად სიმბოლური იყო ხალდეში ქორწილი, განსაკუთრებული განწყობა იყო შექმნილი. მეზობელი სოფლებიდან მოსული სტუმრებიც აღნიშნავდნენ , რომ ხალდეში ქორწილი იმდენად დიდი ხნის წინ იყო, მხოლოდ გადმოცემით ახსოვთო... ძალიან კარგი საღამო გამოვიდა. განსაკუთრებით ამაყი ვარ იმით, რომ ეს ყველაფერი ოჯახმა საკუთარი ძალებით შევძელით.