კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები თელავის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული გერმანიის მოქალაქეა.
Ambebi.ge-ს კოალიცია "ცვლილებისთვის" პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ ერთ-ერთ ავტომანქანაში კოალიციის შტაბის წევრი ელენე მეგრელიშვილი იმყოფებოდა. ელენე ადგილზე გარდაიცვალა.
დაშავებულ ანა ქართლელიშვილს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გუშინ ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა - მას დაზიანებები ღვიძლისა და თავის არეში ჰქონდა. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. წუხელ მისი თბილისის საავადმყოფოში გადმოყვანა იგეგმებოდა, თუმცა მედიკოსებმა ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცეს. დღეს გოგონას მეორე ოპერაცია ჩაუტარდა.
ტრაგედიის ადგილზე სამართალდამცველები გვიანობამდე მუშაობდნენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.