ავტორი:

"ამ სქემაში პრემიერობის საუკეთესო კანდიდატი თავად სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა" - რას წერს გია ხუხაშვილი

"ამ სქემაში პრემიერობის საუკეთესო კანდიდატი თავად სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა" - რას წერს გია ხუხაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ის ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს. აღნიშნულ თემას ეხმიანება პოლიტიკური საკითხების ექსპერტი, გია ხუხაშვილი და იმ რისკებზე საუბრობს, რომელიც ახლავს, რომელიც შეიძლება ახლდეს დროის მცირე მონაკვეთში ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას.

"ჩემი მოსაზრება ტექნიკურ (გარდამავალ) მთავრობაზე პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით:პრეზიდენტის მხრიდან პრემიერ-მინისტრის კანდიდატურისთვის რეკომენდაციის გაწევა პოლიტიკური შეთანხმების საკითხია და ამის ანტი-კონსტიტუციურობაზე აპელირება არასერიოზული და მცდარია.ცუდია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა უაღრესად შეზღუდულ ვადებში, ფაქტობრივად ცაიტნოტში ხდება, რაც გარკვეულ რისკებს შეიცავს.

თუმცა, მიმაჩნია, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ეს პრობლემები სწრაფად გადალახვადია.ამ პროცესის საგზაო რუქა ასე წარმომიდგენია:

1. პრეზიდენტი რეკომენდაციას უწევს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.

2. ქართულ ქარტიაზე ხელმომწერი ძირითადი სუბიექტებიდან (4 სუბიექტი მყავს მხედველობაში) ისინი, ვინც დაეთანხმებიან მის კანდიდატურას, წარადგენენ ვიცე-პრემიერობის კანდიდატებს.

3. დანარჩენი კაბინეტის ფორმირება უკვე უნდა მოხდეს პოსტ-საარჩევნოდ არჩევნების შედეგების შესაბამისად.

4. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ მისი კაბინეტი გადადგება, როგორც კი ქართული ქარტიით დეკლარირებული მიზნები იქნება მიღწეული. მესმის, რომ არსებობს რისკი, რომ ეს გეგმა დარჩეს მხოლოდ პოლიტიკურ განაცხადად და განხორციელება არ ეწეროს, თუნდაც იმ მიზეზით, რომ ქარტიაზე ხელმომწერი სუბიექტების ნაწილი მას არ დაეთანხმება.

დათანხმება-არდათანხმება სუბიექტების პასუხისმგებლობის ზონაა და ბუნებრივია საარჩევნოდ ყველა გადაიხდის შესაბამის პოლიტიკურ ფასს.სამაგიეროდ საარჩევნო-სარეფერენდუმო პროცესში ირიბად ჩნდებიან მნიშვნელოვანი ფიგურები - მოქმედი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომლებიც მნიშვნელოვნად დაეხმარებიან იმ სუბიექტებს, რომლებიც ქარტიის ერთგულებას შეინარჩუნებენ.შედეგად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს ზუსტად ეცოდინება - რას, ვის და რატომ აძლევს ხმას.პარტიებმა უნდა გააცნობიერონ მთავარი - დღეს ჩვენ არ ვირჩევთ უბრალოდ ხელისუფლებას, მივდივართ რეფერენდუმზე და ვირჩევთ ევროპას…

P.S. აქვე ვიტყვი, რომ - ჩემი აზრით, ამ სქემაში პრემიერობის საუკეთესო კანდიდატი თავად სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა, რადგან მას აქვს ქარტიის მიზნების სწრაფად და ეფექტურად აღსრულების ყველაზე დიდი რესურსი", - წერს გია ხუხაშვილი.