ავტორი:

ორი გიორგი მამარდაშვილი, ორივე კარის მცველი: რა აკავშირებს "ქარელის" მეკარეს ეროვნული ნაკრების მეკარესთან - "მასაც ჩემსავით ხერხემლის პრობლემა ჰქონდა, ხელი არ ჩაიქნია"

ორი გიორგი მამარდაშვილი, ორივე კარის მცველი: რა აკავშირებს "ქარელის" მეკარეს ეროვნული ნაკრების მეკარესთან - "მასაც ჩემსავით ხერხემლის პრობლემა ჰქონდა, ხელი არ ჩაიქნია"

სახელი, გვარი, სპორტის სახეობა და სათამაშო პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა. თურმე ქართულ ფეხბურთს ორი გიორგი მამარდაშვილი ჰყავს და ორივე კარს იცავს. ეროვნული ნაკრების მეკარეს ყველა კარგად იცნობს, ამჯერად კი გაიცანით გიორგი მამარდაშვილი საფეხბურთო კლუბიდან "ქარელი".

- გიორგი, ფეხბურთის თამაში რა ასაკში დაიწყე?

- 12 წლის ვიყავი, ფეხბურთზე რომ შევედი. თამაში კი ცოტათი გვიან დავიწყე. მანამდე კალათბურთით ვიყავი დაკავებული. ფეხბურთზე ვარჯიში რომ დავიწყე, ჩემმა პირველმა მწვრთნელმა ლევან კაკაბაძემ მირჩია, კარში ჩავმდგარიყავი. ამ პოზიციაზე დაინახა მან ჩემი პოტენციალი, თუმცა სანამ კარში ჩავდგებოდი, მოედანზე სხვადასხვა პოზიციაზე ვთამაშობდი. წარმოშობით ხონიდან ვარ, ვარჯიშიც ხონის გუნდში დავიწყე. რაღაც პერიოდი მარტვილის "მერანში" ვიყავი, შემდეგ რუსთავში წავედი. სამწუხაროდ, ტრავმა მივიღე, თითქმის 2 წელი გამიცდა. ამ პერიოდში პოლონეთში ვიყავი წასული, ოჯახური პრობლემების გამო, მუშაობის დაწყება იყო საჭირო. საქართველოში რომ დავბრუნდი, მეგობრის რჩევით, რომელიც "არაგვში" თამაშობდა, ისევ მოედანს დავუბრუნდი. მაშინ ჩემთვის მთავარი იყო ფორმაში ჩავმდგარიყავი. ახლა კი იჯარით ვარ საფეხბურთო კლუბ "ქარელში". ჩვენი ეროვნული ნაკრების ასეთმა წარმატებულმა თამაშებმა ისეთი დიდი სტიმული მომცა, ახლა ასმაგი ენერგიითა და მონდომებით ვვარჯიშობ. გადავწყვიტე, მთელი ცხოვრება ამ საქმეს მივუძღვნა, ძალიან ბევრს ვშრომობ.

- როდესაც ადამიანებს ეცნობი, როგორც ფეხბურთელი, მეკარე და შენს სახელს და გვარს იგებენ, როგორია მათი რეაქცია?

- (იცინის) არ მიჯერებენ, ზოგს ჰგონია, რომ ვხუმრობ, ზოგს ჰგონია, ვიტყუები. მოედანზეც ჩემი სახელი და გვარი რომ გამოუცხადებიათ, ხშირად მაყურებლისგან საოცარი ოვაცია წამოსულა. მაისურზე სახელი და გვარი რომ მაწერია, ბევრს ჰგონია, რომ იმ გიორგი მამარდაშვილს ვბაძავ.

- ბევრი დამთხვევაა: სახელი, გვარი, სპორტის სახეობა, სათამაშო პოზიცია...

- (მაწყვეტინებს) გარეგნობაც.

- გიორგი მამარდაშვილს იცნობ?

- ჩემი ბაბუა და გიორგის ბაბუა ბიძაშვილები იყვნენ. პირადად მე გიორგის არ ვიცნობ, მაგრამ ჩვენი ოჯახები იცნობენ ერთმანეთს. გიორგისთან ურთიერთობა არასდროს მქონია. მხოლოდ ერთხელ დავემთხვიეთ ერთმანეთს, როცა რუსთავში ვთამაშობდით, მაგრამ გიორგი სხვა გუნდში იყო.

- მისგან, როგორც პროფესიონალისგან, რაიმეს სწავლობ?

- რა თქმა უნდა, გიორგისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მასაც ჩემსავით ხერხემლის პრობლემა ჰქონდა, ხელი არ ჩაიქნია, ბოლომდე იბრძოლა და მიზანსაც მიაღწია. საოცრად მიზანდასახულია. მეც ყველანაირად ვეცდები, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მაქსიმალურად შევძლო...წაიკითხეთ სრულად