ავტორი:

"კვარაცხელიას უკან დახევა უწევდა... რატომ ვიკამათე ქართველებთან?" - რა თქვეს მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა და როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა?

"კვარაცხელიას უკან დახევა უწევდა... რატომ ვიკამათე ქართველებთან?" - რა თქვეს მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა და როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა?

ერთა ლიგაზე უკრაინასთან 0:1 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"პირველ 30 წუთში ჩვენი მხრიდან თამაში კატასტროფა იყო. არ გვქონდა ინტენსივობა, აგრესიულობა. ასეთი მოქმედებისთვის უკრაინა დაწინაურებას იმსახურებდა. შემდგომში თამაში გამოვასწორეთ, მაგრამ მატჩის შემოსატრიალებლად საკმარისი მომენტები და შანსები არ გვქონდა. უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი შეხვედრების მოსაგებად მუდმივად ჩვენს დონეზე თამაში გვმართებს, რაც დღეს ვერ გავაკეთეთ. მატჩის ორი მესამედის მანძილზე მოედანზე უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ წავაგეთ.

ადვილი დაპირისპირებები არ არსებობს, მოტივაციის ნაკლებობა არ გვქონდა, იმედგაცრუებულები ვართ. იმისათვის, რათა გაუმჯობესდე, გამოსაფხიზლებლად სირთულეებს უნდა გადააწყდე. მატჩების დასაწყისში პრობლემები გვაქვს. იგივე იყო ჩეხეთთანაც. სამუშაო ბევრი გვაქვს" - განაცხადა მან.

პრესკონფერენციაზე უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სერგეი რებროვმაც ისაუბრა:

"პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მძიმე გაზონი იყო. ბიჭებმა თქვეს, რომ ყველაზე ცუდი მოედანი იყო, რომელიც უნახავთ. გვესმის რატომ - წვიმები იყო. ჩემმა ფეხბურთელებმა ხასიათი გამოავლინეს და სამი ქულა მოიპოვეს.

სადღაც 2-3 კვირის წინ საკითხავი იყო, ეს შეხვედრა პოზნანში ჩატარდებოდა თუ არა. მაშინ მოედანი სულ სხვა მდგომარეობაში იყო, ვიდრე ამჟამად. სტადიონი კარგია, მაგრამ ახლა ასეთი ამინდია.

კალიუჟნი? არაფერია სალაპარაკო, ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბურთს ართმევდა, გუნდზე ბევრს მუშაობდა. მარტო ის არა, ყველა, ვინც გამოვიძახე, რომლებიც მოედანზე გავიდნენ, ბოლომდე იბრძოლეს.

სურვილი ყოველთვის გვქონდა, მაგრამ ხასიათის სიმტკიცე გვჭირდებოდა. დღეს ეს ვაჩვენეთ. მნიშვნელოვანია, რომ პირველებმა გავიტანეთ, შემდეგ კი უფრო კონტრშეტევებზე ვითამაშეთ.

მუდამ, როდესაც პრესინგის ქვეშ ვიმყოფებით, თავდამსხმელი უნდა ვეძებოთ. ვერ ვიტყვი, რომ დოვბიკი არავის არ აძლევდა ბურთს. უბრალოდ ხანდახან ჩვენი საყრდენები ვერ ასწრებდნენ. ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ყველა ბოლომდე დაიხარჯა. მატჩს გავაანალიზებთ.

რატომ ვიკამათე მეორე ტაიმში ქართველებთან? ერთმანეთს დავუყვირეთ. მართლაც ყველანი ძალიან ვნერვიულობდით შედეგის გამო. ცოტა ვიყვირეთ, ეს პრობლემა არაა.

კვარაცხელიას წინააღმდეგ სპეციალური მეურვეობა? საქართველოს ნაკრებს შეტევაში ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. ვცდილობდით ჩვენი საჯარიმოსკენ სახით რაც შეიძლება ნაკლებად მიეღოთ ბურთი, ამიტომ ახლოს ვეთამაშებოდით. როგორც დაინახეთ, მეორე ტაიმში ხვიჩა სიღრმეში იხევდა. ეს ჩვენთვის უკეთესი გახლდათ, რადგან ის მაღალი ინდივიდუალური უნარების მქონეა".

ერთა ლიგის მესამე ტურში უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს:

Whoscored: მამარდაშვილი 6.0 , კაკაბაძე 6.9, კაშია 7.0, გველესიანი 6.2, დვალი 6.4, ლოჩოშვილი 5.8, ქოჩორაშვილი 6.5, კიტეიშვილი 6.3, ჩაკვეტაძე 6.3, კვარაცხელია 6.2, მიქაუტაძე 6.3, შენგელია 6.2, დავითაშვილი 6.0, ზივზივაძე 6.1

Sofascore: მამარდაშვილი 6.6, კაკაბაძე 6.7, კაშია 7.1, გველესიანი 6.9, დვალი 6.7, ლოჩოშვილი 6.4, ქოჩორაშვილი 6.8, კიტეიშვილი 7.1, ჩაკვეტაძე 6.8, კვარაცხელია 6.9, მიქაუტაძე 6.8, შენგელია 6.8, დავითაშვილი 6.6, ზივზივაძე 6.5.

Flashscore: მამარდაშვილი 6.2, კაკაბაძე 6.7, კაშია 7.1, გველესიანი 6.5, დვალი 6.5, ლოჩოშვილი 6.3, ქოჩორაშვილი 7.1, კიტეიშვილი 7.0, ჩაკვეტაძე 6.5, კვარაცხელია 6.9, მიქაუტაძე 6.5, შენგელია 6.3, დავითაშვილი 6.3, ზივზივაძე (შეფასების გარეშე).

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს თბილისში ალბანეთთან ჩაატარებს, რომელსაც დღეს ჩეხეთმა 2:0 მოუგო.

წაიკითხეთ ასევე: