ავტორი:

"გახდი ბესტსელერის ავტორი 2024-ის" გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია - რა ელის მკითხველს?

"გახდი ბესტსელერის ავტორი 2024-ის" გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია - რა ელის მკითხველს?

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2024-ის“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. ელენე კუპრაშვილი, ნათია საგინაშვილი და ნინო ჟვანია ჟიურისა და ხალხის რჩეულები არიან.

წიგნების წარდგენა 10 ოქტომბერს ვაკის მედიათეკაში გაიმართა. მათი შეძენა კი უკვე შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.

„მეკომოკონები“ - ასე ჰქვია ნინო ჟვანიას რომანს, რომელიც აღნიშნავს, რომ წერა საშუალებას აძლევდა, შიგნით დაგუბებული შთაბეჭდილებები და ემოციები გარეთ გამოეშვა, რომ შემდეგ სივრცე გამოეთავისუფლებინა ახალი შთაბეჭდილებებისა და ემოციებისთვის.

ნინო პიანისტი, მუსიკისმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორია. მისი მუსიკალური კარიერა საკმაოდ წარმატებულია. ევროპაში სწავლისას განსაკუთრებით დაინტერესდა თანამედროვე მუსიკით, რასაც მოყვა გამარჯვება ორლეანის XX საუკუნის საფორტეპიანო მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე და მონაწილეობა თანამედროვე მუსიკისადმი მიძღვნილ ფესტივალებში, კურსებსა თუ სიმპოზიუმებში. ნინო ჟვანიას ჩატარებული აქვს მასტერკლასები და ლექციები გერმანიაში, აშშ-ში, არგენტინაში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ლატვიაში, ნორვეგიაში, უნგრეთში, დანიაში, ფინეთში, იტალიასა და პოლონეთში. 2010 და 2013 წლებში იყო ბოსტონის ნიუ-ინგლენდის კონსერვატორიისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი და მეცნიერი. ამერიკაში ყოფნისას ასევე ჩაატარა ლექციები ჰარვარდისა და ტაფტსის უნივერსიტეტებში. მისი დისკოგრაფია მოიცავს როგორც ქართველი, ისე უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებების ჩანაწერებს.

თავისი პირველი მოთხრობები ნინო ჟვანიამ 18 წლის ასაკში დაწერა, აქედან ერთი - Kyrie Eleison თამაზ წივწივაძის რეკომენდაციით 1994 წელს „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდა. „მეკომოკონები“ მისი პირველი ლიტერატურული ნამუშევარია თითქმის ოცდაათწლიანი პაუზის შემდეგ.

„ყოველთვის მიყვარდა წერა. წერილების იმდენად არა, ოღონდ... ყმაწვილქალობაში, მოთხრობის ჟანრს მივეძალე, მოგვიანებით - მუსიკისმცოდნეური კვლევისას... აი წერილების, თავისებური წერილების წერა Facebook-მა დამაწყებინა. წერილებს, ანუ პოსტებს ვწერდი ჩემს Facebook-ფრენდებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გული გრძნობებს ვერ იტევდა. რამხელა შვებას გვანიჭებს საკუთარი გრძნობების გამოხატვა წერილებში, მაშინაც კი, როცა ვიცით, რომ შესაძლოა ნაწერმა არც კი მიაღწიოს მასთან, ვისაც მივმართავთ. მეკომოკონები... ჩემი მეკომოკონები იმ წვრილმანებს ეხება, რომლებიც მნიშვნელოვან მოვლენათა სწრაფმავლობაში ხშირად შეუმჩნეველი რჩება... არადა ჩვენში ილექება და ჩვენს არსს განსაზღვრავს... ისე, ცხოვრებაც ხომ სხვა არაფერია, თუ არა მონაცვლეობა ქარის სიჩქარით სწრაფმავალი ეპიზოდებისა... ვინა სთქვა, რომ ცხოვრება თეატრია?! ძუიჰიცუა ჩვენი ცხოვრება...“ - ამბობს ნინო ჟვანია.

ელენე კუპრაშვილი კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებულია. 34 წლის ელენემ წერა სულ რაღაც ორი-სამი წლის წინ დაიწყო. ნაწარმოები „ფოლადის ფრთები“ მისი დებიუტია.

„ნაწარმოები ორ უდიდეს ცივილიზაციას - კართაგენსა და რომს შორის დატრიალებული ომის გადამწყვეტი ეპოქის პარალელურად მიდის. მკითხველი ერთ-ერთი მთავარი გმირის, პერისტერის თვალებით უცქერს რეალობას. პერისტერი უქონელი ბებიაქალის შვილია, რომელიც უმამოდ იზრდება სიმდიდრის ქალაქში, სანამ ერთ საკრალულ ღამეს, დედას თვით გენერალი ჰამილკარ ბარკა არ მოიხმობს, მისი მელოგინე ცოლის გადასარჩენად. სწორედ იმ ღამით, პერისტერი პირველად შეხვდება ძმებს - ანიჰალს და ჰარტაგოს, გენერლის ტყუპ ვაჟებს. მათი ცხოვრებაც მჭიდროდ და უცნაურად გადაიხლართება ერთმანეთში და პერისტერის რეალობა რადიკალურად იცვლება. წიგნში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მითოლოგიას და წარმართული რელიგიის კრიზისს, როდესაც ქედმაღალი, უმოწყალო ღმერთები ადამიანების ყოფით სეირობენ. კაცობრიობა კი, პირსისხლიანი, ხშირად არაადამიანური რიტუალებით ცდილობს მათი წყალობის დამსახურებას,“ - გვიყვება ელენე კუპრაშვილი.

„ფრთხილად! ცირკში მკვლელია!“ - ასე ჰქვია კონკურის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულის, ნათია საგინაშვილი რომანს.

„პატარაობისას ყოველთვის მინდოდა, სცენარისტი გამოვსულიყავი და პირველი სერიოზული ოცნებაც, შესაბამისად, ფილმის გადაღება იყო საკუთარი სცენარის მიხედვით და რადგანაც 14 წლის ბავშვს ეს საქმე დიდად არ გამომივიდოდა, გამოგონილი სცენარის მიხედვით წიგნის დაწერა გადავწყვიტე და, რა თქმა უნდა, პირველი 20 გვერდის შემდეგ თავი მალევე დავანებე,“ - იხსენებს საგინაშვილი.

რომანის სინოფსისი კი ასე გამოიყურება:

„თბილისის ცირკი იმაზე მეტი საიდუმლოებითაა მოცული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. 9 ოქტომბრის ღამეს ცირკში ჯამბაზს კლავენ. მკვლელობის გამოძიებას თეიმურაზი და მისი სტაჟიორი, ტატო, იწყებენ.

ტატოს თავის კარიერაში დებიუტი აქვს. თეიმურაზი კი დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობის დატოვებას აპირებს და წასვლამდე უკანასკნელი საქმის აღებას თანხმდება.

უდანაშაულო ჯამბაზის მოკვლის მიზეზის გარკვევას მოხუცი დეტექტივი და ახალგაზრდა სტაჟიორი ფართომასშტაბიან დანაშაულთან მიჰყავს. გამოძიების მსვლელობა სახიფათო თავგადასავლის სახეს იღებს, რაც მკვლელობათა ახალი სერიითა და მოულოდნელი აღმოჩენებით სრულდება.“

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ 2017 წლიდან ტარდება და ახალი, ნიჭიერი მწერლების აღმოჩენასა და მათი საზოგადოებისთვის გაცნობას დღემდე განაგრძობს. 2024 წლის კონკურსს კი სამი გამარჯვებული ჰყავს: ნინო ჟვანია, ნათია საგინაშვილი და ელენე კუპრაშვილი.

R