„გახდი ბესტსელერის ავტორი 2025“ იწყება - ვის და როგორ შეუძლია „პალიტრა L-ის“ კონკურსში მონაწილეობა

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2025“ იწყება - ვის და როგორ შეუძლია „პალიტრა L-ის“ კონკურსში მონაწილეობა

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ უკვე ტრადიციად ქცეული ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2025“ იწყება. კონკურსი 2017 წლიდან ტარდება და ის უკვე მეცხრედ იღებს სტარტს. პირველადი განაცხადები 11 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით მიიღება.

როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, კონკურსზე მიიღება როგორც რომანი, ასევე მოთხრობების კრებული. ჟანრი და თემატიკა თავისუფალია. თუმცა კონკურსზე მიიღება მხოლოდ ამ კონკურსისთვის შექმნილი ან მანამდე გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები.

მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 21 წელი.

მონაწილეობის მსურველებმა პირად ინფორმაციასთან ერთად მითითებულ მეილზე უნდა გაგზავნონ საკონკურსო ნაწარმოების მოკლე აღწერა/სინოპსისი და რომანის შემთხვევაში - ნაწარმოების დასაწყისი 20-30 გვერდი, პროზაული კრებულის შემთხვევაში კი - 2-3 მოთხრობა.

გამომცემლობის სარედაქციო ჯგუფი გაეცნობა განაცხადებს და კონკურსზე დაუშვებს იმ ავტორებს, რომელთა განაცხადები დააკმაყოფილებს გამომცემლობის მიერ კონკურსის წესებისა და პირობების მიხედვით დადგენილ მოთხოვნებს.

შეგახსენებთ, რომ კონკურსი ტარდება ორ ტურად. პირველ ტურში შემოსულ ნაწარმოებებს აფასებს მხოლოდ ჟიური და ადგენს მეორე ტურში გადასული ნაწარმოებების მოკლე სიას. მეორე ტურში ჟიურის მიერ შედგენილი მოკლე სიიდან გამარჯვებულებს არჩევენ როგორც ჟიური, ისე მკითხველი. მკითხველს რჩეული ნაწარმოებისთვის ხმის მიცემა შეუძლია კონკურსის ვებგვერდზე.

6 ნოემბრიდან კონკურსის ჟიური გაეცნობა ყველა კონკურსანტის ნამუშევარს და 1 დეკემბერს გამოაცხადებს მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტების მოკლე სიას.

მეორე ტურში დაშვებული ნაწარმოებების სია 13 იანვარს აიტვირთება საიტზე და ჩაირთვება ხმის მიცემის სისტემა - მკითხველს მიეცემა ნაწარმოებების გაცნობისა და ხმის მიცემის შესაძლებლობა. ხმის მიცემა დაიწყება 13 იანვარს და დასრულდება 30 იანვარს, 31 იანვარს კი გამოცხადდება მაქსიმუმ 3 გამარჯვებული. მათგან ერთი მკითხველის რჩეული იქნება, ორს ჟიური გამოავლენს.

გამარჯვებულების გამოვლენამდე, ლიტერატურული კონკურსის ჟიურის შემადგენლობა კონფიდენციალურია.

კონკურსის მთავარი მიზანი თანამედროვე ქართული მწერლობის პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების აღმოჩენაა.

R