26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გამო, „რაზდახანის“, იგივე „მოსაბრუნის“, და „პერევის“ საგუშაგოები ჩაიკეტება, - აღნიშნული გადაწყვეტილება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „უშიშროების საბჭოს“ ოპერატიულ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტი, ალან გაგლოევი თავმჯდომარეობდა.
„დასავლეთის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები და საელჩოები უკვე ღიად აკეთებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში სიტუაცია კონტროლიდან გამოიყვანონ“, - განაცხადა გაგლოევმა შეხვედრაზე.
მისი თქმით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სიტუაცია რთულდება.
„საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება და მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მათ შორის, თუნდაც ღია წყაროებიდან, ვხედავთ, რომ სიტუაცია რთულდება“, - აღნიშნა გაგლოევმა.