მე დარწმუნებული ვარ, რომ შინდისის გმირებში, ტატუნაშვილში, ანწუხელიძეში იყო 300 არაგველის გენი, მაგრამ ჩვენ მოღალატეებიც გვყავდა - ვარსქენ პიტიახშის, ყორღანაშვილის გენები, რა თქმა უნდა, არის ივანიშვილში და კალაძეში. ეს არის ამ ორი გენეტიკური ხაზის შეჯიბრება საქართველოში. მინდა ყველას გვესმოდეს, რაზეა აქ საუბარი, იმიტომ, რომ ხალხი დაიღალა ტყუილებისგან, დაცინვისგან, ხალხს უფლება აქვს, რომ იყოს გაბრაზებული, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც კლინიკა „ვივა მედიდან“ დისტანციურად ჩაერთო.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ამგვარად ის მიმართავს „იმათ, ვინც ბოდიშის მოხდისკენ მოგვიწოდებს, კერძოდ, ივანიშვილს და მის პატრონებს რუსეთში“.
გარდა ამისა, სააკაშვილმა ისაუბრა არჩევნებთან დაკავშირებით სოციოლოგიურ გამოკითხვებზე.
„ყველა გამოკითხვით, ქართული ოპოზიცია ჯამურად და „ნაციონალური მოძრაობა“ არის პირველ ადგილზე. „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია გავიდეს პირველ ადგილზე ამ არჩევნებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი დაირაზმოს და ხალხმა ნახოს, რომ ყველაზე მთავარი ძალა ეს არის იმიტომ, რომ ამ ძალას შეუძლია „ოცნების“ ჯებირის გარღვევა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფები ერთად ორჯერ მეტი არიან გამოკითხვებში, ვიდრე „ქართული ოცნება“ . „ქართული ოცნების“ რეიტინგი ზუსტად ემთხვევა იმ პროცენტს, რომელიც მათ აქვთ ადმინისტრაციულად დასაქმებული. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ხალხს [„ქართულ ოცნებას“] მისცემს ხმას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, როგორც სააკაშვილმა „ქართულ ოცნებაზე“ საუბრისას აღნიშნა, ტყუილების არავის სჯერა.
„2013 წლის ბოლოს მთავრდებოდა ანაკლიის პორტის მშენებლობა, იგივე ლაზიკის პორტის მშენებლობა და თვითონ ქალაქის. ახლა, 2024 წელს გვეუბნებიან, რომ ავაშენებთო, როცა ვარკეთილის მეტროს ჭერი ვერ გაუკეთებიათ რამდენიმე წელიწადია. სამარცხვინო, უბრალოდ!“-განაცხადა სააკაშვილმა.