ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ცეკვის მასწავლებელს, რომელმაც 12 წლის მოზარდი სცემა. საქმის დეტალებზე გამოცემა "ბათუმელები" წერს. მათი ინფორმაციით, ერთი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა ბავშვზე არაერთხელ იძალადა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ფაქტს სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ. ეს ყველაფერი სავარჯიშო დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
კადრებში ჩანს, რომ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, ძალადობის მომენტში, ქალი დგას და ცდილობს პედაგოგი მოზარდს განარიდოს. ინფორმირებული პირი "ბათუმელებს" ეუბნება, რომ ქალი მასწავლებლის მეუღლეა, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში არ მუშაობს და „ის მეუღლეს [ცეკვის მასწავლებელს] ეხმარებოდა“.
მასწავლებელი მერაბ დოლიძეა და როგორც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გვითხრეს, მას აქ ცეკვის მასწავლებლად მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ის სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს.
"ინფორმირებული წყაროს განმარტებით, ინციდენტის დღეს, ცეკვის გაკვეთილის დასრულების შემდეგ არასრულწლოვანს ბიცოლამ მიაკითხა, ბავშვი მას ატირებული დახვდა და უთხრა, რომ მასწავლებელმა სცემა, ბავშვს სხეულზე ეტყობოდა დაზიანების კვალიც.
მეორე დღეს, დილით, დედა ბავშვის მამიდასთან ერთად მასწავლებელთან დასალაპარაკებლად მივიდა. ინფორმირებული წყარო გვიყვება, რომ მასწავლებელი მათთან „აგრესიულ შეტევაზე ისე გადავიდა, დიალოგიც კი არ დაწყებულა. შემდეგ კი მან ქალებისკენ ხელით გაიწია, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას" - წერია "ბათუმელების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
AMBEBI.GE დაუკავშირდა ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორს, თამარ მესხიძეს:
"არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ადრე არ მქონია. ვინმე მშობელი განცხადებით შემოსულიყოს, ან წერილით - მსგავსი ინფორმაცია არ მქონდა არასდროს. არასოდეს პრეტენზია (პედაგოგის შესახებ) არ დაფიქსირებულა. ჩვენთან ასწავლის 2001 წლიდან. მეუღლე უბრალოდ ეხმარება მას. არასრულწლოვანი ბავშვები არიან ჩასასვლელი ქვევით და ეხმარება მას, რომ ქვევით ჩაიყვანოს ხოლმე. 12 სექტემბრის ბრძანებით გათავისუფლებულია სამსახურიდან. სამართალდამცველებმა მოიტანეს განჩინება და კამერის ჩანაწერები ამოიღეს. შესაბამისად მოხდა კადრების წაღება".