შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანებით შექმნილ ტერიტორიულ ჯგუფებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი უხელმძღვანელებს. აღნიშნულის შესახებ დარახველიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, ტერიტორიული ჯგუფები 2016 წლის არჩევნებიდან მოყოლებული ყოველ ჯერზე იქმნება და მისი მიზანი, ხმის მიცემის პროცედურის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებაა.
მინისტრის მოადგილის განცხადებითვე, ტერიტორიული ჯგუფები ძირითადად, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის იქნებიან მობილიზებული, საარჩევნო ოლქში შესვლა კი მხოლოდ უბნის თავმჯდომარის მიერ განხორციელებული ზარის შემდეგ, კონკრეტული ღონისძიების ჩასატარებლად შეეძლებათ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ტერიტორიული ჯგუფების დაკომპლექტება 18 ოქტომბერს დასრულდება.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყებაა, რომელიც არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს. პოლიციის ფუნქციები და მანდატი გაწერილია, როგორც საარჩევნო კოდექსით, ასევე თავად „პოლიციის შესახებ კანონით“. კოორდინირებული მუშაობისთვის, ასევე იმისათვის, რომ თითოეულ უბანზე, თითოეულ საარჩევნო ოლქში არჩევნებისთვის მშვიდი და უსაფრთხო გარემო იყოს, უკვე წლებია, ყოველი არჩევნების წინ, შინაგან საქმეთა მინისტრი ბრძანებას გამოსცემს, რომლის მთავარი მიზანია, კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე სათანადო რაოდენობის საპოლიციო ძალები მობილიზებული იყვნენ და ჩვენი ვალდებულებები, რაც პოლიციას კანონით აქვს დაკისრებული, შესრულდეს. ტექნიკურად ეს შემდეგი ფორმით იქნება: ყველა ტერიტორიულ ერთეულში - აჭარაში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში და თბილისის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება ჯგუფები, რომელსაც სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი უხელმძღვანელებს. მისი მანდატის ქვეშ შეიქმნება კონკრეტული ჯგუფები, სადაც გარდა თავად ამ დეპარტამენტის თანამშრომლებისა, ასევე შევლენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი პირები, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი კონკრეტული წარმომადგენლები და საჭიროების შემთხვევაში, დაცვის პოლიციის წარმომადგენლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან.
ყველა კონკრეტულ ტერიტორიულ ჯგუფს ადგილზე დეპარტამენტის დირექტორი უხელმძღვანელებს და მის სრულ დაქვემდებარებაში გადადის სხვადასხვა დანაყოფების მხრიდან გამოყოფილი თანამშრომლები, შემდეგ შემუშავდება საჭირო გეგმა, როგორ უნდა უზრუნველყოს თითოეულ საარჩევნო უბანზე მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა ანუ რა რაოდენობის ჯგუფები იქნება თითოეულ უბანზე საჭირო, რა აღჭურვილობა იქნება აუცილებელი - ეყოლებათ ავტომობილი, სპეციალური აღჭურვილობა ექნებათ თუ არა და ა.შ. ამ დეტალებს ჯგუფის ხელმძღვანელი, ამ შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორი დაარეგულირებს და კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე მოხდება ამ სახით განაწილება.
არჩევნების დღეს მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდი და უსაფრთხო გარემო უნდა იყოს უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, კანონში გაწერილია, რომ საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში ნებისმიერი შეკრება, ასევე, 25 მეტრის რადიუსში საარჩევნო პლაკატების, სააგიტაციო მასალების გავრცელება იკრძალება - ამ ყველაფრის ადგილზე გამოვლენა, შესაბამისი ღონისძიებების და რეაგირების განხორციელება პოლიციას ევალება. ასევე, თუკი, უბანზე გარკვეული ინციდენტები მოხდა, საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ გადაწყვეტილება მიიღო, რასაც კონკრეტული პირი არ ემორჩილება, ამ შემთხვევაში პოლიციის გამოძახება ხდება და პოლიცია თავისი მანდატის ფარგლებში უზრუნველყოფს გაძევებული პირის გამოყვანას, შესაბამის რეაგირებას. ეს ღონისძიებები კოორდინირებულად რომ ჩატარდეს და ყველა ის ვალდებულება, რაც პოლიციას აქვს დაკისრებული, ეფექტურად აღსრულდეს, 2016 წლიდან, ყველა არჩევნების წინ, მსგავსი ბრძანება გამოიცემა.
ვიმეორებ, ეს არის სტანდარტული შემთხვევა, 2016 წლის შემდეგ, ყველა არჩევნების წინ, ხდება მსგავსი ბრძანების გამოცემა, ეს ჩვენს ვებ-გვერდზეც შეგიძლიათ მოიძიოთ, საჯარო ინფორმაციაა. ფუნქციები და ღონისძიებები, რასაც პოლიცია ახორციელებს, ეს საარჩევნო კოდექსიდან, ასევე, „პოლიციის შესახებ კანონიდან“ გამომდინარეა. უბრალოდ, ამ ბრძანებით თავმოყრა და ღონისძიებების დაგეგმვა ხდება, რომ ამ პროცესმა ეფექტურად, კოორდინირებულად ჩაიაროს“, - განაცხადა დარახველიძემ.
მისი განმარტებით, ტერიტორიული ჯგუფები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იქნებიან განლაგებული და საჭიროებისამებრ იმოქმედებენ.
„კონკრეტული უბნების, მიმდებარე ტერიტორიების დამუშავება მიმდინარეობს. ჩვენ მაქსიმალურად საჭირო საპოლიციო ძალებით ვიქნებით თითოეულ უბანზე წარმოდგენილი. ზოგან მეტი რაოდენობა იქნება მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, ზოგან - ნაკლები. თუმცა, პოლიცია ყველა საარჩევნო უბანზე იქნება წარმოდგენილი იმ რაოდენობით, რაც მთავარი მიზნის მისაღწევადაა აუცილებელი. პოლიცია საარჩევნო უბნების შიგნით არ შედის, მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება განლაგებული. საარჩევნო უბანში მხოლოდ იმ შემთხვევაში შედის, როცა უბნის თავმჯდომარე პოლიციას იძახებს და დახმარებას სთხოვს. მიმდებარე ტერიტორიაზეც იმ შემთხვევაში რეაგირებს, თუკი, საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული დანაწესი ან საზოგადოებრივი წესრიგი ირღვევა“, - განაცხადა დარახველიძემ.
კითხვაზე, შეუძლიათ თუ არა აღნიშნული ტერიტორიული ჯგუფებისთვის მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს მიმართვა, დარახველიძე დადებით პასუხს სცემს. მისი განმარტებით, მოქალაქეს, როგორც 112-ში ზარის განხორციელებით, ასევე პოლიციისთვის პირდაპირი შეტყობინების გზით, შეუძლია მიმართვა. გარდა ამისა, თავად ჯგუფებს მედიასაშუალებებიდან და ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზეც შეუძლიათ მოქმედება.
„არათუ არასწორია, ეს დეზინფორმაცია და ტყუილი, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანაა. ეს ბრძანება ყველასთვის ხელმისაწვდომია და შეეძლოთ წაეკითხათ, პირველივე მუხლის მეორე პუნქტში მითითებულია, რომ ჯგუფს ხელმძღვანელობს ტერიტორიული დეპარტამენტის დირექტორი და მის დაქვემდებარებაში გადადის დანაყოფები, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი კონკრეტული თანამშრომლები ამ ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არიან. სპეკულაცია და ტყუილია, თითქოს ამ ჯგუფებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ხელმძღვანელობს. ვიმეორებ, აღნიშნულ ჯგუფში ჩართული არიან - საპატრულო პოლიცია, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და თავად ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები. ასე რომ, ეს არის ჯგუფი, რომელიც ერთობლივად მოქმედებს იმ წესების შესაბამისად, რაც კანონითაა განსაზღვრული“, - განაცხადა დარახველიძემ.