ავტორი:

დაიღუპა რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ილდარ დადინი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა - როგორ ხსნიდა ის რუსული არმიის წინააღმდეგ ბრძოლას?

დაიღუპა რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ილდარ დადინი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა - როგორ ხსნიდა ის რუსული არმიის წინააღმდეგ ბრძოლას?

უკრაინაში ბრძოლის დროს რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ილდარ დადინი დაიღუპა. ახალგაზრდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა.

2015 წელს, დადინი გახდა პირველი ადამიანი, რომელიც რუსულმა სასამართლომ მიტინგების კანონის განმეორებით დარღვევისთვის გაასამართლა, რის გამოც კანონის ამ მუხლს "დადინის" სახელი შეარქვეს.

დადინის სიკვდილის შესახებ შაბათს პირველად ჟურნალისტმა ქსენია ლარინამ " რადიო მოსკოვის ხმაში" განაცხადა, რაც მოგვიანებით სხვა რუსულმა მედია საშუალებებმა დაადასტურეს.

დადინის თანამებრძოლებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ის ხარკოვის ოლქში არტილერიის დაბომბვაში მოჰყვა. სხვა დეტალები არ გაუმჟღავნებიათ, თუმცა მასზე საუბრობენ, როგორც გმირზე.

2023 წელს დადინმა "ნოვაია გაზეტასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ის უკრაინის მხარეს იბრძოდა ერთ-ერთი რუსული მოქალაქეებით დაკომპლექტებული დანაყოფის შემადგენლობაში.

"რუსეთი სრულიად უსამართლოდ და დაუმსახურებლად დაესხა თავს უკრაინას. ჩემი აზრით, ერთადერთი ეფექტიანი გზა, რომელიც პატიოსანმა ადამიანმა უნდა აირჩიოს რუსეთის დანაშაულების წინააღმდეგ, შეიარაღებული წინააღმდეგობაა", - განაცხადა დადინმა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილმა დეპუტატმა ილია პონომარევმა (რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ "უცხოელ აგენტად" არის გამოცხადებული), დადინის გარდაცვალება დაადასტურა. მისი თქმით, ის თავდაპირველად "ციმბირის ბატალიონის" (რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 2023 წლის შემოდგომაზე შექმნა) წევრი იყო, თუმცა განყოფილების რეორგანიზაციის შემდეგ, "რუსეთის თავისუფლების ლეგიონის" რიგებში გადავიდა.

"მე ილდარი გავიცანი ბოლოდნაიას მოედანზე პროტესტების დროს... მან უკვე მაშინ გამოიჩინა თავი, როგორც უშიშარმა და პრინციპულმა მებრძოლმა, და სრულიად დამსახურებულად მიიღო სისხლის სამართლის კოდექსის საკუთარი მუხლი. ასეთი რამ ყველას არ გამოსდის".

  • "დადინის მუხლი"

ილდარ დადინი 2011 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ოპოზიციურ მიტინგებსა და პიკეტებში, ხოლო 2015 წელს გახდა პირველი რუსი, რომელიც დაისაჯა მიტინგების ჩატარების წესების განმეორებითი დარღვევისთვის. ეს მუხლი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში 2014 წელს დაამატეს.

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დადინს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მოგვიანებით ეს ვადა ორ წელიწად-ნახევრამდე შემცირდა. იმ წლებში მიტინგების წესების განმეორებითი დარღვევისთვის მუხლს მედია "დადინის" მუხლად მოიხსენიებდა.

2017 წლის იანვარში, რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მოითხოვა დადინის განაჩენის გადასინჯვა, ხოლო თებერვალში, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გააუქმა და დადინი გაათავისუფლეს.

დადინი კოლონიის დატოვების დროს

საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებაში ნათქვამი იყო, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიტინგის მონაწილეებმა მოქალაქეებს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა ღირებულებებს ზიანი მიაყენეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ორი წლის განმავლობაში "დადინის" მუხლით ახალი საქმეები არ აღძრულა, თუმცა 2019 წელს ის კვლავ გამოიყენეს.

თავისუფლების მოპოვების შემდეგ, დადინმა ჟურნალისტებს, მათ შორის BBC-ის რუსულ სამსახურს, უამბო, რომ კარელიის კოლონიაში სასტიკი წამების მსხვერპლი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ფედერალურმა სამსახურმა სასჯელაღსრულების საკითხებში ეს ბრალდებები უარყო, საბოლოოდ, დადინი სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.