ავტორი:

ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა

ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა

3 ოქტომბერს ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media-ს პრეზენტაცია გაიმართა. ის მკითხველს არქიტექტურისა და ურბანისტიკის სფეროში არსებულ სიახლეებს, ტენდენციებს, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს გააცნობს. ასევე, შესთავაზებს დარგის სპეციალისტების მოსაზრებებსა და ხედვებს.

„თავდაპირველად მე და ჩემს თანამოაზრეებს გვინდოდა, შეგვექმნა ერთგვარი პლატფორმა, სადაც თავს მოვუყრიდით ქალაქის სიახლეებს, ვისაუბრებდით ქალაქში არსებულ პრობლემებზე და მის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. საბოლოოდ ონლაინ გამოცემის შექმნის იდეამდე მივედით, რომლის მიზანიც ქალაქთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის პროფესიონალურად გაშუქება და საზოგადოებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებაა“, – ამბობს არქიტექტორი და Urban Media-ს იდეის ერთ-ერთი ავტორი, ირაკლი როსტომაშვილი.

Urban Media პირველი ქართული ონლაინ გამოცემაა, რომელიც მხოლოდ არქიტექტურისა და ურბანისტიკის მიმართულებებს დაეთმობა.

„ამ ტიპის ონლაინ გამოცემა ქართულ მედია სივრცეში არ არსებობს, რაც Urban Media-ს უკვე გამოარჩევს სხვა პლატფორმებისგან. გარდა ამისა, ის იქნება გამოცემა, რომელზეც მაღალი ხარისხის, ფაქტებსა და თავისუფალ აზრზე დაფუძნებული მასალები განთავსდება. რაც მთავარია, საზოგადოებას მისთვის საინტერესო საკითხებზე განსხვავებული ტექსტური თუ ვიზუალური ფორმით მოვუყვებით“, – ამბობს Urban Media-ს დირექტორი, ვახო ნიკოლავა.

სიახლეების გაცნობის გარდა, Urban Media-ს მიზანია, საზოგადოებას შესთავაზოს პლატფორმა მწვავე საკითხების განსახილველად. ამასთანავე, მოსახლეობის ინფორმირებითა თუ სხვადასხვა აქტივობით ხელი შეუწყოს მის ჩართულობას ქალაქის მოწყობისა და განვითარების პროცესში.

„Urban Media რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა და უკვე დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებას ეს საკითხები ნამდვილად აინტერესებს და აწუხებს. ამიტომ ქართულ მედია სივრცეში მისი გამოჩენა ნამდვილად დროული და, შეიძლება ითქვას, დაგვიანებულიც კია“, – ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.

R