ავტორი:

"მეუღლე რომ გარდამეცვალა, მძიმე წუთები გამოვიარე... თუმცა სულ მქონდა იმედი, რომ გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ამ სიცარიელეს შემივსებდა, ახლა მარტყოფში ვცხოვრობთ" - გია დავითიანი

"მეუღლე რომ გარდამეცვალა, მძიმე წუთები გამოვიარე... თუმცა სულ მქონდა იმედი, რომ გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ამ სიცარიელეს შემივსებდა, ახლა მარტყოფში ვცხოვრობთ" - გია დავითიანი

მომღერალ გია დავითიანის შემოქმედებას საქართველოში კარგად იცნობენ. მისი ორიგინალური, ყველასგან გამორჩეული ხმა ძალიან უხდება ქართულ სცენას და ანსამბლ "ალილოს", რომელსაც სულ მალე 25 წელი შეუსრულდება.

- როდის შემოვიდა მუსიკა ჩემს ცხოვრებაში? ძალიან ღრმა ბავშვობოდან: ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც სიმღერის ხმა ყოველთვის ისმოდა. დედაჩემს მუსიკალური განათლება ჰქონდა მიღებული, როიალს მიუჯდებოდა და ძალიან ლამაზად მღეროდა ხოლმე. პლეხანოვზე - ახლანდელ აღმაშენებლის გამზირზე ვიზრდებოდი, გორკის კლუბთან ახლოს ვცხოვრობდი. ამ კლუბში პატარა ოთახი იყო, სადაც მუსიკოსები იკრიბებოდნენ. სულ რაღაც 6-7 წლისა ვიყავი, როცა ბავშვები გისოსებიან ფანჯრებზე ავძვრებოდით და ვუსმენდით, როგორ ატარებდნენ მუსიკოსები რეპეტიციას. სწორედ მაშინ მივხვდი, რა ლამაზი და ტკბილხმოვანია ქართული სიმღერა. ერთხანს ვიოლინოზეც დავდიოდი, მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ, იმდროინდელ პლეხანოვზე ვიოლინოთი გავლა რას ნიშნავდა: მაშინვე მოგაძახებდნენ, - "სკრიპაჩ-ტრიპაჩ" ან სხვა რამეს. ამის გამო, ვიოლინო კარგა ხანს სახურავზე შემოვდე და მუსიკას ჩამოვშორდი.

- ეს პერიოდი თქვენს ცხოვრებაში დიდხანს გაგრძელდა?

- რაც მთავარია, ბოლოს მაინც მუსიკის სიყვარულმა გაიმარჯვა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ის დღე იყო, როცა დედამ ცირკში წამიყვანა, სადაც ცოცხალი ორკესტრი უკრავდა. მაშინ პირველად მოვისმინე, რა ოსტატურად უკრავდნენ საქსოფონზე და იქიდან აღფრთოვანებული დავბრუნდი.

- სკოლის შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება?

- ნიჭიერთა ათწლედის დამთავრების შემდეგ, მუსიკალურ ტექნიკუმში ჩავაბარე, ვოკალის განხრით. რომ ვამთავრებდი, ყველა გამოცდას ესწრებოდა სულმნათი გაიოზ ქართველიშვილი, რომელმაც შექმნა ანსამბლი "აისი". ის თავისი ანსამბლისთვის ახალგაზრდებს არჩევდა. როგორც ჩანს, მოეწონა საქსოფონზე ინსტრუმენტული მუსიკა რომ შევასრულე და ანსამბლში მისვლა შემომთავაზა. მაშინ 21 წლის ვიყავი. ორ კვირაში გერმანიაში წავედით გასტროლებზე. იმ წლებში უცხოეთში ყველა ვერ დადიოდა, მიდიოდნენ მხოლოდ "ანსამბლი 75", ნანი ბრეგვაძე, "აისი" და "სუხიშვილები". სამწუხაროდ, ცოტა ხანში სამხედრო სამსახურში წამიყვანეს, რამაც მუსიკას კიდევ ერთხელ ჩამომაცილა. ჯარიდან დაბრუნებულს, ოჯახმა კატეგორიულად დამისვა საკითხი, როდემდე უნდა იარო გასტროლებზე, რაღაც სპეციალობა ხომ უნდა გქონდეს და სადმე ჩააბარეო. ძალიან მიყვარდა ცხოველები და ფრინველები. სახლში სულ მყავდა ძაღლი, ასევე - თუთიყუშები, იადონები, ზღვის გოჭი და სხვა ცხოველები. ამიტომ, ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში ჩავაბარე და 20 წელი ვიმუშავე ნორიოს მეფრინველეობის ფაბრიკაში. პარალელურად, სიმღერასაც არ ვივიწყებდი. ვიდრე ინსტიტუტში ვსწავლობდი, დეკანმა გია ჭელიძემ და ინსტიტუტის რექტორმა გოგოჭურ აგლაძემ, რომელიც შეყვარებული იყო ქართულ სიმღერაზე, შემომთავაზეს, ოკესტრი ჩამომეყალიბებინა. მართლაც, ისეთი ნიჭიერი ხალხი შემოვიკრიბეთ, როგორიც იყო ნუგზარ ედილაშვილი, ზურაბ ჭელიძე, კონსტანტინე პევზნერი და სხვები... ეს იყო ოსკესტრი, რომელსაც მერე სახალხო ორკესტრის წოდება მიანიჭეს. უმაღლეს სასწავლებლებს შორის გამართულ ფესტივალებზე ყოველთვის პირველ ადგილს გვანიჭებდნენ. ამ ანსამბლში ძალიან კარგი მუსიკოსები უკრავდნენ, მათ შორის უნდა დავასახელო უნიჭიერესი თემურ ყვითელაშვილი.

- ანსამბლ "ალილოში" როგორ მოხვდით?

- ინსტიტუტის შემდეგ, თამაზ ორჯონიკიძემ დამიბარა, რომელსაც ანსამბლის ჩამოყალიბება სურდა. თამაზი ამ ანსამბლისთვის კარგ ხმებს ეძებდა და სწორედ იქ, გასაუბრებისას გავიცანი ლაშა ღლონტი, რომელიც ჩემსავით იყო დაბარებული. ერთი-ორი რეპეტიცია ჩატარდა, მაგრამ თამაზის ანსამბლი ვერ შედგა. ამის შემდეგ, ლაშამ გამაცნო შეუდარებელი მომღერალი გურამ თამაზაშვილი, რომლის შექმნილია ანსამბლი "ალილო". რომ მომისმინა და მითხრა, ადექი და პირველ ხმებს შეურთდიო, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. მეამაყება, რომ 25 წელია ამ ანსამბლის წევრი ვარ. 30 ნოემბერს იუბილე გვაქვს, მერე კი, დიდი ტურნე გვეწყება - ჰოლანდია, ლონდონი, ამერიკა - ასეთია ჩვენი გასტროლების მარშრუტი დეკემბერში.

- ალბათ, ამ რთულ, დაძაბულ რეჟიმს ოჯახი და მეუღლე გიმსუბუქებთ.

- სამწუხაროდ, პირველი მეუღლე გარდაცვლილი მყავს! ჩემი შვილების დედა, ნანა თედიაშვილი უდროოდ წავიდა ამ ქვეყნიდან. უკვე მეოთხე წელია, რაც მეორედ დავოჯახდი. ჩემი მეუღლე ეკატერინე არჩვაძეა - ძალიან პოზიტიური და კარგი ადამიანი. მე საერთოდ, იუმორის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. გამიმართლა, რომ ისიც ხალისიანი, იუმორის ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად მეხმარება და ხელს მიწყობს. მაგალითად: სექტემბერში ერთი დღეც არ მქონია თავისუფალი, ყოველდღე კონცერტი მაქვს და სცენაზე გამოვდივარ. 15-20 ოქტომბრამდე ამ რეჟიმში უნდა ვიყო და წარმოიდგინეთ, რამდენი თეთრი პერანგი მჭირდება, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ (იღიმის)...

- ბატონო გია, თქვენი მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეიძლება ეწვიოს სიყვარული და ბედნიერება.

- რა თქმა უნდა, სიყვარულმა ასაკი არ იცისო, უთქვამთ. ბედნიერება ნებისმიერ ასაკში შეიძლება მოვიდეს, მაგრამ ამის უნდა გჯეროდეს. მე რაღაცნაირად მჯეროდა და იმედი მქონდა, რომ ცხოვრების გზაზე ჩემთვის მოსაწონ ადამიანს შევხვდებოდი. მართალია, ეს უბედურება მოხდა - ჩემი შვილების დედა გარდაიცვალა, რის გამოც, ძალიან მძიმე წუთები გამოვიარე, მაგრამ სულ მქონდა იმედი, რომ გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ამ დიდ სიცარიელეს შემივსებდა. ამჯამად მარტყოფში ვცხოვრობ. 40 წელია აქაურობას ვალამაზებ და ვარემონტებ. მეგობრები ამბობენ, რომ აქ ნამდვილი სამოთხეა. ეზოში ჩანჩქერი და აუზი მაქვს. ჩემი სახლი ქალაქიდან 20 წუთის სავალზეა და აქ რომ მოხვდები, თითქოს, სხვა სამყაროში ხარ. ეს ყველაფერი რომ არ მქონოდა, ჩემს ცხოვრებას ალბათ, ფასი არ ექნებოდა....წაიკითხეთ სრულად