100-ზე მეტი ადამიანი აპირებს, რომ რეპერ შონ დიდი კომბსის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის, გაუპატიურებისა და სექსუალური ექსპლუატაციის გამო სარჩელი შეიტანოს - BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ამერიკელი ადვოკატი, ტონი ბუზბი აცხადებს.
"ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზე მუშაობასაც აქტიურად გავაგრძელებთ," - განაცხადა ბუზბიმ ჟურნალისტებთან.
ერიკა ვოლფმა, რომელიც შონ კომბსის მხარეს წარმოადგენს, აღნიშნა, რომ რეპერი "მტკიცედ და კატეგორიულად" უარყოფს ბრალდებებს და მათ "ცრუ და ცილისმწამებლურს" უწოდებს.
თავის მხრივ, ერიკა ვოლფმა BBC-სთან აღნიშნა, რომ შონ კომბსი "მზად არის დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და თავი გაიმართლოს სასამართლოში, სადაც სიმართლე მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგინდება და არა ვარაუდებით“.
შონ კომბსი 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება რეკეტსა და სექს ტრეფიკინგში. ამჟამად ის იზოლატორში იმყოფება.
ტონი ბუზბის თქმით, ბრალმდებელ მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 120-ია, მათი ნახევარი მამაკაცები არიან, ხოლო ნახევარი ქალები. ბუზბიმ ასევე აღნიშნა, რომ მსხვერპლთაგან 25 არასრულწლოვანია. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა შონ კომბსს ბავშვების სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
მისი თქმით, ბრალდებები 1991 წლიდან 2024 წლამდე პერიოდს მოიცავს. დანაშაულები კი ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკსა და მაიამიში მოხდა. ყველაზე მეტი შემთხვევა 2015 წლის შემდეგ დაფიქსირდა.
უმეტესობა ამტკიცებს, რომ მათზე სექსუალური ძალადობა კომბსის მიერ მოწყობილი ე.წ. თეთრი წვეულებების მეორე ნაწილის დროს ხდებოდა. ბუზბიმ აღნიშნა, რომ წვეულებები ალბომის გამოშვების აღსანიშნავად, ახალი წლის ღამეს ან ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს ტარდებოდა.
"ხშირად, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, რომლებიც მუსიკალურ ინდუსტრიაში მოხვედრას ცდილობდნენ, აიძულებდნენ მსგავს ქცევას იმ პირობით, რომ ვარსკვლავად აქცევდნენ, ან კომბსი მათ ჩანაწერს მოუსმენდა", - განაცხადა ბუზბიმ.
"მას რომ ძალაუფლება არ ჰქონოდა, მგონია, რომ ბევრ რამეს მივაღწევდი. შოუბიზნესიდან კომბსის გამო წამოვედი", - ციტირებს მამაკაცის ადვოკატი მის სიტყვებს.
კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც იმ დროს არასრულწლოვანი იყო, ამტკიცებს, რომ კომბსმა უთხრა, ვარსკვლავად აქცევდა, თუმცა მანამდე აუცილებელი იყო, რომ რეპერთან მარტო მისულიყო, მშობლების გარეშე. კერძო ადგილას შესვლის შემდეგ, მისი ადვოკატის განცხადებით, კომბსმა მას სთხოვა, ორალური სექსით დაკავებულიყო მასთან.
ბუზბიმ ასევე განაცხადა შემთხვევის შესახებ, როდესაც 15 წლის გოგონა ნიუ-იორკში კომბსის წვეულებაზე მივიდა და შემდეგ მასზე და სხვებზე სექსუალურად იძალადეს.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ მსხვერპლთა ნაწილი, სავარაუდოდ. "ნარკოტიკებით გაჟღენთილ" სასმელებს იღებდა სექსუალურ ძალადობამდე.
"გართობის ინდუსტრიის ყველაზე დიდი საიდუმლო საბოლოოდ გაიხსნა, სიჩუმის კედელი ახლა გატეხილია", - განაცხადა ბუზბიმ.
მან დასძინა, რომ ეს არ არის კოლექტიური სარჩელი, და თითოეული მსხვერპლის საქმე ცალკე იქნება წარმოდგენილი.
ენდრიუ ვან არსდეილმა, AVA-ის იურიდიული ჯგუფის ადვოკატმა, რომელიც ბუზბისთან ერთად მუშაობს, განაცხადა, რომ მისმა ფირმამ 3 000-ზე მეტი ზარი მიიღო ადამიანებისგან, რომლებიც რეპერს ძალადობაში ადანაშაულებენ.
წაიკითხეთ ასევე: