ავტორი:

რაკეტების წვიმა, საგანგებო თათბირი მიწისქვეშა ბუნკერიდან... - ისრაელი დიდი პასუხისთვის ემზადება: რას ჰყვება იქ მყოფი ქართველი და როგორია ბოლო საათების ქრონოლოგია (ვიდეო)

რაკეტების წვიმა, საგანგებო თათბირი მიწისქვეშა ბუნკერიდან... - ისრაელი დიდი პასუხისთვის ემზადება: რას ჰყვება იქ მყოფი ქართველი და როგორია ბოლო საათების ქრონოლოგია (ვიდეო)

ირანმა ისრაელისკენ დაახლოებით 181 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ქვეყნის მასშტაბით 1800 სარაკეტო განგაშის სიგნალი დაფიქსირდა. ისრაელის მედიის ცნობით, დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ იერიხოში რაკეტების ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად პალესტინელი მუშა დაიღუპა. სხვა გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის.

Magen David Adom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ელი ბინმა განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმისას პირდაპირი დარტყმა მოხდა ერთ-ერთ შენობაზე, ჩრდილოეთ თელ-ავივში. ამ დროის მონაცემებით, ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად 3 ადამიანია დაშავებული.

  • ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელზე ირანის თავდასხმას "შედეგები მოჰყვება“.

"უფრო ფხიზლად ვართ თავდაცვაში და თავდასხმაში, დავიცავთ ისრაელის მოქალაქეებს. ამ [სარაკეტო] თავდასხმას შედეგები მოყვება. გვაქვს გეგმები და ვიმოქმედებთ იმ დროსა და ადგილში, რომელსაც ჩვენ შევარჩევთ“, - განაცხადა ჰაგარიმ.

მოქალაქეები თავშესაფარში მიდიან

მან აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ისრაელის მიმართ ირანის მხრიდან დამატებითი საფრთხეები არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სარაკეტო თავდასხმა დასრულდა.

"თავდაცვის დროს საკმაოდ ბევრი [რაკეტა] ჩამოვაგდეთ. რამდენიმე ჩამოვარდა ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში… ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ვახდენთ [თავდასხმის] შეფასებას, მსხვერპლის შესახებ არ ვიცით“, - განაცხადა ჰაგარიმ.

სანამ სარაკეტო იერიში დაიწყებოდა, მედიაში არაერთი ინფორმაცია იწერებოდა. ითქვა, რომ ისრაელის პრემიერი საგანგებო თათბირს იერუსალიმში მიწისქვეშა ბუნკერში მართავდა. მოქალაქეებს თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდეს, მატარებლებმა კი ქვეყნის მასშტაბით მუშაობა შეაჩერეს.

სარაკეტო განგაშის ჩართვიდან მალევე, ბენ გურიონის აეროპორტმა გამოაცხადა, რომ ყველა დაშვება და აფრენა შეჩერდა და ყველა თვითმფრინავი, რომლებიც ჰაერში იმყოფებოდნენ და თელ-ავივში უნდა დაფრენილიყვნენ, მოტრიალდნენ და კვიპროსში, ლარნაკას აეროპორტში დაეშვნენ. იორდანიამ და ერაყმა ასევე დაკეტეს საჰაერო სივრცე.

თავად ისრაელის ქალაქებში ვითარება საკმაოდ დრამატული იყო. თითქმის ყველა ქალაქის თავზე რაკეტების წვიმა ფიქსირდებოდა, უწყვეტ რეჟიმში იყო ჩართული განგაშის სიგნალი.

კადრები, რომელიც ისრაელის ქალაქ აშდოდიდან რიკი ხენმა მოგვაწოდა, ქალაქის თავზე ირანული რაკეტების გადავლას აჩვენებს.

"არ მეშინოდა, ჩვენ უკვე შეჩვეულები ვართ. განწყობა უკვე ისე იყო, რომ ვემზადებოდით. ჩაირთო მალევე განგაში, რომელმაც გვაცნობა, რომ შევუსლიყავით თავშესაფრებში. გვაქვს აქ თავშესაფარი, მე ვცხოვრობ 36 სართულიან კორპუსში, პორტის წინ, და პირდაპირ პორტზე არიან გადამტრებულები, ამიტომ შევედით თავშესაფარში და 10 წუთის მერე გამოვედით. 6 ჯერ იყო იყო განგაში და ვირბინეთ, შევდიოდით და გამოვდიოდით. არაფერი არ მომხდარა. ისე არის გაწვრთნილი ხალხი, ბავშვობიდანვე ყველამ იცის, რომ ხარ დაცული სახელმწიფოს მიერ, ეს ბევრს ნიშნავს. არის განცდა, რომ სამშობლო მზადაა დაცვისთვის. შიში და პანიკა არ იყო’’- ამბობს ქართველი ებრაელი რიკი ხენი ჩვენთან საუბარში, რომელიც ისრაელში ხუთი წლის ასაკიდან ცხოვრობს.

სარაკეტო იერიშის შემდეგ, ირანის რევოლუციურმა გვარდიამ მალევე განაცხადა, რომ თავდასხმა ნასრალას მკვლელობის საპასუხოდ იყო. ამასთან, მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხომენეი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, არის შიშები, რომ ისრაელი საპასუხო დარტყმას მიაყენებს.

ირანმა ბოლოს ისრაელს აპრილში შეუტია, მაგრამ მისი რაკეტები ჩაიჭრა და განადგურდა ხუთი არმიის ერთიანი მოქმედებით: ისრაელი, აშშ, საფრანგეთი, იორდანია და დიდი ბრიტანეთი. ვარაუდობენ, რომ დღევანდელი თავდასხმა უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე 120 ბალისტიკური რაკეტა, 170 დრონი და ათობით საკრუიზო რაკეტა, რომლებიც ირანმა ისრაელზე აპრილში გაუშვა.

ისრაელის სამმა ოფიციალურმა პირმა უკვე თქვა, რომ დღევანდელი თავდასხმა მოიცავს უპილოტო საფრენ აპარატებსა და რაკეტებს, რომლებიც გაისროლეს თელ-ავივის ჩრდილოეთით მდებარე სამი სამხედრო საჰაერო ბაზისა და დაზვერვის შტაბის მიმართულებით.

ისრაელსა და ირანს შორის მეორე პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება ხდება მას შემდეგ, რაც IDF-მა გასულ კვირას დაბომბა ჰეზბოლას სამიზნეები ლიბანში და გაანადგურა ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა. ისრაელი დიდი პასუხისთვის ემზადება.

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე

  • ნახეთ ვიდეოკადრები ისრაელიდან