მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. შესაბამისი ცერემონია ალიანსის შტაბ-ბინაში გაიმართა. მას საკმაოდ რთულ დროს, უდიდესი გეოპოლიტიკური პროცესების პირობებში უწევს ალიანსის ხელმძღვანელობა.
"მე სამი პრიორიტეტული საკითხის მიმართულებით ვიმუშავებ. პირველი, ეს ძლიერი ნატო-ს შენარჩუნებაა და იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენი თავდაცვა ეფექტიანი და საიმედო დარჩეს. მეორე პრიორიტეტი უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და მისი ნატო-სთან დაახლოებაა, რადგან ძლიერი და დამოუკიდებელი უკრაინის გარეშე ევროპაში ხანგრძლივი უსაფრთხოება ვერ იქნება. მესამე პრიორიტეტი პარტნიორობის გაძლიერებაა, ჩვენს განსაკუთრებულ პარტნიორთან, ევროკავშირთან და მსოფლიოს ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენს ინტერესებსა და ღირებულებებს იზიარებენ", - განაცხადა მარკ რუტემ.
როგორც მოგეხსენებათ, მან ამ პოსტზე იენს სტოლტენბერგი ჩაანაცვლა, რომელიც NATO-ს გენერალური მდივანი გასული 10 წლის განმავლობაში იყო.
"ამ ისტორიულ დღეს ჩვენ ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ვემშვიდობებით და ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს მივესალმებით", - ვკითხულობთ ნატო-ს ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში.
როგორც ამბობობენ, რუტე, მრავალი თვალსაზრისით, იენს სტოლტენბერგის გაგრძელებაა - სამხედრო ალიანსის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გენერალური მდივნისა... ის გამოცდილია (ნიდერლანდის პრემიერი იყო 14 წლის განმავლობაში!). ის მოსწონთ ალიანსის დიდ მოთამაშეებს, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები. არაერთხელ დაამტკიცა, რომ კარგად შეუძლია კომპრომისების გამონახვა, სტოლტენბერგის მსგავსად, ასევე ძალიან კარგად ეწყობა უკრაინის ხელმძღვანელობას და არის ერთ-ერთი იშვიათი დასავლელი პოლიტიკოსი, რომელსაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პატივს სცემს. "როგორც ჩანს, ნატო უსაფრთხო ხელში იქნება", - დაასკვნის რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი.
ის ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ, ალიანსის უმაღლესმა პოლიტიკურმა ორგანომ, ჯერ კიდევ ა.წ. 26 ივნისს დაამტკიცა ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე.
მარკ რუტე 1967 წლის 14 თებერვალს, ჰააგაში დაიბადა. ის მრავალშვილიანი ოჯახის მე-7 შვილია. ბავშვობაში პიანისტობაზე ოცნებობდა. დაამთავრა ლეიდენის უნივერსიტეტი, სადაც ისტორიას სწავლობდა. პარალელურად შევიდა "სახალხო პარტიის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში. სწავლის დასრულების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მან კომპანია "უნილევერში" მუშაობა შეუთავსა პარტიულ საქმიანობას. შემდეგ კი მისი პოლიტიკური კარიერის აღმასვლა დაიწყო:
2002-2004 წლებში იყო ნიდერლანდების სახელმწიფო მდივანი შრომისა და სოციალური დაცვის საკითხებში, 2004-2006 წლებში - სახელმწიფო მდივანი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში. 2010 – 2024 წლებში იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მსოფლიო მედია წერს, რომ მისი ამ პოსტზე ხანგრძლივად ყოფნის მიზეზი ძირითდად იყო ის, რომ ის კარგი კრიზის მენეჯერია და სკანდალების მომენტალურად აღმოფხვრა შეუძლია.
დანარჩენად ნიდერლანდური მედია მასზე წერდა, რომ ის არის "მოსაწყენად ნორმლური, ძველმოდური ჰოლანდიელი".
ცნობილი იყო იმით, რომ პრემიერობის დროსაც ოფისში ველოსპედით დადიოდა, ხშირად ეცვა ჩვეულებრივი ტანსაცმელი. ჰყავდა 20 წლის "სააბი", რომელსაც ჰააგაში, თავისი მოკრძალებული ბინის სიახლოვეს აჩერებდა.
ნაცნობების ცნობით, პირად ცხოვრებაში კარგ იუმორს ავლენს, მაგრამ პროცესის უწყვეტობის მომხრეა - ყოველთვის დადის ერთსა და იმავე სასტუმროებსა და რესტორნებში, უკვეთავს ერთსა და იმავე კერძებს.
არ ჰყავს მეუღლე და შვილები.
იმედი გვაქვს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნდება, - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა და იმჟამად ნატო-ს მომავალმა გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე განცხადა.
მისი თქმით, ის ღელავდა საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ.
“შეიძლება აქ მოკლედ [განვიხილოთ საქართველოს საკითხი], მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვღელავთ ევროკავშირზე, ვღელავ საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე ბოლო დროის გადაწყვეტილებების გამო. მოკლედ ვესაუბრე [საქართველოს] პრეზიდენტს, ვფიქრობ, ის შესანიშნავი ლიდერია, მაგრამ მან ვერ შეძლო, ვეტო პარლამენტის მიერ დაძლეულ იქნა, სამწუხაროდ.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ველით მას [საქართველოს] და იმედი გვაქვს, რომ საქართველო ევროკავშირისკენ გზაზე დაბრუნდება", - განაცხადა რუტემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას უნდა ველოდოთ ევროკავშირისგან, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლოდინი პირველ რიგში არის საქართველოს მთავრობისგან.
“პირველ რიგში საქართველოსგან უნდა ველოდოთ, მთავრობისგან, ეს ახლა თქვენზეა დამოკიდებული”, - დასძინა რუტემ.
სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე კი რუტემ უპასუხა: “ვნახავთ, ვნახავთ, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ თქვენ, საქართველო, დაბრუნდებით ევროკავშირის გზაზე”.