"განათლება, სპორტი, ჩვენი უფლებები", - ეს წლევანდელი პარიზის ოლიმპიადის ერთ-ერთი მონაწილის, კიმია იუსოფის სიტყვებია, რომელმაც ფინიშთან მისულმა, ავღანეთის დროშის ფერებში ქაღალდზე დაწერა და მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააგებინა, რომ ავღანელ ქალებს აქვთ უფლებები, რომლებზეც ოცნებობენ და რომლებიც სინამდვილეში საოცნებო სულაც არ არის.
იუსოფის, წლევანდელ ოლიმპიურ თამაშებზე 100-მეტრიან დისტანციაზე სირბილში გამარჯვებამდე 2 წამი დააკლდა. თუმცა მან ეს მომენტი თავისი სათქმელის გახმოვანებისთვის გამოიყენა.
"მე მაქვს გზავნილი ავღანელი გოგონებისთვის - თქვა მან. არ დანებდეთ, არ მისცეთ უფლება სხვამ გადაწყვიტოს თქვენს მაგივრად. უბრალოდ, მოძებნეთ და შემდეგ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა”, - მოუწოდა მან თანამემამულეებს.
თალიბანის წინა მმართველობის დროს ირანში გადახვეწილი მშობლების ოჯახში დაბადებული კიმია იუსოფი სამშობლოს 2016 წელს დაუბრუნდა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე წარსადგენად. სპრინტერი ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისი ქვეყნის ნაკრების მედროშეც იყო. თუმცა, 2021 წელს, როცა თალიბანმა ძალაუფლება დაიბრუნა, იუსოფიმ ავღანეთი დატოვა... ის ახლა ავსტრალიაში ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ავღანეთის ოლიმპიური კომიტეტიც ქვეყნის გარეთ მუშაობს, თალიბანის წარმომადგენლებს კი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) პარიზში ოლიმპიურ თამაშებზე ჩასვლა აუკრძალა.
კიმია ერთ-ერთია იმ ქალთაგან, რომლებიც ქვეყანაში თალიბანის დაბრუნებას ხმამაღლა აპროტესტებს და რომელიც გმობს ყველა შეზღუდვას, რომელიც მმართველობამ 2021 წლის შემდეგ, ქვეყნის სადავეების ხელში ჩაგდების შემდეგ დააბრუნა.
აკრძალვებს შორის ერთ-ერთი უკანასკნელია ქალებისთვის საზოგადოებაში ლაპარაკის აკრძალვა. ასევე სახის გამოჩენა.
შესაბამისი კანონი 21 აგვისტოს, ავღანეთის სათნოების გავრცელებისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრომ გამოსცა. ეს აკრძალვა შეტანილი იყო მანკიერებისა და სათნოების კანონების პირველ ოფიციალურ დეკლარაციაში, რომელიც მოიცავდა ყოველდღიური ცხოვრების ისეთ ასპექტებს, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუსიკა, გაპარსვა და არდადეგები. დოკუმენტი 114 გვერდისა და 35 სტატიისგან შედგება.
ხელისუფლებაში მოსვლიდან 3 წლის თავზე, თალიბანმა ქვეყანაში მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების შემოღება დაიწყო, მათ შორის მოქალაქეების გამოჩენასთან დაკავშირებით. მაგალითად, ქვეყანაში ყველა ქალს მოეთხოვებოდა ჰიჯაბის ან ნებისმიერი სხვა სამოსის ტარება, რომელიც მთლიანად მალავს ქალის სხეულს.
გარდა ამისა, 2023 წლის ივლისში ავღანეთმა აკრძალა სილამაზის სალონები, რომლებიც ქვეყანაში 2001 წელს თალიბანის დამხობის შემდეგ გამოჩნდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, სილამაზის სალონების აკრძალვა შემოღებულ იქნა იმის გამო, რომ მათი მომსახურების ფასები ძალიან მაღალია და ასევე იმიტომ, რომ წარბების კორექცია შარიათის კანონებს ეწინააღმდეგება.
ქვეყანა, რომელსაც სურს თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროს ცხოვრებაში მონაწილეობა, მაგრამ წლიდან წლამდე, ყველა არსებული რეიტინგის უკანასკნელ პოზიციებზე, ან ანტირეიტინგის სათავეში იმყოფება.
მაგალითად, უკვე წლებია, ავღანეთი ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგის ბოლო ნიშნულზეა, ხოლო ყველაზე ღარიბ ქვეყნებში ის მეორე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება მშპ-ს მაჩვენებელს, worldeconomics.com -ის მონაცემებით, ავღანეთის მშპ და მოსახლეობის მონაცემები განთავსებულია E კატეგორიაში, რაც აღნიშნულ რეიტინგში ყველაზე დაბალ კატეგორიას წარმოადგენს.
ასევე E კატეგროიით არის შეფასებული ავღანეთის მმართველობის ინდექსიც, რაც იმას ნიშნავს, რომ თალიბანი არასანდოა და შესაძლოა, ის უხეშად იყოს ჩარეული ქვეყნის ეკონომიკური და დემოგრაფიული მონაცემების წარმოებაში.
უკანასკნელი ინფორმაციით, ევროპის რამდენიმე ქვეყანა ავღანეთში საელჩოს ხელახალ გახსნას განიხილავს, რაც "თალიბანის“ მთავრობის დიპლომატიურ აღიარებას ნიშნავს. ამის შესახებ გავლენიანი Bloomberg-ი წერს.
მაგალითად, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ უკვე დაადასტურა, რომ ქვეყნის ელჩი ავღანეთში ჩავიდა.
ამჟამად ავღანეთში არცერთი ევროპული საელჩო არ ფუნქციონირებს, თუმცა მუშაობას აგრძელებს ევროკავშირის წარმომადგენლობა. დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ავღანეთი 2021 წელს მას შემდეგ დატოვეს, რაც ქვეყნის მთავრობაში თალიბანი მოვიდა, რის გამოც ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანა და მოსახლეობის საგანგებო ევაკაუცია გახდა საჭირო.
გაეროს უახლესი მოხსენების თანახმად, ქვეყანაში ძალადობის მნიშვნელოვანი ზრდაც ფიქსირდება. უფრო კონკრეტულად, 14 მაისიდან 31 ივლისამდე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ძალადობა იქ 53%-ით არის გაზრდილი.
ეს ფაქტორი კი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ძალადობის ზრდა ეწინააღმდეგება თალიბანის განცხადებებს, თითქოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ ქვეყანაში წესრიგი აღადგინეს.
პესიმისტურია გაეროს უკანასკნელი გაფრთხილებაც, ავღანეთში მზარდი მოსალოდნელი კრიზისის შესახებ.
”დე ფაქტო ხელისუფლება ამძაფრებს ამ კრიზისს პოლიტიკით, რომელიც არასაკმარისად ფოკუსირებულია მისი ხალხის რეალურ საჭიროებებზე და ძირს უთხრის მის ეკონომიკურ პოტენციალს. ავღანელ ქალებს ეშინიათ ამ მჩაგვრელი კანონების, ასეთ პირობებში ცხოვრება ნამდვილად წარმოუდგენელია”, - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთში, როზა ოტუნბაევამ.
მან ასევე აღნიშნა ქალთა განათლების მუდმივი შეზღუდვების შესახებ და განაცხადა, რომ მხოლოდ ავღანელი ბიჭები დადიან სკოლაში და იღებენ განათლებას კურიკულუმის საფუძველზე, რომლის დეტალები მხოლოდ თალიბებმა იციან.
არავინ იცის, როდემდე გაგრძელდება ეს პროცესები ქვეყანაში, რომელიც დაუსრულებელ ბურუსშია გახვეული.
"თუკი არ შეგვიძლია საუბარი, მაშინ რატომ ვცოცხლობთ? ჩვენ ვგავართ მიცვალებულებს, რომლებიც მოძრაობენ“ - აცხადებს ადგილობრივი BBC-ის სპეციალურ პროექტში, სადაც რესპოდენტის იდენტიფიცირება, ბუნებრივია, შეუძლებელია, რადგან მათივე თქმით, სახლიდან გასვლის შემდეგ არ იციან, დაბრუნდებიან თუ არა უკან.
იხილეთ ასევე:
ავტორი: ეკა დარჩიაშვილი