ავტორი:

ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ლიბანში და თავდასხმა სირიაზე - არიან დაღუპულები და დაჭრილები: რა ხდება კონფლიქტის ზონაში?

ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ლიბანში და თავდასხმა სირიაზე - არიან დაღუპულები და დაჭრილები: რა ხდება კონფლიქტის ზონაში?

"ისრაელმა სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას“ ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე წერტილოვანი და შეზღუდული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო", - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება.

  • "პოლიტიკური ეშელონის გადაწყვეტილებით, რამდენიმე საათის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიწყო შეზღუდული, ლოკალიზებული და წერტილოვანი სახმელეთო იერიშები სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას“ ტერორისტული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ზუსტი დაზვერვის საფუძველზე“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

მათი განმარტებით, აღნიშნული სამიზნეები განლაგებულია საზღვრის მახლობლად მდებარე სოფლებში და უშუალო საფრთხეს უქმნის ისრაელელ თემებს ჩრდილოეთ ისრაელში.

"ისრაელის საჰაერო ძალები და თავდაცვის ძალების არტილერია მხარს უჭერენ სახმელეთო ძალებს ამ ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე ზუსტი დარტყმებით“, - აცხადებენ თავდაცვის ძალებში.

მათი განმარტებით, აღნიშნული ოპერაციები დამტკიცდა და განხორციელდა პოლიტიკური ეშელონის გადაწყვეტილების შესაბამისად.

"ოპერაცია "ჩრდილოეთის ისრები“ გაგრძელდება სიტუაციური შეფასების მიხედვით და ღაზასა და სხვა ასპარეზზე ბრძოლის პარალელურად. ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებს ოპერაციას ომის მიზნების მისაღწევად და აკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა ისრაელის მოქალაქეების დასაცავად და ჩრდილოეთ ისრაელის მოქალაქეების სახლებში დასაბრუნებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

  • გარდა ამისა, ლიბანის მასშტაბით ისრაელის საჰაერო ოპერაციასაც აგრძელებს. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად გუშინ 95 ადამიანი დაიღუპა და 172 დაშავდა.

ოფიციალური პირების თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლიბანში 1 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

  • პარალელურად კი, სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა სირიის დედაქალაქ დამასკოზე ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ცხრა დაიჭრა.

"ისრაელელმა მტერმა ოკუპირებული სირიის გოლანის მიმართულებიდან სამხედრო თვითმფრინავებითა და დრონებით საჰაერო აგრესია დაიწყო დამასკოს რამდენიმე პუნქტის წინააღმდეგ. სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ცხრა დაშავდა“, - იუწყება ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო SANA.

მანამდე სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, ისრაელის თავდასხმის შედეგად ტელევიზიის ერთ-ერთი წამყვანი, საფაა აჰმედი დაიღუპა.