ავტორი:

"უკვე მეთოდურად დაიწყეს რუსეთის გათეთრება. ივანიშვილის ცნობილი გამოსვლა გორში, ფაქტობრივად, ამის პირველი ცდა იყო..." - გია ხუხაშვილი

"უკვე მეთოდურად დაიწყეს რუსეთის გათეთრება. ივანიშვილის ცნობილი გამოსვლა გორში, ფაქტობრივად, ამის პირველი ცდა იყო..." - გია ხუხაშვილი

27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 31 წელიწადი შესრულდა. ამ მძიმე თარიღის წინადღეს, 26 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მართალია რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა არ ახსენა, თუმცა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% უკანონოდ ოკუპირებულია, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლასო. მან ასევე მიმართა "ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში" და ბრძანა: "საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს ჩვენ ყოველთვის გულღიად მიგიღებთ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყველა დანგრეული ხიდი ჩვენს ქვეყანაში". ისევ აფხაზეთის ომს დავუბრუნდეთ. ჩვენი მარცხის მიზეზი იყო სწორედ ნდობა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიმართ - გავიხსენოთ, 1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში დადებული შეთანხმების დარღვევამ კრემლის მიერ გაგრის დაკარგვამდე მიგვიყვანა, 1993 წლის 27 ივლისის სოჭის შეთანხმებების დარღვევამ კი სოხუმის დაცემამდე. მიუხედავად იმისა, თუ ბოლო 3 საუკუნის განმავლობაში ყველა ჩვენი ისტორიული ბედუკუღმართობის მთავარი მიზეზი რუსეთია, ჩვენს საზოგადოებაში დღეს კვლავ ლამის სამსჯელოდ იქცეს ქვეყნის საგარეო ვექტორი. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პლიტრასთან" ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს:

- სამწუხაროდ, დღეს მართლაც ეს მოცემულობა გვაქვს, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ საკითხის ასე დასმას აბსოლუტურად დაკარგული ჰქონდა აქტუალურობა. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენმა საზოგადოებამ მშვენივრად იცოდა, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე. რატომ გახდა დღეს ეს საკამათო? - საქმე ის არის, ბოლო წლებში კრემლის პროპაგანდამ, რა თქმა უნდა, შიდა კოლაბორაციონისტული წრეების დახმარებით, პოლიტტექნოლოგიურად იმის მტკიცება კი არ დაიწყო, რომ რუსეთი კარგია, არამედ ვითარების ისე წარმოჩენა, რომ მის ალტერნატივად დასავლეთის განხილვა შეცდომაა, რადგან დასავლეთი თითქოს რუსეთზე უარესია. მთელი ეს კამპანიები გარყვნილების ბუდეზე, ანტიქრისტესა და ათას მსგავს სისულელეზე მეთოდურად მიმდინარეობდა... ეს არის ცნობილი ტექნოლოგია, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იყო კარგად აპრობირებული, როდესაც კომუნისტური რეჟიმი კონკურენციას ვერ უწევდა თავისუფალ სამყაროს იმ ფუნდამენტურ ღირებულებებში, როგორიც არის თავისუფლება და კეთილდღეობა. ამიტომ ყალბ ნარატივს ნერგავდა, რომ საბჭოთა კავშირი იყო მშვიდობისა და სამართლიანობის სივრცე, დანარჩენი სამყარო კი იმპერიალიზმისა და აგრესიის ბუდე. ვიმეორებ, ეს ტექნოლოგიური ხაზი, ეს მატრიცა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არის შექმნილი და საბჭოთა მოქალაქეებს, რომელთაც არც თავისუფლება ჰქონდათ და არც კეთილდღეობა, ამით ურევდნენ ტვინს. დღეს იმავე ტექნოლოგიას იყენებენ, უბრალოდ, ახალი ელემენტები დაამატეს, მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს ფსევდორელიგიური ნარატივი ნაკლებად გამოიყენებოდა, დღეს კი ამან ამ ყველაფერს ახალი შტრიხები შესძინა.

პირველ ეტაპზე სწორედ ამ მეთოდებით გვებრძოდნენ, ამბობდნენ, რუსეთი ცუდია, მაგრამ დასავლეთი ბევრად უარესიაო, მაგრამ ბოლო პერიოდში გამოჩნდა უკვე სხვა ნოტებიც. როგორც ჩანს, მიიჩნიეს, რომ ეს საქმე წარმატებით გააკეთეს და უკვე მეთოდურად დაიწყეს რუსეთის გათეთრება. ბიძინა ივანიშვილის ცნობილი გამოსვლა გორში, ფაქტობრივად, ამის პირველი ცდა იყო. მან ისე გამოიყვანა, რომ ჩვენსავე ტერიტორიაზე ჩვენ ვიყავით აგრესორები, ვმოქმედებდით იმპერიალისტების დაკვეთით, გვინდოდა ოსებისთვის გენოციდის მოწყობა და ახლა ამისთვის ბოდიშიც უნდა მოვიხადოთ, თავზე ნაცარიც წავიყაროთ და ვაღიაროთ, რომ რუსები იყვნენ მშვიდობის დამცველები, რომლებმაც ოსები გენოციდისგან გადაარჩინეს. ამ ყველაფერს სისტემურად რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ პროცესები ლოგიკურად ებმის ყველაფერს - ეს არის კრემლიდან მიღებული ინსტრუქციები იმ ნარატივის, იმ მატრიცის დისტრიბუციისთვის საქართველოში, რაც დიდი ხანია შექმნილია და კარგად არის აპრობირებული სხვაგანაც, მაგალითად, ბელარუსში. ეს სცადეს უკრაინაშიც, მაგრამ არ გამოუვიდათ.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტიანი ეს ყველაფერი?

- სამწუხაროდ, გარკვეულწილად მიზანს აღწევს - საბოლოოდ ხელისუფლებამ ამ ალტერნატივის, რუსეთი თუ დასავლეთი, სიმწვავე კრიტიკულად მნიშვნელოვან ომისა და მშვიდობის თემად აქცია. ხელისუფლება პოზიციონირებს, რომ თვითონ სურს მშვიდობა, ხოლო ყველა მისი ოპონენტი ომის მომხრეა, ოღონდ საინტერესოა, რას გვთავაზობენ ამ მშვიდობის უზრუნველსაყოფად - რუსეთთან ენის მოჩლექითა და ლაქუცით ლაპარაკს, გვაბოლებენ, თუ გაბრაზდა, ეგრევე ომი დაიწყებაო, ასე ცდილობენ საზოგადოების დაშინებას.

  • მოკლედ, დღეს "ქართული ოცნების" ხელისუფლების ხელით რუსეთი ტესტავს ქართველ საზოგადოებას.... თუ ესეც "ვჭამეთ", რომ რუსეთი ანგელოზია და 2008 წელს ჩვენ ვიყავით აგრესორები, ეს იქნება ოკუპანტისთვის პირდაპირი მინიშნება იმისა, რომ რბილი ძალით სავსებით შესაძლებელია დღესვე დაიწყოს საქართველოს რეინტეგრაცია რუსეთის იმპერიაში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ არჩევნები, არამედ საზოგადოების ნების მასშტაბური გამოხატვა. კარგა ხანია ვამბობ, რომ არჩევნებამდე აუცილებელია მასშტაბური, პროდასავლური მანიფესტაციის გამართვა არა იმდენად საარჩევნო მიზნით, არამედ იმიტომ, რომ რუსეთს არ ჰქონდეს ილუზია, ქართველი საზოგადოება ადვილად გადასაყლაპიაო.

- მინდა შევაფასოთ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ ირაკლი კობახიძის გამოსვლა. ბევრი ელოდა, რომ ის ბევრად მწვავე იქნებოდა - ე.წ. გლობალურ ომის პარტიაზე საუბრით გაჯერებული, თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა, მისი სიტყვა საკმაოდ დაბალანსებული იყო. ამასთანავე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ბაიდენთან ვახშამზე მიწვევის გაუქმებაც. ეს რას ემსახურებოდა? ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ეს ოფიციალური ვაშინგტონის არასერიოზული ნაბიჯი იყო.

- თავდაპირველად გეტყვით, რომ კობახიძის გამოსვლების კომენტირებაში აზრს ვერ ვხედავ, არა მგონია, მას ვინმე სერიოზულად უსმენდა - საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო გაგებით "უცხო სხეულად" იქცა. ესენი ხომ მაქციები არიან, იმის თავიც არა აქვთ, რომ ღიად პრორუსები იყვნენ, იქ ილაპარაკებენ იქაურ ენაზე, აქედან მუშტებს დაიქნევენ. ამასაც უხარისხოდ აკეთებენ, სულ ეს არის მაგათი პოლიტიკა. კი იყო გამოსვლა გარკვეული შელამაზებებით, აგრესია არ იგრძნობოდა, რასაც აქ ვისმენთ ხოლმე ტრიბუნიდან, თუმცა მისი გამოსვლა დაემსგავსა ისეთი ოდიოზური პირების გამოსვლას, როგორიც არიან დიქტატორები, ავტორიტარები, ჯერ კიდევ ხრუშჩოვით დაწყებული. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობის ეს დაღმავალი პროცესი შეუქცევადია. ვითარების შემოტრიალება, რასაც ივანიშვილი ვიღაცას ჰპირდება, ილუზიაა. ტრამპი რომც მოვიდეს ხელისუფლებაში, მისი ადმინისტრაცია ამათთან კიდევ უფრო მკაცრი იქნება. საქმე ის არის, ტრამპი აშშ-ის საწინააღმდეგო რიტორიკას არ აიტანს. გააგრძელეთ კითხვა