ავტორი:

"ენგურის ხიდთან მოვედით, რათა ძალიან ხმამაღლა ვთქვათ: რუსეთს, აგრესორს საქართველოს მოქალაქე ბოდიშს არ მოუხდის" - ხაზარაძე

"ენგურის ხიდთან მოვედით, რათა ძალიან ხმამაღლა ვთქვათ: რუსეთს, აგრესორს საქართველოს მოქალაქე ბოდიშს არ მოუხდის" - ხაზარაძე

დღეს, ჩვენ ენგურის ხიდთან მოვედით, რათა ის ტრაგედია გავიხსენოთ, რომელიც 31 წლის წინ მოხდა და რომელმაც ჩვენი ქვეყანა გაყო - ჩვენ აქ მოვედით იმისათვის, რომ თანავუგრძნოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი სიცოცხლე ამ უთანასწორო ბრძოლას შესწირა და ოჯახის წევრი დაკარგა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ენგურის ხიდის მიმდებარედ, სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ენგურის ხიდი უნდა გახდეს იმის სიმბოლო, რომ „ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს ჩვენს აფხაზ, ოს ძმებთან და დებთან ერთად“.

„დღეს, ჩვენ ენგურის ხიდთან მოვედით, რათა ის ტრაგედია გავიხსენოთ, რომელიც 31 წლის წინ მოხდა და რომელმაც ჩვენი ქვეყანა გაყო. ჩვენ აქ მოვედით იმისათვის, რომ თანავუგრძნოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი სიცოცხლე ამ უთანასწორო ბრძოლას შესწირა და ოჯახის წევრი დაკარგა. ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ პატივი ვცეთ იმ გმირებს, რომლებიც უანგაროდ, უკან მოუხედავად ჩაერთო თავისი ქვეყნის სადარაჯოზე ჩვენი მიწა-წყლის დასაცავად და ამ უთანასწორო ბრძოლას სიცოცხლე შესწირა. ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ ვთქვათ ძალიან ხმამაღლა - რუსეთი არის აგრესორი, რუსეთმა ეს ომი გააღვივა და რუსეთს, აგრესორს საქართველოს მოქალაქე ბოდიშს არ მოუხდის. იმიტომ, რომ ყველა ომი, რომელიც საქართველოში დაიწყო არის რუსეთის მიერ პროვოცირებული. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობრივ განცხადებას, როცა ის ოკუპანტს, 2008 წლის ომის გამჩაღებელს ბოდიშს უხდის.

კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვამბობ, ქართველი ხალხი ოკუპანტს ბოდიშს არ მოუხდის. ენგურის ხიდმა გაყო ორი მონათესავე თანამოქალაქე, მეზობელი, ერთი ოჯახები ერთმანეთისაგან, მაგრამ ეს ხიდი ჩვენ უნდა გადავაქციოთ ხიდად, რომელიც გაგვაერთიანებს. ეს ხიდი უნდა გახდეს იმის სიმბოლო, რომ ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს ჩვენს აფხაზ, ოს ძმებთან და დებთან ერთად. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ „ძლიერი საქართველო“ ძალიან კონკრეტული გეგმით დავიწყებთ იმის აშენებას, რასაც ევროპული საქართველო ჰქვია“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.