ავტორი:

"ქართული ოცნების" ლიდერებიდან ვინ და რატომ ვერ მოხვდა სიაში და ვინც მოხვდა, რომელ ადგილზეა?

"ქართული ოცნების" ლიდერებიდან ვინ და რატომ ვერ მოხვდა სიაში და ვინც მოხვდა, რომელ ადგილზეა?

პარტიამ “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პარტიული სია გამოაქვეყნა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, “ქართული ოცნების“ რიგებში, გამარჯვებისთვის 170 კანდიდატი იბრძოლებს. მათგან პირველი ოცეული აქამდეც იყო ცნობილი, მათი წარდგენა საზეიმოდ მოხდა. ამ სიაში ვერ მოხვდა რამდენიმე ცნობილი ლიდერი, მათ შორის: ბექა ოდიშარია და არჩილ თალაკვაძე.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, რომლის თქმითაც, ეს ორი მოქმედი დეპუტატი სიაში არ არის, რადგან მათთან ძალიან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, დღევანდელი უმრავლესობის წევრებიდან სიაში 14-მდე წევრი არ არის.

"საბოლოო ჯამში, დღევანდელი უმრავლესობის წევრებიდან სიაში 14-მდე წევრი არ არის. მათ შორის, ლევან მგალობლიშვილი, რომელიც აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელად აირჩა. სულ ერთი ან ორი ადამიანია ისეთი, რომლებთანაც კონსულტაცია მათივე ნებით აღმასრულებელ რგოლებში ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციებზე არ მიმდინარეობს.

არჩილ თალაკვაძე სიაში არ არის. ყველამ იცით, რომ არჩილ თალაკვაძე ჩვენი ერთგული თანამებრძოლია. არჩილ თალაკვაძესთან მიმდინარეობს ძალიან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები, რისი თქმის უფლება ჯერჯერობით, სანამ ეს შეთანხმება არ მოხდება, ბუნებრივია არ მაქვს. ასევე, არიან სხვა ადამიანებიც. მაგალითად: ბექა ოდიშარიასთან ასეთი კონსულტაციები კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ასევე, ხატია წილოსანი, რომლის სურვილიც იყო და პრემიერის შეთავაზებაც - ერთ-ერთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე, დიპლომატიურ სამსახურში.

ელგუჯა გოცირიძემ თვითონ თქვა, რომ ურჩევნია ისევ ბიზნესში დაბრუნდეს, რადგან პარლამენტარობის გამო ჩართული ვერ იყო, ხოლო სხვებთან დანარჩენებთან, აბსოლუტურად, ყველასთან ძალიან სერიოზული კონსულტაციები კონკრეტული მიმართულებით აღმასრულებელ სფეროში მიმდინარეობს“, - განაცხადა მდინარაძემ.

სიაში ასევე არ არის მოქმედი დეპუტატი ბექა დავითულიანი.

აღსანიშნავია, რომ სიაში კვლავ არის ბიზნესმენი გოჩა ენუქიძე, რომელიც 28-ე ნომერია. ის 4 მოწვევის დეპუტატია.

სიაშია "ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, მოქმედი დეპუტატის ფრიდონ ინჯიას ვაჟი ილია ინჯია, ის სიაში 30-ეა.

სიაში 37-ე ნომრად არის კიდევ ერთი მოქმედი დეპუტატი და ბიზნესმენი ანტონ ობოლაშვილი.

ცნობილი ლიდერებიდან სიაში 61-ე ნომერია ნინო წილოსანი, 62-ე რატი იონათამიშვილი, 63-ე დავით მათიკაშვილი, 72-ე ირაკლი ზარქუა.