ავტორი:

რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია, რაკეტები გაუშვეს უკრაინის სხვა ქალაქებშიც, არის მსხვერპლი - ღამის ქრონიკა ცხელი წერტილიდან

რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია, რაკეტები გაუშვეს უკრაინის სხვა ქალაქებშიც, არის მსხვერპლი - ღამის ქრონიკა ცხელი წერტილიდან

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ღამით უკრაინას დრონებით შეუტიეს. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალები დედაქალაქსა და მის შემოგარენში მუშაობდნენ. კიევში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა.

საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში გაზის მილის ჰერმენტულობა დაირღვა და ადგილზე “კიევგაზის“ წარმომადგენლები იმყოფებიან.

ამასთან, დაზიანდა 20-მდე ავტომობილი. ნამსხვრევები ჩამოვარდა საბავშვო ბაღის ტერიტორიაზეც. ინფორმაცია დაღუპულების, ან დაშავებულების შესახებ, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

საჰაერო ძალებმა დაადასტურეს, რომ რუსეთმა ხმელნიცკის რეგიონის მიმართულებით “კინჟალის“ ტიპის რამდენიმე რაკეტა გაუშვა.

სუმის რეგიონს ბელგოროდის რეგიონიდან გაშვებული გაურკვეველი ტიპის ორი რაკეტა დაესხა თავს. შავი ზღვიდან ოდესის რეგიონში ოთხი Kh-59/69 რაკეტა გაუშვეს. რუსმა სამხედროებმა ასევე გაუშვეს 78 “შაჰედი“, რომელთაგან 66 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

ოდესის რეგიონში სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა ქალი, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და მანქანები.

ზაპოროჟიეში დაშავდა რვა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. დაზიანდა 11 კერძო სახლი და ერთი მრავალსართულიანი შენობა. დაზიანდა ინფრასტრუქტურა ივანო-ფრანკოვსკში. ქალაქის ცენტრალური ნაწილი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა.

საჰაერო თავდაცვა მუშაობდა დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ვინიცას, ხმელნიცკის, ივანო-ფრანკოვსკის, სუმის, პოლტავას, ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში.

წყარო