ავტორი:

პრემიერ-მინისტრის მთავარი გზავნილები გაეროს ტრიბუნიდან - რა თქვა კობახიძემ რუსულ ოკუპაციაზე, მსოფლიო კონფლიქტებსა და საქართველოზე, როგორც უსაფრთხო სატრანზიტო გზაზე?

პრემიერ-მინისტრის მთავარი გზავნილები გაეროს ტრიბუნიდან - რა თქვა კობახიძემ რუსულ ოკუპაციაზე, მსოფლიო კონფლიქტებსა და საქართველოზე, როგორც უსაფრთხო სატრანზიტო გზაზე?

“როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, საქართველო აქტიურად უწყობს ხელს გლობალურ მშვიდობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა - “ლიდერები მშვიდობისთვის: გაერთიანებულნი გაეროს წესდებისადმი პატივისცემით, უსაფრთხო მომავლის ძიებაში”.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილის მქონე ქვეყნად იქცა ნატოს მისიებში ერაყსა და ავღანეთში.

“მახარებს აქ, თქვენთან ერთად ყოფნა და მადლობას ვუხდი სლოვენიის პრემიერ-მინისტრს ამ ძალიან დროული დებატების წამოწყებისთვის. 1946 წლის გაერო-ს პირველ სესიაზე დამფუძნებლები მსოფლიოს დაპირდნენ გაერთიანებას გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, საქართველო აქტიურად უწყობს ხელს გლობალურ მშვიდობას. 2-ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ნატოსა და ევროკავშირის მისიებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რითაც სულადობრივად, ერთ-ერთ ყველაზე დიდი წვლილის შემტან ქვეყნად იქცა საქართველო ნატოს მისიებში ერაყსა და ავღანეთში. 32-მა მამაცმა ქართველმა ჯარისკაცმა გაიღო საბოლოო მსხვერპლი ავღანეთში, ხოლო ასობით სხვა დაშავდა თავისუფლებისა და საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში“,- განაცხადა პრემიერმა.

  • კობახიძის თქმით, “გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნიდან თითქმის რვა ათეული წელი გავიდა და მსოფლიო კვლავ იბრძვის მშვიდობის მისაღწევად“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამწუხაროდ, კონფლიქტებით სავსე სამყაროში საერთაშორისო წესრიგი გამუდმებით იმყოფება გამოწვევების წინაშე, რაც მზარდ რისკებს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას.

  • “ვაღიარებთ რა მშვიდობის ფასს, ყველა ძალისხმევას ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი, სამხრეთ კავკასია კონფლიქტის ზონიდან შესაძლებლობათა რეგიონად ვაქციოთ. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და გვჯერა, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველო დგას უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე და მთავრობა მოწოდებულია, ქვეყანა ერის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მართოს.

“საქართველო ინარჩუნებს რეგიონში ინფლაციის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, რაც ცალსახად მიუთითებს მის ეკონომიკურ სტაბილურობაზე“, - როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური გაუმჯობესებისა და სიღარიბის მაჩვენებლების განახევრების მიუხედავად, სიღარიბისა და უთანასწორობის შემდგომი შემცირება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგის ცენტრშია.

“როგორც ცნობილია, ბოლო 2 წელიწადში წარმოიშვა მნიშვნელოვანი გამოწვევები. არაერთი ტესტის მიუხედავად, საქართველომ აჩვენა განსაკუთრებული გამძლეობა ამ ტიპის გარე შოკების მიმართ. 2021 წლიდან მოყოლებული ჩვენი საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა შეადგენს 9.7%-ს. მტკიცე მაკროეკონომიკური საფუძვლების და ფისკალური დისციპლინის წყალობით, სახელმწიფო ვალი შემცირდა 39.3%-მდე, ხოლო ფისკალური დეფიციტი - მხოლოდ 2.5%-მდე. გარდა ამისა, საქართველო ინარჩუნებს რეგიონში ინფლაციის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, რაც ცალსახად მიუთითებს მის ეკონომიკურ სტაბილურობაზე. ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური გაუმჯობესებისა და სიღარიბის მაჩვენებლების განახევრების მიუხედავად, სიღარიბისა და უთანასწორობის შემდგომი შემცირება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგის ცენტრშია. 2023 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დასაქმების მაჩვენებლები, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის ზრდის პარალელურად. ეს პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა 2024 წლის პირველ ნახევარშიც, როცა უმუშევრობის დონემ იკლო რეკორდულ მაჩვენებლამდე და 13.7% შეადგინა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% უკანონოდ ოკუპირებულია, ქვეყანა აგრძელებს წინსვლას. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება თანმიმდევრულად და დაუღალავად შრომობს, რათა საქართველოს ყველა მოქალაქე ამაყობდეს საკუთარი ქვეყნით.

“მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მივმართო ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ჩვენი ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს და ერთ დღეს ჩვენ, ჩვენს შვილებთან ერთად, შევძლოთ ერთად ცხოვრება ბედნიერ, გაერთიანებულ და განვითარებულ საქართველოში. საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს ჩვენ ყოველთვის გულღიად მიგიღებთ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყველა დანგრეული ხიდი ჩვენს ქვეყანაში,"- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით საქართველო უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ზღვაზე გასასვლელის არმქონე 7 ქვეყნის კავშირს დანარჩენ მსოფლიოსთან ქვეყნის ინფრასტრუქტურის მეშვეობით.

“ზღვაზე გასასვლელის, ასევე ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი მტკიცე ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო წარმოადგენს წამყვან მოთამაშეს რეგიონულ და ფართო ევრაზიულ კონტექსტში. ჩვენ ვართ არა მხოლოდ პროდუქციის გაცვლის, არამედ ელექტროენერგიის ტრანზიტის ცენტრი და ბევრად მეტიც. ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით საქართველო უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ზღვაზე გასასვლელის არმქონე 7 ქვეყნის კავშირს დანარჩენ მსოფლიოსთან ჩვენი ინფრასტრუქტურის მეშვეობით.

მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გზით, რომელიც მალე დაიწყება. თუკი შევხედავთ პოლიტიკურ რუკას, დავრწმუნდებით, რომ საქართველო გვთავაზობს ყველაზე უსაფრთხო და სანდო სატრანზიტო მარშრუტს, რომლითაც უზრუნველყოფილია პროდუქციისა და მომსახურების დროული და ეფექტიანი ტრანსპორტირება. ჩვენი მიზანმიმართულება სანდო სატრანზიტო დერეფნის როლის შენარჩუნების და გაფართოების თვალსაზრისით გვაძლევს საშუალებას, მხარში დავუდგეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ევროპაში ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საჭიროებებზე რეაგირებაში. მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციის და გამძლე ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის გზით საქართველოს შეუძლია პროგნოზირებადობის ხარისხის ამაღლება აღმოსვლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობის მხრივ, განსაკუთრებით კი შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა.