„სიბრძნე სიცრუისა“ სულხან-საბა ორბელიანის პირველი ლიტერატურული ნაწარმოებია, რომელიც XVII საუკუნის ბოლოს შეიქმნა, თუმცა იგავ-არაკებში წამოჭრილი იდეები დღემდე აქტუალურია და XXI საუკუნის ადამიანისთვისაც შესაძლოა სახელმძღვანელოდ იქცეს.
ავტორს შექმნილი აქვს 300-ზე მეტი იგავი, სადაც კრიტიკულ და სატირულ ფორმაში აღწერს ადამიანთა ნაკლოვანებებს, მაგრამ ამავდროულად ტოვებს რწმენას, რომ რთულ სიტუაციებში ადამიანს შეუძლია სწორი მორალური გადაწყვეტილებების მიღება.
თვალხილული და უსინათლო
ერთი თვალხილული კაცი მიდიოდა და თან ოცი მარჩილი (ვერცხლის ფული) ჰქონდა. გზაზე ერთი უსინათლო და უწინამძღვრო გლახაკი შემოეყარა, რომელიც ჯოხის ცეცებით მიიკვლევდა გზას.
თვალხილულმა თქვა: ერთი გამოვცადო, ეს ბრმა როგორი კაციაო! წავიდა, განგებ დაეტაკა და დაიყვირა: რად დამეტაკე ბრმას, რომელსაც წინამძღვარიც არ მყავს და დამარეტიანე, ღვთის არ შეგეშინდა, ასე რომ მიყავიო?
ბრმამ უპასუხა: მეც ბრმა ვარ და ჯოხით დავდივარ, შემთხვევით დაგეტაკე, ნუ მაბრალებო!
დასხდენ და დაიწყეს გულითადი საუბარი. თვალხილულმა უთხრა ბრმას:
- თხოვნით ნაშოვნი ოციოდე მარჩილი მაქვს და არ ვიცი, რომელია წმინდა ვეცხლი და რომელი არაო.
ბრმამ უპასუხა:
- ვიდრე თვალი მიჭრიდა, ვეცხლზე ვმუშაობდი და მე ვჭრიდი. მომეცი, ხელით გამოვიცნობ რომელია ყალბი და რომელი ნამდვილიო.
მისცა თვალხილულმა მთელი ფული. ბრმამ ფული სარტყელში გაახვია, გაეპარა და ხნულში ჩაწვა, ეგონა დავემალეო. როცა დაიგვიანა, თვალხილულმა ძახილი დაუწყო:
- სად ხარ, რატომ დაიგვიანეო? - და დაუწყო ვედრება:
- ნუ წამართმევ უსინათლოს, მრავალი ჭირითა და სიმწრით მიშოვნია, ჩემს ცოდვას ნუ დაიდებო!
ბრმას თვალხილული მართლა ბრმა ეგონა, იმალებოდა და ხმას არ იღებდა.
თვალხილულმა ვედრება დაასრულა, აიღო ერთი ქვა და თქვა: ღმერთო, თუ ეს კაცი ფულის წართმევას მიპირებს, ეს ქვა ფეხებზე დაჰკარიო!
ესროლა ქვა ბრმას და ფეხებზე მოარტყა. ბრმა ადგა და სხვაგან დაწვა, ეგონა გავიპარეო.
აიღო თვალხილულმა კიდევ უფრო დიდი ქვა და ღმერთს შეევედრა: მე უსინათლოს, ამდენი ნაწვალები მომპარა და თუ მართალი ვიყო, ეს ქვა ბეჭებზე დაჰკარიო!
სტყორცნა ქვა ბრმას და ბეჭებზე მოარტყა.
ბრმამ ამასაც გაუძლო და ხმა არ გასცა. ისევ გაიპარა და სხვაგან დაწვა.
თვალხილულმა მესამე ქვა აიღო და თქვა: ღმერთო ეს ქვა შუბლზე დაჰკარო.
ბრმამ იფიქრა: ორი ქვა სადაც დანიშნა და დამკრა, თუ მესამეს შუბლში დამკრავს, მოვკვდები და ეს ვეცხლი ვის რა ოხრად დარჩებაო!.. და დაუყივლა:
- ძმაო, რატომ წუხხარ, მინდა კარგად გავარჩიო ფულის ავ-კარგი და მოგცემო.
თვალხილულმა აგინა და უთხრა: - ბოროტი ხარ! ბრმა, თვალხილულს ვერცხლსა მპარავო!
ბროწეულის წვენი
იყო ერთი მებაღე, ღვთისმოსავი და მართალი კაცი. ვინც მასთან მივიდოდა, ხილს მიართმევდა. ერთ ბროწეულს გამოუწურავდა, რაგინდ დიდი ჯამი ყოფილიყო, მისი წვენით აუვსებდა და ასმევდა.
ერთ დღეს მეფე ეწვია სხვისი სამოსით. მებაღემ ვერ იცნო, ხილი მიართვა და ბროწეული გამოუწურა. გაუკვირდა მეფეს ერთის ბროწეულისაგან ამდენი წვენი და თქვა: - თუ ერთ ბროწეულს ამდენი წვენი აქვს, ჩემს მოხელეები ასე ცოტას რატომ მემსახურებიანო? მათ მოვკითხავო!
მეორე დღეს კიდევ მივიდა მეფე და ბროწეული გამოაწურვინა. მცირედი წვენი გამოვიდა. ჰკითხა მებაღეს:
- გუშინ ბევრი წვენი ჰქონდა, ახლა რა დაემართაო?
მებაღემ უთხრა: - ძმაო, ჩვენი მეფე აქამდე გულხსნილი და უხვი კაცი იყო და დიდი გამოსავალი ჰქონდა, ახლა თურე გულში სხვა რამ ზრახვა შესვლია და ამიტომ მოაკლდაო. მეფე მიხვდა, რისი თქმაც უნდოდა მებაღეს და წავიდა.
უკან მიდევნებული ლამპარი
ერთმა სამართლიანმა, მოწყალე და მდიდარმა მეფემ, როცა დაბერდა, შვილს მეფობა უბოძა და უთხრა: - შვილო ჩემო! ჩემს მაგივრად შენ იმეფე, და მე ვიდრე ცოცხალი ვიქნები, ჩემს სალაროს (ხაზინა) ხელს ნუ ახლებ და როცა მოვკვდები, ჩემი სულისათვის გლახაკებს დაურიგეო!
შვილმა მოუსმინა და დაიწყო მეფობა. ისეთი სამართლიანობა და სიკეთე გამოიჩინა, რომ მამის მეფობა ყველას დაავიწყა. დღისით ცხენზე არ ჯდებოდა, ღამით ამხედრდებოდა ხოლმე, წავიდოდა და ლამპარს წინ კი არ გაიმძღვარებდა, უკან მიიდევნებდა. ყველას უკვირდა მისი ამგვარი საქციელი, მაგრამ თქმას ვერავინ აკადრებდა.
ერთ დღეს მამამ შვილის მეფობის ამბავი იკითხა:
- როგორ მეფობსო?
მათ ყოველივე მოახსენეს, შეუქეს შვილის მეფობა, თუმცა არც ღამე სიარულისა და ლამპრის უკან მიდევნების ამბავი დავიწყებიათ.
მამამ თავისთან მოიხმო შვილი და უთხრა:
- შვილო, შენი დიდი ქება მესმის, მაგრამ თუ ღამით სიარული გიყვარს, ლამპრის უკან მიდევნებას მისი წინ წამძღვარება არ გირჩევნიაო?!
შვილმა მოახსენა:
- დღემდე ვერ შემოგკადრე, თორემ ეს საქმე მისთვის ვქენი, რომ ის სჯობს, სალარო სიცოცხლეშივე წინ წაიმძღვარო და გლახაკებს უბოძო, თორემ სიცოცხლის მერე გაცემული, უკან მიდევნებული ლამპარი იქმნებაო. ეამა მეფეს შვილის სიტყვები და ყველაფერი გასცა. დაუმადლა შვილს და თქვა:
- უმჯობესია, ადამიანმა ყოველივე კეთილი საქმე სიცოცხლეში მოიმოქმედოს, და სიკეთის ქმნა დააჩქაროსო.
მთავრი ფოტო გენერირებულია AI-ის მიერ