ავტორი:

სამაგიდო თამაში სტერეოტიპების დასაძლევად -  UNFPA "პალიტრა L-თან" ერთად რეგიონულ ტურს იწყებს

სამაგიდო თამაში სტერეოტიპების დასაძლევად -  UNFPA "პალიტრა L-თან" ერთად რეგიონულ ტურს იწყებს

სტერეოტიპები, რომელიც თანასწორი უფლებებისა და შესაძლებლობების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებაში გვიშლის ხელს - ეს არის მთავარი თემა „პალიტრა L-ისა“ და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის პროექტისა, რომელიც 25-დან 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს სამ რეგიონს მოიცავს და ახალგაზრდების ჩართულობას ითვალისწინებს.

სპეციალურად UNFPA-ს (გაერო-ს მოსახლეობის ფონდი) პროექტისთვის შეიქმნა და დაიბეჭდა სამაგიდო თამაში „პერსონა“, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობასა და დისკუსიის დაწყებას ისეთ თემებზე, როგორიცაა გენდერული სტერეოტიპები, დისკრიმინაციული მიდგომა და ა.შ. თამაში უკვე პოპულარობით სარგებლობს და პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ის დასახული მიზნის მისაღწევად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

პროექტის ფარგლებში სამაგიდო თამაშის პრეზენტაცია შემდეგ ქალაქებშია დაგეგმილი:

  • 25 სექტემბერი, 15:00 ახალციხე, კანტორა 19 (გრიგოლ ხანძთელის #30);
  • 28 სექტემბერი, მარნეული ;
  • 30 სექტემბერი, თელავი, დეკოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ოფისი (ვაჟა-ფშაველას ქ. #3).

ადგილზე მისულ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ თავიანთ გუნდებთან ერთად ითამაშონ „პერსონა“ და მონაწილეობა მიიღონ სახალისო ქვიზებში, რომელთა გამარჯვებულებსაც გამომცემლობა „პალიტრა L-ი” დააჯილდოვებს. თელავში ახალგაზრდებს “პერსონას” სათამაშოდ, ყველასთვის საყვარელი კონტენტ კრეატორი ელენიკო ფოქსიც შეუერთდება.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის პროგრამის მენეჯერის მარიკა ქურდაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სადაც ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა შედარებით დაბალია, პროექტი ახალგაზრდებს სტერეოტიპებთან დაკავშირებულ დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს:

„პერსონა“ არის სამაგიდო თამაში იმ ყველაფერზე, რაც გვაშორებს და გვაახლოებს ერთმანეთთან. ეს ძალიან საინტერესო ინტერაქციული თამაში მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ადამიანები ჩარჩოებს მიღმა დაინახონ, გაიაზრონ ის ბარიერები, რომელთაც სტერეოტიპები (თუნდაც გენდერული) უქმნით გადაწყვეტილების მიღების, ოცნებების ასრულების პროცესში. „პერსონას“ გავლით გვსურს, დავიწყოთ კრიტიკული დისკუსია სტერეოტიპების ირგვლივ და ახალგაზრდებს მივცეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ბარიერებს შეიძლება აწყდებოდნენ ისინი გენდერული სტერეოტიპების გამო“, - განმარტა მარიკა ქურდაძემ.

მისი ინფორმაციით, თამაში, გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით და ევროკავშირის მხარდაჭერით, BG Era Games-მა შექმნა და საქართველოში „პალიტრა L-მა“ გამოსცა. როგორც UNFPA-ს წარმომადგენლის განმარტებით, სამაგიდო თამაში „პერსონა“ ემსახურება კრიტიკული დისკუსიის დაწყებას ისეთი სტერეოტიპების ირგვლივ, როგორიც არის ოჯახში პასუხისმგებლობების თანაბარი გადანაწილება, დეკრეტული შვებულება, რომელზეც ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეთ როგორც დედებს, ასევე მამებს, თანაბარი ანაზღაურება, ძალადობა ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ, ასევე, შეხედულებები, რომლის თანახმად, კაცები მიიჩნევიან ოჯახის მთავარ მარჩენლებად, მათთვის არ არის მიღებული ემოციების იმავე დოზით გამოხატვა, რაც ქალებისთვის, რა არის მთავარი დანიშნულება ქალისთვის, რა არის ოჯახისა და კარიერის ერთმანეთთან შეთავსება, არსებობს თუ არა პროფესიები, რომლებიც უფრო შეთავსებადია ქალებთან და კაცებთან და სხვა:

„ჩვენი გამოცდილებით, ამ საკითხზე დისკუსია მეტ-ნაკლებად უკვე დაწყებულია ახალგაზრდებში, თუმცა ვხედავთ უფრო მეტ საჭიროებას რეგიონებში, სადაც ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა შედარებით პრობლემურია. ჩვენი მიზანია, ადგილზე მივიდეთ ახალგაზრდებთან, წავახალისოთ ისინი, რომ კრიტიკულად დაიწყონ ამ თემებზე ფიქრი. შესაბამისად, სამაგიდო თამაში წარმოადგენს იმ მედიუმს, რომლის წყალობითაც ჩვენ შევძლებთ, რომ ასეთ კრიტიკულ თემებზე ხმამაღლა ვისაუბროთ და იმედი გვაქვს, რომ ამ ფორმით იმ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების დახმარებას შევძლებთ, სადაც პროგრესი შედარებით ნელა მიმდინარეობს და ამ გზით უფრო ჯანსაღი საზოგადოების მშენებლობისკენ წავალთ. ძალიან გვიხარია, რომ „პალიტრა L-ი“ არის ამ იდეის მხარდამჭერი, ჩვენთან ერთად იზიარებს თანასწორობის იდეებს და შესაბამისად, თავისი საქმიანობით ცდილობს, რომ კიდევ უფრო მეტად გახადოს მსგავსი ტიპის ხელსაწყოები, მაგალითად, სამაგიდო თამაში უფრო ხელმისაწვდომი“, - აღნიშნა მარიკა ქურდაძემ.

„პერსონას“ რეგიონული შეხვედრები ნაწილია კამპანიისა „ნუ განასხვავებ, გოგოც და ბიჭიც შენი მომავალია“, რომლის ფარგლებშიც გაეროს მოსახლეობის ფონდი შეახსენებს ყველას, რომ გოგოც და ბიჭიც თანაბრად ღირებული და ძვირფასია თავიანთი ოჯახებისთვის, თემისა და ქვეყნისთვის.

შეხვედრები ტარდება პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით.

აღსანიშნავია, რომ სამაგიდო თამაში „პერსონა“ ნებისმიერი მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე. თამაშის სანახავად მიჰყევით ბმულს.

ღონისძიების შესახებ მეტი დეტალისთვის კი ეწვიეთ ფეისბუქ გვერდს.

R