უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა არ იცის, როგორ შეაჩეროს ომი უკრაინაში.
გამოცემა The New Yorker-თან ინტერვიუში, ზელენსკის დაუსვეს შეკითხვა, რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ საპრეზიდენტო დებატების დროს მოდერატორებმა დონალდ ტრამპს ჰკითხეს, სურდა თუ არა ომში უკრაინის გამარჯვება, მან კი შეკითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემას თავი აარიდა და განაცხადა, რომ სურს, ომი შეწყდეს.
"ტრამპი საარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. ის ამბობს, რომ ომის შეწყვეტა სურს. ჩვენც ეს გვსურს. ეს ფრაზა და სურვილი აერთიანებენ სამყაროს, ყველა იზიარებს მათ, მაგრამ არსებობს კითხვა: ვინ აიღებს თავის თავზე ომის შეჩერების ხარჯებს? ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ მინსკის შეთანხმებებმა რაღაც მომენტში ბრძოლა შეაჩერა, ან გაყინა. მაგრამ ასევე მისცა რუსებს შესაძლებლობა, კიდევ უფრო უკეთ შეიარაღებულიყვნენ და გაეძლიერებინათ თავიანთი ყალბი პრეტენზია ჩვენს ტერიტორიებზე, რომელიც მათ ოკუპირებული აქვთ. ჩემი გრძნობაა, რომ ტრამპმა სინამდვილეში არ იცის, როგორ შეაჩეროს ომი, თუნდაც ფიქრობდეს, რომ ეს იცის. ამ ომში ხშირია, რომ რაც უფრო ღრმად შეხედავ მას, მით უფრო ნაკლებად გესმის. მინახავს ბევრი ლიდერი, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ იცოდნენ, როგორ დაემთავრებინათ ეს ხვალ, და რაც უფრო ღრმად ჩაეშვნენ მასში, მიხვდნენ, რომ ეს არც ისე მარტივია”, - აღნიშნა ზელენსკიმ.