ავტორი:

მახათას მთა, გელათი, ფასეულობითი განათლება - "საზოგადოება ივერიისას" პროექტები, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

მახათას მთა, გელათი, ფასეულობითი განათლება - "საზოგადოება ივერიისას" პროექტები, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე ტაძრის მშენებლობაში საზოგადოების გაერთიანებით დაიწყო საქმიანობა „საზოგადოება ივერიისამ“, რომელიც 2010 წელს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტის განხორციელებაშია ჩართული. საზოგადოების საქმიანობის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ეროვნული ფასეულობების წარმოჩენას, გაცნობიერებასა და ფართო საზოგადოებაში მათ კომუნიკაციას.

„საზოგადოება ივერიისას“ გვერდით უდგანან საზოგადოების გამორჩეული ადამიანები. მის საქმიანობაში ჩართულია ქტიტორთა სათათბირო, რომლის წევრებიც არიან: ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, ლია სტურუა, ნინო სუხიშვილი, დავით ლორთქიფანიძე, ზაზა აბაშიძე, ნინო ქაჯაია, გიორგი თევდორაშვილი, ლევან კოღუაშვილი, კოტე ჯანდიერი, რუსუდან ფეტვიაშვილი, ეკა კვაჭანტირაძე, ლაშა თაბუკაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი. საბჭოს ორი წევრი - გურამ დოჩანაშვილი და ანზორ ერქომაიშვილი სამწუხაროდ დღეს ცოცხალი აღარ არის.

მახათას მთის ტაძარი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი

მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე ტაძრის მშენებლობისთვის შემოწირულობა გაიღო 100,000-ზე მეტმა ადამიანმა. საერთო ჯამში კი 2010 - 2022 წლებში შეგროვებულია 26.674.329.50 ლარი, რაც მშენებლობას, საგანმანათლებლო და საინფორმაციო უზრუნველყოფას მოხმარდა.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი 2019 წლის მაისში ამოქმედდა, თუმცა ეს პროექტი მხოლოდ ტაძარს არ მოიცავს. მისი მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება საგანმანათლებლო საქმიანობაა, რომელიც აგრეთვე ითვალისწინებს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობას. აქ უნდა შეიქმნას ეროვნული საგანძურის ცენტრი, რომელიც უშუალოდ მის წარმოჩენასთან ერთად გახდება მისი სამეცნიერო და საკომუნიკაციო ცენტრი.

ამ დროისთვის უკვე შექმნილია ცენტრის არქიტექტურული პროექტი, რომელიც გამოცხადებული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის ფარგლებში პორტუგალიელმა არქიტექტორმა ლუიშ ტავარეს პერეირამ შექმნა. „საზოგადოება ივერიისამ“ სრულად დააფინანსა გამარჯვებული პროექტის კონცეპტუალური დიზაინის შექმნის სამუშაოები.

ახალი ცენტრის დაფინანსებისა და მშენებლობის დაწყების საკითხების საბოლოო გადაწყვეტამდე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან შეთანხმებით, „საზოგადოება ივერიისა“ ჩაერთო ეროვნულ მუზეუმში განთავსებული ეროვნული საგანძურის დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. ის უზრუნველყოფს საგანძურის მოვლა-პატრონობისა და შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირებას მის ხელთ არსებული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.

გელათის რეაბილიტაცია

„საზოგადოება ივერიისა“ ჩართულია გელათის რეაბილიტაციის გრძელვადიან პროცესში. მათი ჩართულობა ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში საქართველოს საპატრიარქოს თხოვნით მოხდა. „საზოგადოება ივერიისას“ მიზანია, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გელათის არსისა და მისი გააზრების მნიშვნელობის შესახებ, ასევე შეიმუშაოს საგანმანათლებლო პროგრამები. ის, ასევე, აფინანსებს ფრანგი არქიტექტორების მონაწილეობით დაწყებულ გელათის ახალ გენერალურ გეგმას, რომელმაც უნდა ასახოს მისი ძირითადი არსი და წარმოადგინოს მისი ფუნქციური განვითარების მიმართულებები.

ხელნაწერების კონსერვაციის ხელშეწყობა

„საზოგადოება ივერიისა“ თანამშრომლობს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან მის კოლექციაში დაცული უნიკალური ხელნაწერი წიგნებისა და დოკუმენტების უკეთ დაცვისა და წარმოჩენის მიზნით. მისი მხარდაჭერით ფინანსდება თანამედროვე სტანდარტის საგამოფენო ვიტრინების დამზადება, რომელშიც ხელნაწერები გამოიფინება. ასევე მზადდება პუბლიკაცია, რომელშიც მაღალპოლიგრაფიულ დონეზე წარმოდგენილი იქნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული 100 საუკეთესო ხელნაწერი.

ფასეულობითი განათლება - საზოგადოებრივი განათლების კურსი

„საზოგადოება ივერიისა“ უკვე მრავალი წელია აქტიურად არის ჩართული ფასეულობითი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და მოსახლეობის ფართო წრეებში ამ ცოდნის გავრცელების საქმეში. სპეციალურად მოწვეული ფილოსოფოსები, ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, თეოლოგები ამუშავებენ კულტურულ და რელიგიურ ფასეულობებთან დაკავშირებულ საკითხებს, სწავლობენ მათ მნიშვნელობას საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებისათვის, როგორც წარსულში ასევე თანამედროვე პირობებში იკვლევენ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების გამაერთიანებელ თუ განმასხვავებელ ნიშნებს. მიღებული და გაანალიზებული ცოდნის საფუძველზე კი შექმნილია სალექციო კურსი, რომელიც 2010 წლიდან დღემდე 5,000-მდე ადამიანმა მოისმინა.

ფასეულობითი განათლება - ქართულ-ბრიტანული სკოლა

„საზოგადოება ივერიისა“ ჩართულია ქართულ-ბრიტანული სკოლის ბაზაზე, მოსწავლეებისთვის ახალი საგნის, „დიალოგების“ საპილოტე პროგრამის მომზადებაში. ის პლატონის დიალოგების ანალოგიით შეიქმნა და ბავშვებს სხვადასხვა კლასში აზროვნების საფუძვლებს ასწავლის.

ჟურნალი „გული გონიერი“

„საზოგადოება ივერიისას“ მხარდაჭერით გამოიცემა საგანმანათლებლო ჟურნალი „გული გონიერი“. ის რამდენიმე წელია გამოიცემა, თუმცა ახლახან განახლდა მისი ფორმატი და თემატიკა. ამჟამად ჟურნალი მსოფლმხედველობრივ და იდენტობის პრობლემატიკაზე კონცენტრირდება.

კულტურული მემკვიდრეობის გააზრება

კულტურული მემკვიდრეობის მოვლა და გააზრება, მისი ემოციური აღქმიდან ინტელექტუალურ გაცნობიერებაში გადაყვანა, საზოგადოებისათვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხია. ამ მიზნით „საზოგადოება ივერიისას“ მხარდაჭერით დაიბეჭდა ორი მნიშვნელოვანი ნაშრომი: „შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“ (შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული კოლექციები) და „აფხაზეთი“ (საქართველოს ეროვნული მუზეუმში დაცული ძეგლების მიხედვით). ნაშრომები ყველასთვის ხელმისაწვდომია, მათი ელექტრონული ვერსიები შეგიძლიათ ნახოთ „საზოგადოება ივერიისას“ ვებგვერდზე, ჩამოტვირთოთ და გაეცნოთ.

„საზოგადოება ივერიისა“ მის მიერ უკვე განხორციელებული თუ მიმდინარე პროექტებით საზოგადოებას საშუალებას აძლევს ქვეყნისა და ერისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეში ჩაერთონ ნებისმიერი ოდენობის თანხის გაღებით.