ავტორი:

რა უნდა იცოდეთ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის შესახებ და რა ბარიერებს აწყდებიან ქალები პროცედურის ჩატარებისას? - ინტერვიუ მეან-გინეკოლოგ გიორგი ცერცვაძესთან

რა უნდა იცოდეთ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის შესახებ და რა ბარიერებს აწყდებიან ქალები პროცედურის ჩატარებისას? - ინტერვიუ მეან-გინეკოლოგ გიორგი ცერცვაძესთან

გასული წლის ოქტომბერში ჯანდაცვის სამინისტრომ ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტასთან დაკავშირებით დააწესა ახალი რეგულაციები, რომლებიც პაციენტსა და სამედიცინო დაწესებულებას დამატებით ვალდებულებებს აკისრებს.

კანონში შესული უკვე მოქმედი ძირითადი ცვლილებებია:

  • სავალდებულო კონსულტაცია სოციალურ მუშაკსა და ფსიქოლოგთან, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყოს ხელმისაწვდომი;
  • მეორე ულტრაბგერითი კვლევის გაკეთების ვალდებულება პირველის ჩატარებიდან 5 დღის შემდეგ;
  • 10 კვირამდე ვადაზე მედიკამენტური აბორტის ჩატარება შესაძლებელი გახდა სტაციონარებში ან მათთან არსებულ ამბულატორიებში. ხოლო იმ ამბულატორიებში, რომელიც სტაციონართან არ არის დაკავშირებული - ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა 7 კვირამდეა დაშვებული.

იქიდან გამომდინარე, რომ ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის პროცედურას, რომელიც ჯანმრთელობის საჭიროებაა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ ითვალისწინებს, ხოლო კერძო დაზღვევა არცერთ შემთხვევაში არ ფარავს, მასზე ფინანსური ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად მცირდება. კანონში შესული ცვლილებები კი ქალებს დამატებითი ფინანსების მოძიების საჭიროებას უქმნის და სერვისის მიღების გეოგრაფიულ არეალს ამცირებს, რამაც სამედიცინო პროცედურაზე ხელმისაწვდომობის კუთხით ახალი ბარიერები წარმოქმნა.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებთანაც. 2022 წელს ჯანმო-ს მიერ გამოქვეყნებულ გაიდლაინში მითითებულია, რომ „არასაჭირო სახელმწიფო ბარიერების მოხსნა ხელს უწყობს უსაფრთხო აბორტზე ხელმისაწვდომობას“. საბოლოო ჯამში, ცვლილებები აძვირებს სერვისს და ზღუდავს გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას, რაც დიდი წნეხია ქალებისთვის.

  • ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის კანონით განსაზღვრული ვადები და ფორმები

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ნებადართულია 12 კვირამდე ვადის ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა, 12-დან 22 კვირამდე აბორტი კი მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით არის დაშვებული.

არსებობს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის შემდეგი ფორმები: ქირურგიული და მედიკამენტური. აღნიშნული სამედიცინო მეთოდების შესახებ ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინით, არასასურველი ორსულობისგან თავის დაცვისა და ოჯახის დაგეგმვის საუკეთესო გზა კონტრაცეფტივის გამოყენებაა. გარდა ამისა, იქ, სადაც აბორტი კანონით არის დაშვებული, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალს ჰქონდეს წვდომა უსაფრთხო აბორტის მაღალი ხარისხის მომსახურებაზე.

საინტერესოა, რა გავლენა მოახდინა საკანონმდებლო ცვლილებებმა ქალების რეპროდუქციულ უფლებებზე; ზოგადად, რა უნდა ვიცოდეთ აბორტის შესახებ და რატომ არის ინფორმირებულობა ერთ-ერთი საუკეთესო იარაღი ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის? - ამის შესახებ დეტალურად მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი გიორგი ცერცვაძე საუბრობს:

- ორსულობის შეწყვეტის რა ფორმები არსებობს, რომელია ყველაზე უსაფრთხო და რა რისკები ახლავს მათ?

სანამ ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტაზე ვისაუბრებთ, ყურადღება გავამახვილოთ ოჯახის დაგეგმვის მნიშვნელობაზე, რომელიც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ნიშნავს, რომ ქალი უნდა დაორსულდეს მაშინ, როცა ამის სურვილი აქვს. მას შეუძლია, ორსულობა დაგეგმოს თავისი ასაკისა და მდგომარეობის მიხედვით, ასევე მშობიარობებს შორის გააკეთოს მისთვის სასურველი შუალედი.

არასასურველი ორსულობა დგება იმის გამო, რომ თავის დაცვის არცერთ მეთოდს არ აქვს 100%-იანი შედეგი ან იმის გამო, რომ ქალები აღნიშნულ მეთოდებს არ ან ვერ მიმართავენ ხოლმე, მათ შორის, ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო.

არსებობს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის 3 მეთოდი: მედიკამენტური აბორტი, რომელიც საქართველოში გასული საუკუნის 90%-იან წლებში გამოჩნდა და ორი ქირურგიული მეთოდი: კიურეტაჟი - კოვზით გამოფხეკა, რომელიც საკმაოდ ტრავმული და მძიმეა, რის გამოც მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას არ უწევს და ვაკუუმ-ასპირაცია, რომელიც არ არის ტრავმული და არ აზიანებს ლორწოვანს.

არ არსებობს ორსულობის შეწყვეტის მეთოდი, რომელსაც შეიძლება გართულება არ ჰქონდეს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მედიკამენტური აბორტის დროს აღნიშნული გართულებები მინიმალურია და როდესაც პაციენტი ინფორმირებულია, დისკომფორტიც მცირდება. იმ შემთხვევაში, თუ არასასურველი ორსულობა დადგა და აბორტი გარდაუვალია, ექიმი კონსულტაციის საფუძველზე შეგირჩევთ აბორტის მეთოდს ორსულობის ვადების, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შეხედულებების გათვალისწინებით.

- რა პროცედურებს მოიცავს ორსულობის შეწყვეტის წინა კონსულტაცია?

ექიმი პაციენტს აცნობს სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ინფორმირებულ თანხმობას, რომელშიც დეტალურად არის მითითებული, რა გართულება შეიძლება მოჰყვეს პროცედურას, როდის უნდა მიმართოს ექიმს და ა.შ.

ახლანდელი კანონმდებლობით აბორტის გაკეთების პროცედურები გართულებულია. პირველი ვიზიტის შემდეგ პაციენტს აუცილებლად უნდა მიეცეს 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადა (ეს რეგულაცია წლების წინ დამტკიცდა), თუმცა ამას ემატება მეორე ულტრაბგერითი გამოკვლევის აუცილებლობა, რომელიც მხოლოდ 5 დღის გამოტოვებით ტარდება, სამედიცინო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და პაციენტისთვის დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე ხელმისაწვდომი იყო ონლაინ კონსულტაციაც, რომელსაც პაციენტი პირველი ვიზიტის ნაცვლად მიმართავდა ხოლმე. ის ექიმს უკავშირდებოდა სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის მეშვეობით და იღებდა საჭირო ინფორმაციას. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კონსულტირების აღნიშნულმა ფორმამ აზრი დაკარგა, რადგან დამატებითი ვალდებულებები გაჩნდა ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის ჩართულობისა და მეორე ულტრაბგერითი გამოკვლევის სახით.

- რა მნიშვნელობა აქვს ქალის ინფორმირებულობას ოჯახის დაგეგმვასა და არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებასთან დაკავშირებით? თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა გამოწვევები არსებობს ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით?

მიუხედავად იმისა, რომ დღეს უფრო მარტივად მიგვიწვდება ინფორმაციაზე ხელი, ამ მხრივ, გამოწვევები მაინც არსებობს. ამასთან, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ არც სკოლებსა და არც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ ხდება ინფორმაციის მიწოდება. მესმის, რომ ჩვენს ქვეყანაში ამის ტრადიცია არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია, რომ დასაწყისისთვის გარკვეული ფორმით მცდელობა მაინც იყოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმირებულობა რომ არსებობდეს, ოჯახის დაგეგმვის პრაქტიკაც უკეთესი იქნებოდა.

კონტრაცეფციასთან დაკავშირებით არსებობს მოსაზრება, რომ დემოგრაფიის გაუმჯობესებას უშლის ხელს, მაშინ როცა მრავალი კვლევა საწინააღმდეგოზე მეტყველებს. 2000, 2005 და 2010 წლებში UNFPA-ს მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევების თანახმად, კონტრაცეფტივის გამოყენების მაჩვენებლის ზრდას, აბორტის რაოდეობის შემცირება და შობადობის მატება დაემთხვა. აქედან გამომდინარე, ოჯახის დაგეგმვის საკითხებზე მეტი ინფორმირებულობა და კონტრაცეფციის საშუალებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა არასასურველი ორსულობების რიცხვის შემცირების საუკეთესო გზაა.

- და ბოლოს, რა რეკომენდაციებს გასცემდით ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებით?

თავდაპირველად მინდა პაციენტებს ვურჩიო, მიმართონ კონტრაცეფციის რომელიმე გზას და ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით ექიმებმაც მაქსიმალურად უნდა გავცეთ რეკომენდაციები.

რაც შეეხება შემთხვევებს, როდესაც ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის საჭიროება დგება, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პაციენტებს მინდა ვთხოვო, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. ყველა ნორმის დაცვით ჩატარებული პროცედურა თავიდან აარიდებთ გართულებებს.

გასათვალისწინებელია, რომ აბორტის პროცედურიდან ორი კვირის მანძილზე აღდგება ოვულაცია და ჩნდება დაორსულების რისკი, ამიტომაც გირჩევთ, ექიმის რეკომენდაციით დაიწყოთ ეფექტური კონტრაცეფციული საშუალებების გამოყენება.