კესარია აბრამიძის მკვლელობის ამბავს პეტრე კოლხი ეხმიანება:
"არ ვარ ჩემ განსაცდელებით სავსე ქვეყანაში. ოკეანის გაღმა ვიმყოფები. წლებია ამერიკასთან შეხვედრას ვგეგმავ. დაეშვა ჩემი ბოინგი და პირველი მესიჯიც მომდის- "კესარია მოკლეს..."
სიკვდილი ყოველთვის განცდებთან არის დაკავშირებული, მაგრამ კიდევ ერთი მკვლელობა, არაადამიანური მოპყრობა და გაუგონარი სისასტიკე-მხოლოდ სიბრაზესთან…
ულამაზესი შემოდგომა დგას ნიუ იორკში, მაგრამ ვერ ვგრძნობ, ვერ ვამჩნევ, ყურში სვეტიცხოველში, ღვთისმშობლის ხატთან მდგარი კესარიას განწირული ბღავილი ჩამესმის… ესპანელ რეჟისორ-პედრო ალმადოვარს რომ შეემჩნია, ოსკაროსან ფილმს გადაიღებდა.წამით მაინც დაფიქრდით, მისთვის რა ტანჯვა და გაუსაძლისი იქნებოდა მთელი ცხოვრება. რამდენი ბარიერის, დაბრკოლების, წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევდა საკუთარ თავთან, ღმერთთან, სამყაროსთან, ადამიანებთან.
რამდენ უარყოფას და დამცირებას შეეჯახებოდა…
მან ამ ყველაფერზე მაღლა დგომა შეძლო, გაღიმებაც და ადამიანებისადმი თანაგრძნობაც მოახერხა. ბევრი გაბოროტდებოდა… ის სიძულვილზე მაღლა დადგა…
ბევრი წერდა, ღმერთმა შეუნდოს მის მიერ არჩეული ცხოვრებაო… მას ეს არ აურჩევია, ის ასეთად დაიბადა… ის ყოველწამიერ გოლგოთას გადიოდა, მაგრამ ამის გამო ღმერთს კი არ უბრაზდებოდა, პირიქით, პატიებას სთხოვდა.
მკვლელს აქებენ, ვაჟკაცი ყოფილხარ, გაურკვეველი ადამიანი რომ მოკალიო”… ჰო, საზოგადოებისთვის მიუღებელი ტრანსგენდერი ქალის მკვლელობა ვაჟკაცობაა და მასთან თანაცხოვრება რა არის ნეტავ?! მამაცი იყო კესარია, იგი დაუპირისპირდა საზოგადოებრივ აზრს, ჩაკეტულ მენტალობას, საბჭოურ გადმონაშთს, მასების დაზომბირებულ ხედვებს. ამას დიდი ძალა სჭირდებოდა, დიდი ნებისყოფა და ენერგია…
მით უფრო, იმ წლებში, როცა ამაზე საუბარს, საკუთარ თავთანაც ვერავინ ბედავდა…კესარიამ არ დამალა, თავისი ნამდვილი სახე და მთელ სამყაროს დაანახა. ის "ვაჟკაცები”, ვინც მასთან დროებით კავშირს ამყარებდნენ, სხვა დროს რუსთაველის პროსპექტზე ჩოხა-ახალუხით იდგნენ და ოჯახის სიწმინდის დღეს პირგამეხებულები იცავდნენ. ასეთ "მამულიშვილებს” ათასი კესარია მირჩევნია.
გული მწყდება, სიშორის გამო ვერ ვახერხებ მის ცხედართან მისვლას… იქ რომ ვიყო, ჩემ შვილებთან ერთად, დღეს კესარიას მშობლების გვერდით ვიდგებოდი!…უფალმა მისცეს შენ მშფოთვარე სულს სიმშვიდე-ადამიანო!" - წერს პეტრე კოლხი.
კესარია დღეს, 22 სექტემბერს, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს