ინტერვიუ მამა ანდრია სარიასთან ჯვრისწერის საიდუმლოზე ჩავწერეთ. რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები რამდენჯერმე იწერენ ჯვარს. ეს თემა თანამედროვე საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები საეკლესიო წესით დაქორწინებას რამდენჯერმე ცდილობენ.
მისი პასუხები არა მხოლოდ რელიგიური თვალსაზრისით, არამედ სულიერი და ზნეობრივი კუთხითაც მნიშვნელოვანია, რადგან ჯვრისწერა მორწმუნეთათვის არა მხოლოდ ფორმალური რიტუალია, არამედ ღრმა, წმინდა და მარადიული კავშირი.
- მამაო, რას ნიშნავს ჯვრისწერის საიდუმლო, რამდენად აუცილებელია დაოჯახებულმა წყვილმა შვილის შეძენამდე ჯვარი დაიწეროს?
- სიტყვა "საიდუმლოს" ბევრი მნიშვნელობა აქვს. როდესაც მაცხოვარი მივიდა კანაში და ქორწილი აკურთხა, პავლე მოციქულმა გაიმეორა უფლის სიტყვები რომელიც ადამზე და ევაზე იყო ნათქვამი, თუმცა ოდნავი დამატებით: “ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც… საიდუმლოჲ ესე დიდ არს
რომის სამართალმა გააფართოვა საიდუმლოს მნიშვნელობა და ორ ადამიანს შორის დადებულ ფიცს ხელშეკრულებას საიდუმლო უწოდა, აქიდან იღებს ქორწინების შეთანხმებაც საიდუმლოს სახელს.
ქორწინების საიდუმლოს აქვს ღრმა მნიშვნელობა, რაც ასახავს ქორწინებულთა ურთიერთობას ღმერთთან. ქორწინებაზე მათე მახარებელი წერს, მათი გადაწყვეტილება ერთად ცხოვრების უკვე საიდუმლოებაა და ღმერთი აერთებს მათ, როგორც ადამსა და ევას.
ქორწინების ცერემონიას ძველ დროში წინ უძღოდა ნიშნობა, რომელიც იყო სამოქალაქო აქტი და სრულდებოდა ადგილობრივი წეს-ჩვეულებებისა და წესების შესაბამისად, რამდენადაც, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელი იყო ქრისტიანებისთვის. ნიშნობა საზეიმოდ ხდებოდა მრავალი მოწმის თანდასწრებით, რომლებმაც დადეს საქორწინო კონტრაქტი. ეს უკანასკნელი იყო ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა მეუღლეთა ქონებრივ-სამართლებრივ ურთიერთობებს. ნიშნობის ცერემონიას ახლდა სიძე-პატარძლის ხელების შეერთების რიტუალი, გარდა ამისა, საქმრო პატარძალს აჩუქებდა ბეჭედს, რომელიც მზადდებოდა რკინის, ვერცხლის ან ოქროსგან - საქმროს სიმდიდრის მიხედვით.
გამოთქმა "დასვი ბეჭედი“ აიხსნება იმით, რომ იმ დღეებში ბეჭედი, უფრო სწორად მასში ჩასმული ქვა მოჩუქურთმებული ემბლემით, იმავდროულად ემსახურებოდა ბეჭედს, რომელიც დალუქავდა მოცემულ საკუთრებას. ქრისტიანები საქორწინო რგოლებზე თევზების, ღუზის, ფრინველების და სხვა ქრისტიანული სიმბოლოების გამოსახულებით ბეჭდავდნენ. საქორწილო ბეჭედს ჩვეულებრივ ირგებდნენ მარცხენა ხელის მეოთხე თითზე. ამას მათი აზრით ჰქონდა საფუძველი ადამიანის სხეულის ანატომიაში: ამ თითის ერთ-ერთი ყველაზე თხელი ნერვი პირდაპირ კავშირშია გულთან, ყოველ შემთხვევაში იმდროინდელი იდეების დონეზე. შეიძლება, ბევრს არ მოეწონოს უფლის სიტყვა, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი თუ უშვილო არ არის წყვილი, აუცილებლად შვილიერება უნდა იყოს, რადგან ნათქვამია: ინაყოფიერეთ და გამრავლდით. თუმცა, სიყვარულისთვის ეს თვითმიზანი არ არის. ქორწინებას ოფიციალური სტატუსი, როგორც საიდუმლო, ეკლესიის მხრიდან ვერონას კრებაზე ეწოდა 1184 წელს.
- სოციალურ ქსელში ხშირად სვამენ კითხვას, მონათლავს თუ არა სასულიერო პირი ჯვარდაუწერელი წყვილის შვილს?
- მონათლავს, რადგან ბავშვი არაფერ შუაშია მშობლების ქორწინება-უქორწინებლობასთან. თუმცა, მცირეწლოვანი სწორედ მშობლების სარწმუნოების შესაბამისად ინათლება და თუ ისინი არ არიან ქრისტიანულად მოტივირებულები, ძნელად წარმოსადგენია, რომ ბავშვის მონათვლაზე იფიქრონ.
- მამაო, რას ნიშნავს ჯვრის აყრა, რა სახის პროცედურაა და რა მიზეზით ხდება ჯვრის აყრა?
- ტერმინი “ჯვრის აყრა” არ არსებობს. ქორწინება ანულირდება და ბათილად ითვლება, როდესაც წყვილს შორის ხდება ღალატი, გაუგებრობა და აქვთ მიზეზი საიმისოდ, რომ ქორწინება გაუქმდეს.
- ხშირად ვხედავთ, რომ განსაკუთრებულად ცნობილი ადამიანები მეორედ, მესამედ იწერენ ჯვარს, თუმცა ალბათ არიან არაცნობილი წყვილებიც, რამდენად გამართლებულია?
- ეკლესიისთვის ყველა ცნობილია, ვინც ქრისტეს მიეახლება, რადგან ჩვენ მიწიერი საზომით არ ვზომავთ ადამიანებს, თუ რამდენი გამომწერი ჰყავს ფეისბუქზე ან რამდენად ხშირად ჩანს ეკრანებზე. ეკლესიას ყველასთვის ერთი მიდგომა აქვს. ეკლესია არ ეთანხმება მეორე და მესამე ქორწინებას, თუმცა ნებას რთავს მხოლოდ ადამიანური სისუსტეების გამო, რადგან უფრო მძიმე ცოდვაში არ იყოს წყვილი და ეს არის საეკლესიო მზრუნველობა მათზე.
დიდი ხნის განმავლობაში ეკლესია არ აკურთხებდა მეორე ქორწინებას. წმ. ბასილი დიდი ძალიან მკაცრი იყო და მისი კანონი ამაზე მეტყველებს, რომელიც შესულია რჯულის კანონში: “სამჯერ და მრავალჯერ დაქორწინებულთა შესახებ იგივე კანონი უნდა დაწესდეს, რაც არის დაწესებული ორჯერ ქორწინებულთა შესახებ, ქორწინებათა რიცხვის შესაბამისად. ერთი წელი თქვეს მეორედ ქორწინებულთა უზიარებელ-ყოფა და ზოგიერთმა - ორი წელი. ხოლო მესამედ ქორწინებულებს სამი წლით და ზოგჯერ ოთხი წლით უზიარებელ-ყოფენ. მას უწოდებენ არა ქორწინებას, არამედ მრავალქორწინებას და უფრო კი სიძვას, რომელიც სასჯელს იმსახურებს. უფალმა ხუთ ნაქმარევ სამარიტელს უთხრა: "რომელიც ახლა გყავს, არ არის შენი ქმარიო" (იოანე 4,18).
აქედან გამომდინარე, სამართლიანი არ არის, რომ მათ, რომლებიც მეორე ქორწინებას გადააცილებენ, ქმრობის ან ცოლობის სახელი ეწოდოს ვისგანმე. ჩვენ კი ჩვეულებრივ და წესად მივიღოთ მესამედ ქორწინებულთა ხუთ წელს უზიარებელ-ყოფა, რაც მოდის არა კანონთაგან, არამედ წინამორბედთაგან მიღებული განწესებიდან და ჩვენი დადგენილებიდან. მაგრამ ისინი მთლიანად არ უნდა გავაძევოთ ეკლესიიდან, არამედ ორ-სამ წელიწადს მსმენელობის ღირსი უნდა გავხადოთ.
ამის შემდეგ ნება უნდა მიეცეთ მათ, დადგნენ ზიარების ღირსთა შორის, მაგრამ საიდუმლოს ზიარებიდან ისევ განყენებულ იქნენ და ამგვარად, როცა აჩვენებენ სინანულის ღირს ნაყოფს, მაშინ მიიღებენ წმინდა ზიარებას.” (მე-4 კანონი)…
თუმცა ეს ძალიან მკაცრი მიდგომაა და იმ საუკუნისთვის შესაბამისი, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, წმიდა ნიკიფორე აღმსარებელმა († 828), კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, დააწესა ორწლიანი სასჯელი მეორე ქორწინებაში შესულებისთვის და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ქმარი ან ცოლი გარდაეცვლებოდა და მერე გადაწყვეტდა ქორწინებას.
ამჟამად, “მიმდევრობა მეორე ქორწინების შესახებ” განსხვავდება ჩვეულებრივი ქორწილისგან ორი მონანიების ლოცვით. გვირგვინებსაც არ ადგამენ წყვილებს, თუ ორივესთვის მეორე ქორწინებაა. მეორე ქორწინების ლოცვა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ პატარძალი და სიძე მეორე (ან მესამე) ქორწინებაში შედიან. თუ რომელიმე მათგანი პირველად დაქორწინდება, ქორწილი ჩვეული რიტუალის მიხედვით აღევლინება.
მღვდლები ხშირად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, როდესაც მათ მიმართავენ მრავალი წლის განმავლობაში დაქორწინებული მეუღლეების ქორწილს. ზოგიერთ ასეთ შემთხვევებს მომჩივანი ჰყავს არა მხოლოდ ზრდასრული შვილების სახით, არამედ შვილიშვილებიც კი. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რა რიტუალით უნდა დავაქორწინოთ ისინი? არც ჩვეულებრივი წოდება და არც მეორე ქორწინების წოდება არ არის შესაფერისი ასეთ დროს. აქ მიზანშეწონილია გამოვიყენოთ კურთხევანიდან “მეუღლეების კურთხევის” წესი, რომლებიც 25 ან 50 წლის თანაცხოვრობდნენ ერთად. იქ არის მოცემული ლოცვა, რომელიც ადაპტირებულია იმ მეუღლეების კურთხევაზე, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ეკლესიის კურთხევის გარეშე.
- როდესაც წყვილიდან ერთ-ერთს გარდაცვლილი ჰყავს მეორე ნახევარი, ამ დროს რა ხდება ხელახლა ქორწინების შემთხვევაში, აუცილებელია ჯვრისწერა?
- აუცილებლად უნდა დაიწერონ ჯვარი. საეკლესიო ქორწინების შედეგად ითვლება ურთიერთობა კანონიერად. მართლმადიდებლური ხედვა ასეთია.
- საქართველოში ბოლო წლებში გახშირდა განქორწინებათა რიცხვი, წყვილებს ხშირად ურჩევენ, რომ ჯერ ერთად იცხოვრონ და შემდეგ მოაწერონ ოფიციალურად ხელი, თუმცა რელიგიურად მიუღებელია ამის გამო ჯვრისწერის გადადება?
- არ ვიცი, ვინ აძლევს მსგავს რჩევებს და საიდან იღებს საფუძველს, მაგრამ ზრდასრული ადამიანები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას თუ რა არის მათთვის უკეთესი. რელიგიურ ადამიანზე თუ ვსაუბრობთ, ქრისტიანმა იცის, რომ ერთმანეთთან საუბრის, დიალოგის, გაცნობის, იდეების შეჯერებისა და გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც შეყვარებულები მიხვდებიან, რომ ერთმანეთს უნდა დაუკავშირონ ცხოვრება, ისინი ჯვრისწერით იწყებენ თანაცხოვრებას. ქრისტიანობა, ცოდვად თვლის ნებისმიერ ხორციელ კავშირს, თუ ამ ურთიერთობას ოჯახი არ ქვია.