ავტორი:

"კესო ამბობდა, ბექას "უტყდება", რომ თავის ოჯახს ჩემზე მოუყვესო... ბექა ჩასახლებული იყო მასთან, ვიდეოც გამომიგზავნა ერთხელ კესომ, ბექა რომ მის სახლში ჭურჭელს რეცხავდა" - რას ჰყვება ინდირა ჯგერნაია

"კესო ამბობდა, ბექას "უტყდება", რომ თავის ოჯახს ჩემზე მოუყვესო... ბექა ჩასახლებული იყო მასთან, ვიდეოც გამომიგზავნა ერთხელ კესომ, ბექა რომ მის სახლში ჭურჭელს რეცხავდა" - რას ჰყვება ინდირა ჯგერნაია

ხვალ, სასტიკად მოკლულ ქალს, კესარია აბრამიძეს დაკრძალავენ. გუშინ, მკლელობისთვის დაკავებული ბექა ჯაიანის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა. მკვლელობაში ბრალდებული, ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა დაკავების შემდეგ დანაშაულის დეტალებზე სამართალდამცველებთან ისაუბრა.

  • გამოძიების ინფორმაციით, წყვილის ურთიერთობა მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე შეწყდა. ხოლო კესარია აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე სოციალურ ქსელში მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოს გასაჯაროების სანაცვლოდ დათანხმდა. გამოძიების ინფორმაციით, ბექა ჯაიანმა ცივი იარაღი, რომლითაც კესარია აბრამიძეს 28 ჭრილობა მიაყენა, მკვლელობამდე სამი საათით ადრე შეიძინა. პროკურატურა ჯაიანს გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.

მოკლულის მეგობრები ამბობენ, რომ წყვილი ხშირად ჩხუბობდა, რადგან ჯაიანი ყველაზე ეჭვიანობდა და კესარია მეგობრებთან მიმოწერასაც კი ვერ ბედავდა, როდესაც ჯაიანთან ერთად იმყოფებოდა.

ინდირა ჯგერნაია კესოს მეგობარი იყო. მომღერალი გვიყვება, რომ ერთხელ კესომ ვიდეო გამოუგზავნა, სადაც ჩანს, რომ მკვლელობისთვის დაკავებული მოკლულის სახლში ჭურჭელს რეცხავს. დეტალებიდან ჩანს, რომ ისინი ბოლო ორი წელი ერთად ცხოვრობდნენ, როგორც ოჯახი.

- ბექა ჯაიანს პირადად არ ვიცნობდი, კესოსგან ვიცოდი მის შესახებ. ძალიან შეზღუდული იყო კესო მის გვერდით, ვერ საუბრობდა ვერაფერზე, როდესაც ეს ბიჭი მასთან იყო სახლში.

- რითი ხსნიდა კესო ამას, არ უჭირდა ასე ცხოვრება?

- ასე ვიდეოს გამომიგზავნიდა და როცა მარტო დარჩებოდა, გადმომირეკავდა ხოლმე (ამ დროს ინდირამ ის ვიდეო გამოგვიგზავნა, სადაც ჩანს, რომ ჯაიანი კესარიას სახლში ჭურჭელს რეცხავს). კესოს ძალიან უნდოდა ოჯახი ჰყოლოდა, უნდოდა ბოლომდე ქალივით ეცხოვრა, უნდოდა ვინმე მის გვერდით ძლიერი ჰყოლოდა. ეს ბიჭი ძალიან ეჭვიანი იყო.

- თქვენთან უთქვამს ოდესმე, რომ მასზე ძალადობდა ბექა ჯაიანი, სცემდა?

- საკმარისი იყო სადმე წასულიყო კესო, სწერდა, აბა, ვოისით ხმამაღლა მითხარი, რომ გიყვარვარ. აბა ვინ გყავს მანდ, ვისთან ერთად ხარ. რაც შეეხება ცემას, ორჯერ მითხრა და საშინელი რეაქცია მქონდა, მას შემდეგ ვგრძნობდი, რომ სცხვენოდა და აღარ მიყვებოდა. ეს ბიჭი პირიქით, არ ანებებდა თავს. ტყუილია, რომ კესო აშანტაჟებდა ან რა შანტაჟი ეგაა, ქალმა ცოლობა თუ მოგთხოვა 2 წლის შემდეგ.

- ინდირა, ფაქტია, რომ კესო ვარსკვლავივით ცხოვრობდა, ყველას ეგონა, რომ მისი საყვარელი მამაკაცი ძალიან მდიდარი იყო...

- არა, კესო გარეთ ბრჭყვიალებდა, უამრავ რამეს არ იმჩნევდა და არ აგრძნობინებდა არავის. ეს ბიჭი პირიქით, კარგად იყო ჩასახლებული კესოსთან და არც მდიდარი ყოფილა. უბრალოდ, კესო ფუთავდა, უყვარდა და ფუთავდა.

- ინდირა, ბოლოს როდის ესაუბრეთ კესარიას ამ ბიჭზე?

- ერთი კვირის უკან გვქონდა მაგაზე საუბარი, არ ისვენებს, არ მანებებს თავსო. კესო გრძნობდა, რომ არ მეხატებოდა ბექა გულზე და ვამბობდი კიდეც, მოაშორე აქედან, რას გადაგვაყოლე ამ კაცს-მეთქი. კაი დაო, საყვარელიაო. სულ ამას იმეორებდა. მის მიმართ ცუდად მას შემდეგ განვეწყე, რაც გავიგე, რომ ფიზიკურად შეეხო.

- ამ მიზეზით, აპრილში საქართველო დატოვა კესომ, ხომ არ იცით, რატომ დაბრუნდა?

- სამუდამოდ ისედაც არ უფიქრია სადმე წასვლა, უბრალოდ, თავისუფლება მოენატრა. მაგრამ მერე ბექაც ენატრებოდა, უკვე ძალიან ტოქსიკურ ურთიერთობაში ამოყო თავი.

- კესოს დედამ და დამ თუ იცოდნენ, რა მდგომარეობაში იყო ის?

- ვინც არ იცოდა, რომ კესოს ხელით შეეხო და იძალადა, ვინმე დაურეკავდა, კესოს მეგობარი და ის ბიჭიც სახლში იყო, იმათ ეუბნებოდა, რომ ძალიან ბედნიერი იყო. სინამდვილეში რაღაც დოზით მართლა იყო ბედნიერი, იმიტომ რომ გიჟივით უყვარდა. ვეუბნებოდი, წერას ხარ-თქო ატანილი. როგორც კესოსგან ვიცი, მათაც იცოდნენ და დედა სერიოზულად გაბრაზდაო.

- ინდირა, დაკავებულმა განაცხადა, რომ კესო მას ცოლად მოყვანას აძალებდა და აშანტაჟებდა...

- თვითონ პირდებოდა, რომ აუცილებლად მოგიყვან ცოლად. შენზე ვგიჟდებიო, მეორე დღეს საზიზღრობებს ეტყოდა. ისიც დაიღალა, ბოლოს და ბოლოს, ცოლად თუ მომიყვან, მომიყვანე, თუ არადა, დამანებე თავიო. იმ დღის მონაწერები აღარ ვიცი. როგორც ჩვენი მეგობრები ამბობენ, დადე ფოტოები, მოვდივარ ცოლობა უნდა გთხოვოო. მეორე ვერსიით, ჩვენს ფოტოებს დავდებ და ამ პირობით გნახავო, მაგრამ ეს წარმოუდგენლად მეჩვენება.

ვეუბნებოდი, რად გინდა მასეთი კაცის ცოლობა, უფრო მოგაქცევს კლანჭებში და დაგაზომბებს, სახლიდან გარეთ გასვლა აღარ მოგინდება-თქო. რისთვის იწვალე ამდენი, სამზარეულოს ქალობა გინდა, მაგ ფრჩხილებით საჭმელი უნდა აკეთო-მეთქი.

- მეგობრები რას ფიქრობთ, წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი მკვლელობა?

- გამოძიებამაც დაადასტურა, რომ განზრახ, წინასწარ და გათვლილად გააკეთა ყველაფერი. ეჭვიანი იყო ავადმყოფურად.

- ინდირა, კესოსგან რა იცი, იმ ბიჭის მხარემ თუ იცოდა მათი ურთიერთობის შესახებ?

- უტყდებაო, ამბობდა, მარტივი ხომ არ არის, კესარიას გვერდით ქართველი ტიპი რომ იჩითებიო. ერთადერთი ის ვიცოდით, რომ ეს ბიჭი უცოლო იყო. მეგობრებს ჩააწერინა ვიდეოები, ბექა, კესოს უყვარხარ. მე რომ მითხრა, ძალიან ვეჩხუბე. ბოლო დროს მტკიცების ფორმაში იყო. მე არ ჩავუწერე ვიდეო. ძალიან არ მინდოდა ეს ბიჭი მისთვის. მეუბნებოდა, შენ რანაირი მორიელი ხარ, ჩემი მტერი ამოიჩემეო. აღმოჩნდა, რომ მართლა მისი მტერი ამოვიჩემე.

- არის თუ არა ეს ჰომოფობიური სარჩულით ჩადენილი დანაშაული?

- კესო ჩემთვის ყოველთვის ქალი იყო. მარტო მასზე არ ძალადობნენ, ქალი რატომ არის დაბალი ღობე ჯერ კიდევ 21-ე საუკუნეში. არ მიყვარს ადამიანების ჩაგვრა და ვერ შევეგუები ამას ვერასოდეს. კესო რომ არ ყოფილიყო ტრანსგენდერი ქალი, ჩვეულებრივ მოიყვანდა ცოლად, მაგრამ ისეთი ეჭვიანი ადამიანი, როგორიც ბექა იყო, იმ სალამაზეს და სითამამეს არ შეარგებდა, მაინც ფატალური შედეგით დასრულდებოდა, ისევე როგორც სხვა მრავალი ქალის ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში.

გარდაცვლილი კესარიას ფოტო რომ ვნახე, იმის მერე ორი ღამეა არ მძინავს, არ ვიცი, დიდხანს გამყვება ეს ტკივილი. ძალიან მენანება, გამიჭირდება კვირას იქ დგომა.

წაიკითხეთ ასევე: