მართალია, მეგალითების თემა ახალი არ არის, თუმცა რაც უფრო ძველდება, მეგალითების საიდუმლოც მით უფრო ღრმავდება. ორად იყოფა იმ მეცნიერების აზრიც, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხზე. ნაწილის აზრით, მეგალითები უკვე გამქრალი ან არამიწიერი ცივილიზაციების აგებულია, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ასეთი გრანდიოზული ნაგებობები პირველყოფილი, მარტივი ტექნიკით აშენდა, თუმცა მშენებლობას განუზომლად დიდი რაოდენობის მუშახელი დასჭირდა. ასეა თუ ისე, ალბათ, კიდევ მრავალი საუკუნე გავა საიდუმლოს ამოხსნის ძიებაში. სამცხე-ჯავახეთში, მკვლევარი კუკური მეტრეველი პრაქტიკულად ერთადერთი ადამიანია, ვინც არა მხოლოდ მეცნიერულად იცნობს მეგალითურ კულტურას, არამედ ათეული წლების განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის ყველა მეგალითი ფეხით მოიარა. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ქართული მეგალითის, აბულის ციხის კედელი, რომელმაც ათასწლეულებს გაუძლო, სამწუხაროდ, სწორედ მის თვალწინ გადაიქცა.
რა საფრთხე ემუქრება ქართულ მეგალითებს? ძალიან ბევრი, მათ დრო ანადგურებთ, მასთან ერთად კი სახელმწიფოს დამოკიდებულება - მეგალითებზე მინიშნებაც არ არის, რომ ისინი ქართული კულტურის ძეგლებია და სახელმწიფო იცავს. ეს აგულიანებს ე.წ. ველურ ტურიზმს, რომელიც მეგალითებს ანადგურებს. გარდა ამისა, მეგალითური ნაგებობები შავი არქეოლოგიის მსხვერპლიც ხდება. მათ შორის ყორღანებიც, რომლებიც ასევე გრანდიოზული ქვებით შენდებოდა დაახლოებით 4-5 ათასი წლის წინ. ბოლო ასეთ მსხვერპლად ახლახან ნიალის ხევის 5-4-ათასწლოვანი ყორღანი იქცა, საიდანაც ვერავინ გაიგებს, შავმა არქეოლოგებმა რა განძი წაიღეს.
- მძიმე სანახავია სამცხე-ჯავახეთის ყორღანების ძარცვა, განსაკუთრებით თუ გავიხსენებთ, რომ ყორღანები დაახლოებით 4-5 ათასი წლისაა და სწორედ მათშია მოპოვებული თრიალეთის ზღაპრული კულტურის ნიმუშები. მაგალითად, თრიალეთის თასები. ხომ შეიძლება მძარცველებს მსგავსი რამ წაეღოთ?
- ყორღანების ძარცვა დაახლოებით გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო, რაც არქეოლოგი ბორის კუფტინი თრიალეთის კულტურის არქეოლოგიურ კვლევას შეუდგა და თითქმის 5000 წლის ცივილიზაციის ნიმუშები აღმოაჩინა. თუმცა შავმა არქეოლოგიამ განსაკუთრებული მასშტაბები ბოლო ათეულ წლებში მიიღო, როდესაც იძარცვება არა მხოლოდ ყორღანები, არამედ სხვა ისტორიული ძეგლებიც. ეს არ მიკვირს, რადგან ჩვენ შავი არქეოლოგებისგან დაცვის კანონები, ფაქტობრივად, არ გაგვაჩნია. არც მეგალითებზე სახელმწიფოს ზრუნვა ჩანს. ჩვენს ვერც ერთ მეგალითზე ვერ ნახავ წარწერას, რომ ეს ნაგებობა საქართველოს ისტორიის საკუთრებაა და სახელმწიფო იცავს. ეს მცირედ მაინც შეაჩერებდა ველური ტურიზმის მოქმედებას, რომელმაც არ იცის, რამხელა ზიანს აყენებს მეგალითებს, როდესაც ქვებს შლის. განა მხოლოდ ტონიანი ქვებით შენდებოდა მეგალითები, მათში კედლებს შორის და მათ გასამაგრებლად უამრავი მომცრო ქვა იყო ჩაყრილი. მრავალი წელია ამაოდ ვთხოვ კულტურის სამინისტროს მეგალითებზე ამკრძალავი ფირნიშების გაკეთებას. ისიც კი ვუთხარი, თუ თქვენ არა გაქვთ საშუალება, ფირნიშებს თავად დავამზადებინებ-მეთქი, მაგრამ მითხრეს, კანონი კრძალავს, თუ ამას გააკეთებ, დაისჯებიო.
- გამაოგნებელია დრონებით გადაღებული მეგალითების ნახვა - გრანდიოზული ლოდების სიმეტრია აჩვენებს, რომ მშენებლები კარგად იცნობდნენ გეომეტრიას ან მათემატიკას. უძველესი ასურული წარწერები გვეუბნება, რომ ამ ადგილებში ცხოვრობდა დიაოხის ტომი, რომლის გამგებლობა დღევანდელ თურქეთის ტერიტორიაზე ვრცელდებოდა.
- მსგავსი მეგალითები თურქეთში მართლაც არის. ისინი თითქმის ყველა კონტინენტზეა და ყველას მშენებლობა სავარაუდოდ ერთ ეპოქაშია წამოწყებული: ქრისტეს დაბადებამდე დაახლოებით 10000 წლის წინ. ზოგი მეცნიერი მათ გადაშენებულ ცივილიზაციებს მიაწერს, თუმცა, ზოგის მტკიცებით მეგალითები პირველყოფილი მარტივი ტექნიკითაა ნაგები, ოღონდაც აურაცხელი მუშახელის ხარჯზე. მე რაც უფრო ბევრი მეგალითი მოვიარე, მით უფრო უამრავი კითხვა დამებადა. გააგრძლეთ კითხვა